Thumbnail

არცთუ იშვიათად, მუსიკის ვარსკვლავები ერთობლივი კომპოზიციის ჩასაწერად იკრიბებიან, რათა საკუთარი ნიჭი საქველმოქმედო თუ სხვა კეთილშობილურ მიზნებს მოახმარონ. როგორც წესი, ასეთი სიმღერები ელვის სისწრაფით ჰიტდება და მსმენელთა მეხსიერებაში ათწლეულების განმავლობაში რჩება.

ჩვენს სტატიაში სწორედ ათ ასეთ ნამუშევარს წარმოგიდგენთ.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Various Artists - Perfect Day

1997 წელს გადაღებულ BBC-ის პრომო ვიდეორგოლში როკის, პოპის, ჯაზისა თუ სხვა მიმდინარეობების ვარსკვლავებმა ლუ რიდის ჰიტი Perfect Day შეასრულეს. საკულტო კოლექტივის, The Velvet Underground-ის ყოფილ ფრონტმენთან ერთად, პროექტში მონაწილეობა ელტონ ჯონმა, დევიდ ბოუიმ, ტომ ჯონსმა, ბონომ და სხვა მუსიკოსებმა მიიღეს.

სინგლმა მნიშვნელოვან კომერციულ წარმატებას მიაღწია, მისი გაყიდვით მიღებული თანხა კი საქველმოქმედო ორგანიზაციას Children in Need გადაერიცხა. თავად ლუ რიდი შედეგით კმაყოფილი დარჩა და კოლეგებისა თუ ორგანიზატორების მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა, რაც მძიმე ხასიათით ცნობილი მუსიკოსის მხრიდან საკმაოდ დიდი იშვიათობა იყო.

9. The Impossible Orchestra - God Only Knows

Perfect Day-ს ჩაწერიდან 17 წლის შემდეგ, BBC-მ პროექტის გამეორება გადაწყვიტა. ამჯერად მათ არჩევანი ლეგენდარული The Beach Boys-ის ჰიტზე God Only Knows შეაჩერეს, სინგლის გაყიდვით მიღებული თანხა კი ისევ ორგანიზაციას Children in Need გადაურიცხეს. 

სიმღერის ჩაწერის პროცესში ჯგუფის ლიდერს, ბრაიან ვილსონს პარტნიორობა სხვადასხვა თაობისა თუ ჟანრის არაერთმა წარმომადგენელმა გაუწია. ორგანიზატორების მიერ The Impossible Orchestra-დ მონათლული ვარსკვლავური ანსამბლის შემადგენლობაში ბრაიან მეი, კაილი მინოუგი, დეივ გროლი, ფარელ უილიამსი, ფლორენს უელჩი და ელტონ ჯონი შედიოდნენ. ეს უკანასკნელი ერთადერთი არტისტია, რომელმაც ორივე პროექტში მიიღო მონაწილეობა.

8. Artists United Against Apartheid - Sun City

სან სითი სამხრეთ აფრიკაში მდებარე კურორტია, სადაც აპართეიდის ეპოქაში მხოლოდ პრივილეგირებულ თეთრკანიანებს უშვებდნენ. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მისი ავტორის, იტალიური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსისა და აქტივისტის, სტივენ ვან ზანდტის მიერ დაარსებული ანტირასისტული მოძრაობის წევრებმა მიიღეს, მათ შორის ბობ დილანმა, ჰერბი ჰენკოკმა, რინგო სთარმა, ლუ რიდმა, პიტერ გებრიელმა, კით რიჩარდსმა, ბონომ, ჯორჯ კლინტონმა, ბრიუს სპრინგსტინმა და ჯოუი რემოუნმა.

ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად, პროექტმა მხოლოდ მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო. წარუმატებლობის მთავარი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ტექსტში შეერთებული შტატების იმდროინდელი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის კრიტიკის გამო, ამერიკული რადიოსადგურების ნაწილმა ჩანაწერის ეთერში გაშვებაზე უარი განაცხადა. 

7. The West Coast Rap All-Stars - We're All in the Same Gang

1990 წელს დასავლეთ სანაპიროს წარმომადგენელმა ჰიპ ჰოპ არტისტებმა კოლაბორაციული სინგლი We're All in the Same Gang ("ჩვენ ყველა ერთ ბანდაში ვართ") გამოუშვეს. კომპოზიციის ტექსტში რეპერები ამერიკული გეტოების მოსახლეობას მოუწოდებდნენ, კრიმინალური საქმიანობისგან თავის მაქსიმალურად შორს დაეჭირათ და ძალადობის ნაცვლად ერთმანეთზე ზრუნვით დაკავებულიყვნენ.

ტრეკის ჩაწერაში ჟანრის ისეთმა გამოჩენილმა წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა როგორებიც არიან: Dr. Dre, MC Hammer, King Tee, Ice-T და სხვები. აღსანიშნავია, რომ ნამუშევარმა დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო რეპ პერფორმანის კატეგორიაში გრემის ნომინაციაც მოიპოვა.

6. Hear 'n Aid - Stars

1986 წელს განხორციელებული ეს პროექტი ჰევი მეტალის სამყაროდან ერთგვარი პასუხი იყო USA for Africa-ზე, რომელიც ძირითადად პოპ ვარსკვლავებით იყო დაკომპლექტებული. იდეის ავტორი ლეგენდარული კოლექტივების, Black Sabbath-ისა და Rainbow-ს ფრონტმენი, ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა, რონი ჯეიმს დიო გახლდათ.

კომპოზიციის ჩაწერაში მონაწილეობა ისეთი ცნობილი ბენდების წევრებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Iron Maiden, Journey, Twisted Sister, Judas Priest, Quiet Riot, Blue Öyster Cult და სხვა. მათ შვედი ვირტუოზი გიტარისტი, ინგვეი მალმსთიინიც შეუერთდა. სინგლის გაყიდვით მიღებული თანხა კი აფრიკაში შიმშილთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხა.

5. Artists Stand Up to Cancer - Just Stand Up!

ეს კომპოზიცია ჩვენს სიაში წარმოდგენილი სხვა ჩანაწერებისგან იმით გამოირჩევა, რომ მის შექმნაში მონაწილეობა მხოლოდ ქალმა არტისტებმა მიიღეს. სიმღერა 2008 წელს საქველმოქმედო კამპანიის Stand Up to Cancer ფარგლებში ჩაიწერა, რომელიც მიზნად კიბოთი დაავადებული ადამიანების დახმარებას ისახავდა.

იმავე წლის სექტემბერში სიმღერის ცოცხალი შესრულებაც ვიხილეთ. მსმენელთა წინაშე ბიონსე, მაილი საირუსი, რიანა, ფერგი, მერაია ქერი, ნატაშა ბედინგფილდი, ქერი ანდერვუდი, ლეონა ლიუისი, კეიშა კოული, ნიკოლ შერზინგერი, აშანთი, მერი ჯეი ბლაიჯი და სიარა წარდგნენ. შედეგად კი, პროექტის ორგანიზატორებმა კოლოსალური თანხის, 100 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლეს.

4. Rock Aid Armenia - Smoke on the Water

1988 წელს სომხეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამართული საქველმოქმედო ღონისძიებებიდან ერთ-ერთი Rock Aid Armenia გახლდათ, რომლის ფარგლებშიც ცნობილმა მუსიკოსებმა Deep Purple-ის ჰიტი Smoke on the Water გადაამღერეს.

დევიდ გილმორი, ბრაიან მეი, როჯერ ტეილორი, ტონი აიომი, იენ გილანი, რიჩი ბლექმორი, ბრიუს დიკინსონი, პოლ როდჯერსი, კრის სქვაიერი, ჯეფრი დაუნსი და კით ემერსონი - ბრიტანული როკ სცენის ლეგენდარულ წარმომადგენლებს ჩრდილოეთ ამერიკიდან კანადელი არტისტები, ალექს ლაიფსონი და ბრაიან ადამსიც შეუერთდნენ. ნამუშევრის პროდიუსერებად კი ჯონ ლორდი და ჯონ პოლ ჯონსი მოგვევლინენ. 

3. ქართული ესტრადის ვარსკვლავები - ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები

ამ ნამუშევარს ჩვენს მკითხველთან ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ჩაწერილი კომპოზიცია, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთთან ასოცირდება, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთგვარ ჰიმნად იქცა. 

ამ მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ, კომპოზიციის ავტორმა, ჯემალ სეფიაშვილმა გამოაცხადა, ოჯახის სიძლიერე და ქვეყნის დამცველი მამაკაცია, ამიტომაც, სიმღერის ახალ ვერსიას მხოლოდ კაცები შეასრულებენო. (როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ 9 აპრილს 21 დაღუპულიდან 17 ქალი იყო). შედეგად კი, ეროვნული თრეშის არქივებს მორიგი მარგალიტი შეემატა, რომლის ხილვაც აქ შეგიძლიათ.

2. Band Aid - Do They Know It's Christmas?

1984 წელს ეთიოპიის მოშიმშილე მოსახლეობის დასახმარებლად შექმნილი სუპერჯგუფის, Band Aid-ის შემადგენლობაში ბონო, ფილ კოლინზი, ჯორჯ მაიკლი, სტინგი, დევიდ ბოუი, პოლ მაკკარტნი და მუსიკის სხვა ვარსკვლავები შედიოდნენ. ამ საქველმოქმედო პროექტის იდეა კი ჯგუფ The Boomtown Rats-ის ფრონტმენს, ბობ გელდოფს ეკუთვნოდა, რომელსაც მუსიკალურ შემოქმედებაზე მეტად, ალბათ, ალან პარკერის ფილმში The Wall შესრულებული მთავარი როლით იცნობთ. 

გელდოფს თავდაპირველად 70 ათასი გირვანქა სტერლინგის შეგროვების იმედი ჰქონდა, თუმცა, შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჩანაწერმა 8 მილიონის მოგება მოიტანა, სულ რაღაც ერთ კვირაში პლატინის სტატუსიც მოიპოვა და 1997 წლამდე ბრიტანული ჩარტების ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდულ სინგლად ითვლებოდა.

1. USA for Africa - We Are the World

ბრიტანეთში Band Aid-ის წარმატებამ ამერიკელ მუსიკოსებს მსგავსი ღონისძიების ორგანიზებისკენ უბიძგა. ასე შეიქმნა USA for Africa, რომლის მიერ 1985 წელს ჩაწერილი We Are the World უდავოდ ჩვენს სიაში წარმოდგენილი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია. 

მაიკლ ჯექსონისა და ლაიონელ რიჩის მიერ შექმნილი სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა ისეთმა ვარსკვლავებმა მიიღეს, როგორებიც არიან: რეი ჩარლზი, ბობ დილანი, სტივი უანდერი, პოლ საიმონი, სინდი ლოპერი, ბრიუს სპრინგსტინი, ვილი ნელსონი, ელ ჯერო, დაიანა როსი, ბილი ჯოელი, თინა ტერნერი და სხვები, პროდიუსერად კი ლეგენდარული ქუინსი ჯონსი მოგვევლინა. სინგლმა გრემის სამ ჯილდოსთან ერთად, ოთხმაგი პლატინის სტატუსი დაიმსახურა და კულტურულ ფენომენადაც იქცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული