Thumbnail

ჯესიკა სიმფსონი: 6 წლის განმავლობაში ის გოგო სექსუალურად მავიწროებდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მომღერალი, ჯესიკა სიმფსონი 4 თებერვალს ავტობიოგრაფიულ წიგნს Open Book გაავრცელებს. მანამდე, ჟურნალ People-ის ფურცლებზე მემუარებიდან ამონარიდი დაიბეჭდა, რომელშიც 39 წლის არტისტი ამხელს, რომ ბავშვობაში მას სექსუალურად ავიწროებდნენ.

"ეს ყველაფერი ჩემი მშობლების მეგობრებთან სტუმრობისას დაიწყო. მაშინ ექვსი წლის ვიყავი. მათი ქალიშვილის საწოლში მეძინა. იმ ღამეს ის, უბრალოდ, ზურგზე შემეხო, შემდეგ კი ეს ყველაფერი ჩემთვის უკიდურესად არაკომფორტულ ქმედებებში გადაიზარდა. ექვსი წლის განმავლობაში, ჩვენი ყოველი ვიზიტისას, ეს გოგო სექსუალურად მავიწროებდა. მანამ გადავწყვეტდი ჩემი მშობლებისთვის ამის გამხელას, დანაშაულის შეგრძნება მტანჯავდა. 12 წლის ასაკში მათ ყველაფერი მოვუყევი. დედამ მამას მხარზე დაარტყა და დაუყვირა, ხომ გითხარი, რაღაც ხდებაო. მამამ გზას გახედა და ხმა არ ამოიღო. ამის შემდეგ იმ ოჯახში აღარ მივსულვართ, ჩემი მშობლებიც ამ თემაზე აღარ დამლაპარაკებიან", - წერს არტისტი.

მუსიკოსის თქმით, მიღებულმა ტრავმამ წლების შემდეგ ალკოჰოლსა და სტიმულატორებზე გახადა დამოკიდებული.

"სტრესს ალკოჰოლით ვუმკლავდებოდი. წლების განმავლობაში თავს სასმლითა და სტიმულატორებით ვინადგურებდი. 2017 წელს, როდესაც ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ რეალური პრობლემა მქონდა და დახმარება მჭირდებოდა, თავი ისევ იმ ექვსი წლის შეშინებულ გოგონად ვიგრძენი, რომელმაც არ იცოდა, რაში გაეხვა და როგორ უნდა მოქცეულიყო", - განაცხადა ჯესიკამ.

სიმფსონმა წიგნში ისიც გაიხსენა, როგორ აიძულა მენეჯერმა კარიერის დასაწყისში წონაში დაკლება.

"თინეიჯერობისას შფოთვითი აშლილობა მქონდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მენეჯერმა მითხრა, რომ თუ პოპულარობა მინდოდა, წონაში უნდა დამეკლო, მკაცრი დიეტა და გასახდომი აბების მიღება დავიწყე", - იხსენებს ჯესიკა.

აღსანიშნავია, რომ წიგნთან ერთად არტისტი ექვს ახალ კომპოზიციას გამოშვებს, რომელთა ტექსტებშიც საკუთარ ისტორიას მოჰყვება.

ჯესიკა სიმფსონმა კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო. მას საერთაშორისო პოპულარობა სადებიუტო სინგლმა I Wanna Love You Forever მოუტანა. კომერციულად ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა არტისტის მესამე ალბომი In This Skin. მხოლოდ აშშ-ში ჩანაწერის 3 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მუსიკოსის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია; A Little Bit, Irresistible, Where You Are და With You. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული