Thumbnail

Eminem: ახალი ალბომი Music To Be Murdered By სუსტებისთვის არ შემიქმნია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მარშალ მეზერსი, ფსევდონიმით Eminem, ახალგავრცელებული ალბომის Music To Be Murdered By კრიტიკას გამოეხმაურა. მარშალმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარ ნამუშევარზე საუბრობს.

► მოუსმინეთ: ემინემმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By გაავრცელა 

► ემინემმა მანჩესტერის ტერაქტზე გარეპვის გამო კრიტიკა დაიმსახურა 

► ემინემმა რეჩიტატივის სწრაფად კითხვაში საკუთარი რეკორდი მოხსნა 

"მგრძნობიარე მსმენელო, დღევანდელ შესანიშნავ სამყაროში მკვლელობა იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომ საზოგადოება მისით გატაცებული და მოხიბლულია. ვიფიქრე, ამ ყველაფრისთვის სპორტის სახე მიმეცა. შეგვიძლია, მკვლელობები მუსიკაში ჩავიდინოთ. სანამ იარაღს სტაცებ ხელს, ნება მომეცი, აგიხსნა.

ეს ალბომი სუსტი ადამიანებისთვის არ შექმნილა. თუ შენ სისხლიანი მკვლელობების ამოძახილით ღიზიანდები ან თავს შეუარცხყოფილად გრძნობ, ეს საშენო ჩანაწერი არ არის. ზოგიერთი კომპოზიცია იმისთვისაა შექმნილი, რომ შენში სინდისის ქენჯნა გამოიწვიოს და დადებითი ქმედებებისკენ გიბიძგოს. სამწუხაროდ, მსოფლიოში წყვდიადია გამეფებული.

ასე რომ, ამ შემთხვევაში, სიტყვა "მკვლელობა" პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ჩემი ეს ფრაზები, უბრალოდ, ბასრი დანებია. ალბომის მსხვერპლებს შეგიძლიათ, მშვიდად განისვენოთ. დანარჩენებს კი გირჩევთ, ნამუშევარს უფრო ყურადღებით მოუსმინოთ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ", - ვკითხულობთ რეპერის მიმართვაში.

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული