Thumbnail

ნახეთ: Aerosmith-ის დრამერი თავისი ჯგუფის რეპეტიციაზე დაცვამ არ შეუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Aerosmith-ის დრამერი, ჯოუი კრამერი თავისი ბენდის რეპეტიციაზე არ შეუშვეს. ლოს ანჯელესში სტუდიაში მისულს დაცვის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ კოლექტივის წევრებმა მათ მისი შენობაში შეშვება აუკრძალეს. როგორც ცნობილია, "აეროსმიტი" 26 იანვარს გრემის 62-ე ცერემონიაზე პერფორმანსით წარდგება.

► დრამერი ჯოუი კრამერი თავის ბენდს, Aerosmith-ს სასამართლოში უჩივის

"ბოდიში, მაგრამ გთხოვთ, ამ შენობაში ახლა არ შემოხვიდეთ. ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა დაგვიქირავეს და გაგვაფრთხილეს, რომ თქვენ დღეს არ უნდა შეგიშვათ", - განუცხადეს 69 წლის მუსიკოსს დაცვის თანამშრომლებმა.

შეგახსენებთ, რომ ჯოუი კრამერმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ ჯგუფს სასამართლოში უჩივლა და გრემის დაჯილდოების პერფორმანსში მონაწილეობა მოითხოვა. არტისტის თქმით, დროებითი პაუზის შემდეგ, თავს კარგად გრძნობს და 2019 წლის დეკემბერში კოლექტივში დაბრუნებასაც აპირებდა, თუმცა, ბენდის წევრებმა მისი შემოწმება მოითხოვეს იმის დასადგენად, რამდენად იყო ფორმაში, რა პირობაც მას კონტრაქტში არ ეწერა. მოსამართლემ მუსიკოსის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. "აეროსმიტის" სხვა წევრების განცხადებით კი, დროის ნაკლებობის გამო კრამერთან ერთად პერფორმანსისთვის მომზადებას ფიზიკურად ვერ მოასწრებენ.

არტისტი კოლექტივს 2019 წელს, ლას ვეგასის რეზიდენტობის პერიოდში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით გამოეთიშა. ის დრამერმა ჯონ დუგლასმა შეცვალა. 

"აეროსმიტი" გრემის დაჯილდოებაზე ამერიკულ ჰიპ ჰოპ ჯგუფთან, Run-DMC-სთან ერთად დაუკრავს. მანამდე, ხმის ჩამწერი აკადემია კოლექტივს MusiCares-ის ცერემონიაზე ამერიკული მუსიკის ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენისა და მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი საქველმოქმედო ღონისძიების განხორციელებისთვის პრესტიჟულ ჯილდოს გადასცემს.

"აეროსმიტი" ქალაქ ბოსტონში 1970 წელს შეიქმნა და სამი წლის შემდეგ ბენდის სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელა. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული. 4 გრემის მფლობელმა ჯგუფმა ბოლო სტუდიური ნამუშევარი Music from Another Dimension! 2012 წელს გაავრცელა. 2018 წლის 5 მაისს კი "აეროსმიტმა" მსოფლიო ტურნე Aero-Vederci Baby! გამართა, რომლის ფარგლებშიც კონცერტი შეკვეთილშიც ჩატარდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული