Thumbnail
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

არქივი: ირაკლი ჩარკვიანი ლადო ბურდულის კონცერტს აფასებს (1995)

popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

1995 წლის 4 აგვისტოს თბილისში, რუსთაველის თეატრში ლადო ბურდულის და რუსული როკ-ჯგუფის Ва-Банкъ ლიდერის, ალექსანდრ სკლიარის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც ლადო ბურდულის და ბიძინა მაყაშვილის ორგანიზებითა და ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, ასევე ჯგუფ "ბლიცის" დამაარსებელი, ვალერი კოჩაროვი მონაწილეობდა. 

სტუდია "34"-ის მიერ გადაღებულ სიუჟეტში ჟურნალისტი ნათია ჭკუასელი მხატვარ ნიკო ცეცხლაძეს, ჯგუფის Mother On Mondays ვოკალისტს, გოგლიკ ფარეშიშვილს და ირაკლი ჩარკვიანს კონცერტის შეფასებას სთხოვს. 

ლადო ბურდულმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1980-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი მუსიკალური პროექტი ჯგუფ "კომენდანტის საათის" წევრებთან ერთად შექმნილი "ურჩხული" იყო. 1987 წელს ლადომ ჯგუფი "რეცეპტი" ჩამოაყალიბა, რომელშიც მასთან ერთად ზაზა სახამბერიძე, ვოვა ვარდანიანი და კახა გუგუშვილი შედიოდნენ. მათ მოგვიანებით შალვა ხახანაშვილი და სანდრო კაპანაძე დაემატნენ. კოლექტივის მუსიკალურ მიმართულებას პანკ როკის, გოთიკისა და პოსტ პანკის ნაზავი წარმოადგენდა.

1992 წელს "რეცეპტის" დაშლის შემდეგ, ლადო ბურდულმა სოლო კარიერა დაიწყო. 1993 წელს კი მისი თანაპროდიუსირებით ირაკლი ჩარკვიანის სადებიუტო ალბომი Svan Songs გამოვიდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული