Thumbnail

Juice WRLD-ის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დასახელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

21 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯარად ჰიგინსის, იგივე Juice WRLD-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქუქის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გასაჯაროვდა. როგორც ნავარაუდები იყო,  2019 წლის 8 დეკემბერს მუსიკოსი ოპიოიდური პრეპარატების, კოდეინისა და ოქსიკოდონის ზედოზირებამ იმსხვერპლა.

► ნახეთ: გარდაცვლილი Juice WRLD-ის აქამდე გამოუქვეყნებელი ფრისტაილი 

► ნახეთ: ვიდეო, რომელიც 21 წლის Juice WRLD-ს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გადაუღეს 

პოლიციის ინფორმაციით, მუსიკოსი ლოს ანჯელესიდან ჩიკაგოში მიფრინავდა. რეისის შესრულებისას თვითმფრინავის პილოტმა ბორტზე რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი შენიშნა, რის შესახებაც ხელმძღვანელობას შეტყობინება გაუგზავნა. ამის შემდეგ სამართალდამცველები ჩიკაგოს აეროპორტში თვითმფრინავს ჩხრეკის მიზნით ელოდნენ.

მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა პოლიციის მობილიზების შესახებ შეიტყო, მათგან დამალვის მიზნით, რამდენიმე შეკვრა ოქსიკოდონისა და კოდეინის შემცველი პრეპარატი გადაყლაპა, რასაც ის ნარკოტიკული თრობისთვის მოიხმარდა. გონებადაკარგული ჩიკაგოელი არტისტი საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.

ჰიგინსმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2017 წლის სადებიუტო მიქსტეიპით "9 9 9" გაიცნო. 2018 წელს რეპერმა გაყიდვაში პირველი ალბომი Goodbye & Good Riddance ჩაუშვა. სტუდიური ჩანაწერის მთავარი სინგლი პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Lucid Dreams გახლავთ. ბოლო სტუდიური ჩანაწერი Death Race for Love ჯუსიმ 2019 წლის მარტში გაავრცელა. შემსრულებელს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან ნიკი მინაჟი, ტრევის სკოტი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული