Thumbnail

დრამერი ჯოუი კრამერი თავის ბენდს, Aerosmith-ს სასამართლოში უჩივის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Aerosmith-ის დრამერი, ჯოუი კრამერი საკუთარ ბენდს სასამართლოში უჩივის. არტისტის თქმით, დროებითი პაუზის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2019 წლის დეკემბერში კოლექტივში დაბრუნებასაც აპირებდა, თუმცა, ბენდის წევრებმა მისი შემოწმება მოითხოვეს იმის დასადგენად, რამდენად იყო ფორმაში, რა პირობაც მას კონტრაქტში არ ეწერა.

კრამერის თქმით, ის ვერ დაუკრავს 26 იანვარს გრემის ცერემონიაზე დაგეგმილ პერფორმანსზე, ასევე, ვერ მიიღებს აკადემიის ჯილდოს მუსიკის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 69 წლის არტისტი ფიქრობს, რომ კოლექტივის სხვა წევრები მის ჩამოშორებას ცდილობენ. ამიტომაც, მან ჯგუფში დაბრუნება სასამართლოს გზით გადაწყვიტა.

"14 წლის ასაკიდან დასარტყამ ინსტრუმენტზე ვუკრავ და მუსიკას ვქმნი. ჩამომაშორონ ბენდს, რომელსაც 50 წელი შევწირე, ჩემთვის გამანადგურებელი ამბავია. აქ ფული არაფერ შუაშია. მე არ მაქვს შესაძლებლობა, მაღიარონ ჩემი ბენდის სხვა წევრებთან ერთად მუსიკის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე ვერ მივიღებ მათთან ერთად MusiCares-ის პრესტიჟულ ჯილდოს. ეს ცხოვრებაში მეტჯერ ვერ განმეორდება. ის, რომ მე ჩემს საქმეში უნდა შემამოწმონ, ძალიან შეურაცხმყოფელი და გასაბრაზებელია. ჯგუფის წევრები და მათი ადვოკატები, ალბათ, გამომცდიან და ჩემს დამცირებასაც ეცდებიან. იტყვიან, რომ მე ამჟამად არ შემიძლია დრამზე დაკვრა, რაც სიმართლისგან ძალიან შორს იქნება. "აეროსმიტის" 50-წლიანი ისტორიის განმავლობაში ბენდის არცერთი წევრი არ შეუმოწმებიათ საკუთარ საქმეში. იმედი მაქვს, თაყვანისმცემლები გამიგებენ, რომ მე იმ ჯგუფში მინდა დაბრუნება, რომელიც უყვართ - თავდაპირველი შემადგენლობით. "აეროსმიტი" მომაჯადოებელი მაშინ ხდება, როდესაც მისი დამაარსებელი წევრები დგანან სცენაზე", - განაცხადა ჯოუი კრამერმა.

არტისტი კოლექტივს 2019 წელს, ლას ვეგასის რეზიდენტობის პერიოდში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით გამოეთიშა. ის დრამერმა ჯონ დუგლასმა შეცვალა. 

"აეროსმიტმა" კრამერის საჩივარს განცხადებით უკვე უპასუხა:

"ჯოუი კრამერი ჩვენი ძმაა და მისი კარგად ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, ემოციურად და ფიზიკურად არაა მზად, ჯგუფთან ერთად დაუკრას. ჩვენ ის ძალიან გვაკლდა და არაერთხელ შევთავაზეთ დაბრუნება, თუმცა, გვეუბნებოდა, რომ არ იყო მზად ამისთვის. ჯოუი მხოლოდ ახლა დასთანხმდა ჩვენს მოწვევას, როდესაც გრემის პერფორმანსისთვის საჭირო რეპეტიციებისთვის, სამწუხაროდ, დრო არაა დარჩენილი. თუმცა, ჩვენ ის ცერემონიაზე დასასწრებად, რა თქმა უნდა, დავპატიჟეთ".

"აეროსმიტი" გრემის დაჯილდოებაზე ამერიკულ ჰიპ ჰოპ ჯგუფთან, Run-DMC-სთან ერთად დაუკრავს. მანამდე, პარასკევს ხმის ჩამწერი აკადემია კოლექტივს MusiCares-ის ცერემონიაზე ამერიკული მუსიკის ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენისა და მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი საქველმოქმედო ღონისძიების განხორციელებისთვის პრესტიჟულ ჯილდოს გადასცემს.

Aerosmith ქალაქ ბოსტონში 1970 წელს შეიქმნა და სამი წლის შემდეგ ბენდის სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელა. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული. 4 გრემის მფლობელმა ჯგუფმა ბოლო სტუდიური ნამუშევარი Music from Another Dimension! 2012 წელს გაავრცელა. 2018 წლის 5 მაისს კი "აეროსმიტმა" მსოფლიო ტურნე Aero-Vederci Baby! გამართა, რომლის ფარგლებშიც კონცერტი შეკვეთილშიც ჩატარდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული