Thumbnail

გია ხადური: 10+1 ქავერი, რომელიც ორიგინალზე უკეთესია

გია ხადური პროფილის ფოტო
გია ხადური

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Sinead O'Connor - Nothing Compares 2 U

ორიგინალი: Prince
 
ეს ქავერი უპრობლემოდ შეგვეძლო, ჩვენი სიის პირველ პოზიციაზე გაგვეყვანა, მაგრამ იმდენად გაბაზრებული ტრეკია, რომ, ფაქტობრივად, ინტრიგა აქვს დაკარგული. გადაახტე პრინსს და უკეთესად შეასრულო მისი სიმღერა, ურთულესი ამბავია. მით უმეტეს, რომ შინეიდ ო'კონორის ვერსია სწორედ პრინსის სტუდიაშია ჩაწერილი, ამ უკანასკნელისვე თანაპროდუსინგით.

როგორც ამბობენ, პრინსი თავის სტუდიაში ნამდვილი ტირანი იყო. წარმოიდგინეთ, რა ირლანდიური სიჯიუტე და უკომპრომისობა უნდა გამოეჩინა ო’კონორს, რომ თავისი გაეტანა. სესიების დროს საქმე ლამის მუშტი-კრივამდე მიდიოდა. მაგრამ შინეიდმა ეს შეძლო - მისი ქავერი ნამდვილი სენსაცია გახდა. თუმცა, როგორც ჩანს, იმდენი ენერგია შეალია ამ სიმღერას,  რომ გადაიწვა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი დაღმასვლა. დღეს ეს უნიჭიერესი არტისტი სრულიად გაკოტრებული, სადღაც მოტელშია გამოკეტილი შუაგულ ამერიკაში და პარანოიის შეტევებით იტანჯება. რას იზამ, როკ-ენ-როლი ყველაზე დიდ მსხვერპლს ყოველთვის ჟანრის საუკეთესო წამომადგენლებისგან მოითხოვდა.

9. Swans - Love Will Tear Us Apart

ორიგინალი: Joy Division
 
Joy Division-ის მიერ 1980 წელს ჩაწერილი ეს კომპოზიცია პოსტ პანკის თაყვანისმცემლებისთვის თითქმის იგივეა, რაც მორწმუნე ქრისტიანებისთვის ბიბლია. ამიტომაც, მისი რომელიმე ქავერის ორიგინალზე უკეთესად გამოცხადება, ფაქტობრივად, ერეტიკოსობის ტოლფასია. მაგრამ მე მაინც გავრისკე და აი, რატომ: ჯერ ერთი, სულაც არ მიმაჩნია, რომ ის საუკეთესოა ამ ჯგუფის შემოქმედებაში და მეორე - Swans-მა საერთოდ შეუცვალა კონტექსტი სიმღერას. აქ ვერც ეპილეფსიით დაავადებული და თვითმკვლელობის პირას მყოფი იენ კერტისის თვითგვემას შეხვდებით და ვერც მისი კოლექტივისთვის დამახასიათებელ ნერვულ ჟღერადობას. 

1988 წელს, როცა Joy Division-ის შესახებ ჩვენთან ორიოდე ადამიანმა თუ იცოდა, საბჭოთა ტელევიზიის ეთერში ამ სიმღერის სწორედ Swans-ისეული ვერსია გავიდა. ამ ფაქტმა ქართულ ალტერნატიულ მუსიკალურ წრეებში ისეთი მძაფრი იმპულსები გამოიწვია, რომ მის შედეგებს საკუთარ ტყავზე დღემდე ფიზიკურად ვგრძნობ. ყველა, ვინც მაშინ პირველად ნახა და მოისმინა ეს სიმღერა, გეტყვით, რომ Swans-ის ვერსია უკეთესია. მე, რა თქმა უნდა, ასე არ ვფიქრობდი. ასე არ ფიქრობდა, თურმე, მაიკლ ჯირაც. მაგრამ, აბა, ჩვენს მოსაზრებას რა ფასი აქვს, როცა სწორედ ამ ქავერმა გახსნა კარი, რომლის უკანაც ქართული ანდერგრაუნდისთვის საკრალური გრაალის თასი იმალებოდა.

8. Al Green - How Can You Mend a Broken Heart

ორიგინალი: The Bee Gees

ელ გრინი ყველაზე დიდი სოულ შემსრულებელია. არა მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარ ხმას იდეალურად ფლობს (ამას ბევრი "სპორტსმენი" ვოკალისტი არანაკლებ კარგად ახერხებს), არამედ იმიტომაც, რომ მისი ფრაზირება და სასიმღერო ნარატივი უნიკალურია. ყველაზე უცნაური კი, ალბათ, ისაა, რომ მის შესრულებაში, ისევე, როგორც სიმღერებში (გრინი ძალზე ძლიერი სონგრაითერიცაა), საოცრად არის შეზავებული შიშველი ეროტიზმი და სულიერ-რელიგიური ძიებები. 

ამის მკაფიო ნიმუშია მისი ქავერი The Bee Gees-ის უპოპულარულეს სიმღერაზე, რომელსაც ელ გრინმა ისეთი ემოციური სიღრმე მისცა, საერთოდ რომ არ იყო ჩადებული ორიგინალ ვერსიაში. ამ ქავერის სტუდიური ვარიანტი, როგორც მუსიკალური პროდუქტი, ლაივ-ვერსიაზე უკეთესია, მაგრამ მე მაინც ცოცხალი შესრულებით დადება ვამჯობინე, რადგანაც სწორედ ლაივში იკვეთება ელ გრინის სრული ძლევამოსილება. 

7. Saint Etienne - Only Love Can Break Your Heart

ორიგინალი: Neil Young

ნილ იანგის, ამ უდიდესი და ყველაზე არაპაპსავიკი როკერის  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ადრეული ბალადა გადაამღერო დენს-ელექტრონიკაში და თან ისე, რომ ორიგინალს აჯობო, მართლაც დიდი საქმეა. Saint Etienne-მა ამ მიზნისთვის, ერთი შეხედვით, მარტივი სქემა გამოიყენა - სიმღერის რიტმული სტრუქტურა შეცვალა. ორიგინალი 3/4 თვლაშია დაწერილი, Saint Etienne-ის ვერსია კი 4/4-ია (აუცილებელი პირობა ელექტრონული საცეკვაო ტრეკისთვის). 

შედეგად, ყველაფერი თავდაყირა დადგა. სიმღერის ესთეტიკა სრულიად შეიცვალა, მაგრამ უცვლელი დარჩა მისი იდეურ-შინაარსობრივი მესიჯი ჭეშმარიტი სიყვარულის ძლევამოსილების შესახებ. რის შემდეგაც ნათელი გახდა, რომ ჰიპებისა და ქლაბერების სულისკვეთება ერთმანეთისგან, თურმე, დიდად არც განსხვავდება.

6. The Walker Brothers - The Sun Ain’t Gonna Shine Anymore

ორიგინალი: Frankie Valli & The Four Seasons
 
ამ სიმღერის პირველი შემსრულებლები 1960-იან წლებში პოპულარული და აურაცხელი ჰიტების მქონე ბენდი The Four Seasons და მისი ფრონტმენი ფრენკი ვალი იყვნენ. სწორედ ფრენკის მძლავრი ფალცეტისთვის იწერებოდა ჯგუფის ყველა სიმღერა. ამ ტრეკმა წარმატება კი მოიპოვა, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ელოდნენ. აი, The Walker Brothers-ის ვერსია კი ნამდვილი მეგაჰიტი გახდა. პრინციპში, ორივე ტრეკი თითქმის იდენტურია, მაგრამ, თუ "ოთხი სეზონი" კომერციულ პოპ-საუნდზე იყო იყო ორიენტირებული, "ძმები უოქერების" კრეატიული ამბიციები უფრო შორს მიდიოდა. 

ამიტომაცაა, რომ, თუ ორიგინალი მელოდრამატული ხასიათისაა, ქავერი უკვე ნამდვილი დრამაა და აქ, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი სკოტ უოქერის მდიდრული ბარიტონია. მის ვოკალს გაცილებით ესადაგება დიდი ორკესტრის აკომპანემენტი, ვიდრე ვალისას. უოქერის მსგავსად პოპ-შემსრულებლები ვერ მღერიან. მისი განცდები უფრო ღრმაა, ის უფრო იდუმალია და ქვეცნობიერში ჩამარხული. შეიძლება, ითქვას, რომ ეგზისტენციალური სკოტ უოქერი, რომელზეც ინტელექტუალ სნობებს ელეთმელეთი მოსდით, ამ სიმღერით იწყება და ამიტომაც ამოვარჩიე შედევრი ქავერებით გამოტენილი 60-იანებიდან სწორედ ეს ტრეკი.

5. Soft Cell - Tainted Love

ორიგინალი: Gloria Jones

ისევე, როგორც ზემოთ, აქაც საქმე იმ შემთხვევასთან გვაქვს, როდესაც სიმღერის ორიგინალი აღარავის ახსოვს. არადა, გლორია ჯონსის ვერსიაც საკმაოდ კარგია. ბრიტანული სინთპოპ დუეტის მიერ ამ ამერიკული სოულ კომპოზიციის უაღრესად ეფექტური და წარმატებული გადამღერება აბსოლუტურად ლოგიკურია. ერთი შეხედვით, ამ ორ ჟანრს საერთო არაფერი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ მათ შორის ხომ 70-იანი წლების დისკო დგას. დისკო სოულიდან მოდის, ელექტროპოპი კი დისკოდან. ასე იკვრება წრედი.

ის განსაკუთრებული, დეკადენტური ატმოსფერო, რომელიც Soft Cell-ის ქავერიდან მოდის, უკვე ბრიტანული პოსტ პანკის მონაპოვარია. მას იდეალურად ერგება მარკ ალმონდის აპათიური, ცინიზმშეპარული ვოკალი. მოკლედ, ნამდვილი კლასიკაა, უბერებელი.

4. Grace Jones - La Vie En Rose

ორიგინალი: Edith Piaf

La Vie En Rose, რომელიც ედიტ პიაფმა 1945 წელს დაწერა, საკვანძო გახდა მის შემოქმედებით კარიერაში. სწორედ ამ სიმღერით მოახდინა გარღვევა შეერთებულ შტატებში და გააოგნა მაშინდელი ამერიკული კულტურული ელიტა. ასე რომ, მასზე კარგად, ფაქტია, ამ სიმღერას ვერავინ შეასრულებს.  მაგრამ მოხდა ისე, რომ 1977 წელს გრეის ჯონსმა თავისი დისკო ალბომისთვის ამ ტრეკის დაქავერება გადაწყვიტა და, უნდა ითქვას, რომ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 

გრეის ჯონსის ვერსიაში, მართალია, აღარაა პიაფისეული ბობოქარი ვნებათაღელვა, მაგრამ ბოსა ნოვას სტილში ბრწყინვალე არანჟირებისა და ეფექტური პროდიუსინგის ხარჯზე, მისმა ქავერმა ორიგინალი ნამდვილად გადაფარა. რა თქმა უნდა, გრეის ჯონსის La Vie En Rose წმინდა წყლის გლამურული დეკადანსია, მაგრამ უაღრესად ემოციური და ამავდროულად გემოვნებიანი - ზუსტად ისეთი, როგორიც თვითონ გრეისია. ასეთ დახვეწილ ქალებს დღეს სცენაზე უკვე ვეღარ ნახავთ, მხოლოდ სუროგატები დარჩნენ.

3. Anna Calvi - Jezebel

ორიგინალი: Frankie Lane
 
ეს სიმღერა ყველაზე "ხნიერია" ჩვენს სიაში. ის ჯერ კიდევ 1951 წელს ჩაწერა ამერიკელმა საესტრადო მომღერალმა, ფრენკი ლეინმა. ჰიტად ქცეული კომპოზიცია შემდგომში უამრავმა სახელგანთქმულმა არტისტმა შეასრულა, მაგრამ ანა კალვის ქავერის შემდეგ მისი გადამღერების სურვილი, ვეჭვობ, მომავალში ვინმეს კიდევ გაუჩნდეს. 

შეიძლება ითქვას, რომ კალვიმ მაქსიმალურად ამოწურა ამ სიმღერის რესურსი, როგორც მუსიკალური, ასევე ემოციური თვალსაზრისით. მისი ვერსიის მოსმენისას საერთოდ გავიწყდება ორიგინალი. ის თითქოს აღარც არსებობს. ბრაიან ინომ ერთხელ განაცხადა, პატი სმითის შემდეგ, ასეთი ძლიერი და კრეატიული ქალი სცენაზე არ გამოჩენილაო. ანა კალვის მოსმენის შემდეგ ძნელია, ეჭვი შეიტანო დიდი მაესტროს სიტყვებში.

2. Johnny Cash - Hurt

ორიგინალი: Nine Inch Nails

ამ გენიალურ ქავერს ჩემი კომენტარი ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ ერთ-ორ სიტყვას მაინც ვიტყვი. იმას, რის გადმოცემასაც ტრენტ რეზნორი და მისი ბენდი დიდი ძალისხმევის ფასად ცდილობენ, ჯონი კეში ძალდაუტანებლად, მარტო, ყოველგვარი თვითგვემისა და ზედმეტი აკუსტიკური ატრიბუტების გარეშე ახერხებს. 

ის, რაც ტრენტ რეზნორისთვის შემოქმედებითი კრედო და თვითრეალიზაციის მეთოდია, კეშისთვის ყოველდღიური ყოფაა. ის იდუმალება და ტრაგიზმი, რასაც რეზნორი, როგორც არტისტი, იგონებს, ჯონი კეშისთვის რეალობაა, მისი პირადი ცხოვრება და ბიოგრაფია. ამიტომაც არის, რომ ისტორიას სწორედ ჯონი კეშის ვერსია დარჩება. თუმცა, მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ტრენტ რეზნორიც უდავოდ იხეირებს.

1. David Bowie - My Death    

ორიგინალი: Jacques Brel

ჟაკ ბრელის სიმღერების უამრავი ქავერი არსებობს, სულ ნარჩევი და საკულტო არტისტების მიერ შესრულებული, მაგრამ ორიგინალების სიდიადეს ვერცერთი შეწვდა. ერთადერთი გამონაკლისია დევიდ ბოუის My Death. ამ სიმღერის სტუდიური ჩანაწერი არ არსებობს, ამიტომ ჩვენს სიაში Ziggy Stardust-ის ტურნეს დასკვნით კონცერტზე შესრულებული ვერსია შევიტანეთ. 

ეს ნამდვილი მაგიაა, რომელიც ვიზუალთან ერთად იმდენად ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ ძნელია ანალოგის გახსენება. მხოლოდ აკუსტიკური გიტარითა და ფორტეპიანოს აკომპანემენტით ბოუი თანდათან ისე მუხტავს და ამძაფრებს ატმოსფეროს, იმდენად მომნუსხველია ფინალში, რომ მართლა იჯერებ ამ კაცის არაამქვეყნიურობას. ცალკე აღნიშვნის ღირსია ბრელის საოცარი ტექსტი, რომლის ინგლისურენოვანი თარგმანი მორტ შუმანს ეკუთვნის. და ბოლოს, ყველაფრის ნახვისა და მოსმენის შემდეგ, თქვენც მიხვდებით, რატომ არ მოინდომა ბოუიმ ამ ქავერის სტუდიური ვერსიის ჩაწერა.  

0. Eläkeläiset - Hapankaalihumppa (Wind of Change) 


ორიგინალი: Scorpions 

"ელაკელაისეტ" (ქართულად - "პენსიონერები") ფინური ჰუმპა ბენდია. ჰუმპა - ფოქსტროტის და პოლკას ფინური ვარიანტია, რომელიც ლოთური სენსიტიურობითა და თავაშვებული სოფლური ჰედონიზმითაა გაჟღენთილი. ჯგუფისთვის მთავარი კრეატიული გამოწვევა საქვეყნოდ აღიარებული როკ, პანკ, პოპ თუ ჰიპ ჰოპ ტრეკების ფინურენოვანი ჰუმპა ქავერების შექმნაა და ხშირ შემთხვევებში შედეგი იმდენად სასაცილო და ეფექტურია, რომ აშკარად სჯაბნის ორიგინალს. 

Scorpions-ის ყველასთვის ცნობილი, ყალბი პათეტიკით სავსე ჰიტი იმდენად უმწეოა, რომ მთელ როკ მუსიკას არცხვენს. აი, Elakelaiset-ის ქავერი კი ისეთი კარგია, რომ ძალაუნებურად ფიქრობ, ეს სიმღერა, თურმე, არც ისეთი ცუდი ყოფილაო. საინტერესოა, რომ მთლიანად ქავერებისგან შემდგარი ალბომი Speed of Sound მუსიკოსებმა კი ჩაწერეს, მაგრამ მისი გამოშვება საავტორო უფლებების არქონის გამო ვერაფრით მოახერხეს. 2001 წელს ჩანაწერი კომპაქტ დისკზე არაოფიციალურად გავრცელდა და მალე ინტერნეტშიც აიტვირთა. ძალიანაც კარგი, რადგან სხვა შემთხვევაში ეს სიმღერა ჩვენს სიაში ვერ მოხვდებოდა.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული