Thumbnail

Tekashi 6ix9ine ითხოვს, სასჯელი შინაპატიმრობაში მოიხადოს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ციხეში მყოფი ჰიპ ჰოპ არტისტი, დანიელ ერნანდესი, ფსევდონიმით Tekashi 6ix9ine, სასამართლოსგან შეფარდებული სასჯელის შინაპატიმრობაში მოხდა ითხოვს. ამის შესახებ გამოცემა Complex-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ხდება ცნობილი.

► ნახეთ: დოკუმენტური სერიალის Tekashi69 VS The World პირველი ეპიზოდი

► Tekashi 6ix9ine-მა გამოძიებასთან ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც უნდა ითანამშრომლოს

ტეკაშის ადვოკატი, ლენს ლაზარო მოითხოვს, რეპერმა სასჯელის მოხდა ან სახლში ანაც სპეციალურ დაწესებულებაში გააგრძელოს, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.

"გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო ერნანდესის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. როგორც იცით, მან დაჯგუფება Nine Trey Bloods-ის წევრების წინააღმდეგ მისცა ჩვენებები. იმის მიუხედავად, რომ ის სასჯელს კერძო ციხეში იხდის, ნამდვილად არაა უსაფრთხოდ, რადგანაც იქ ბლუდსის რამდენიმე წევრიცაა დაპატიმრებული", - წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ ტეკაში სიქსნაინი 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის მას 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად მუსიკოსმა 9 წაყენებული ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც ჰიპ ჰოპ არტისტების ნაწილმა მას "ჩამშვები" და "ვირთხა" უწოდა.

2019 წლის დეკემბერში სასამართლომ ტეკაშის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რეპერმა პატიმრობაში უკვე 14 თვე გაატარა, შესაბამისად, თუ ვადაზე ადრე არ გათავისუფლდება, სიქსნაინი გისოსებს მიღმა 2020 წლის ნოემბრამდე დარჩება. ამის შემდეგ მას 5-წლიანი პირობითი სასჯელის მოხდა, 300 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმის სახით 35,000 დოლარის გადახდა მოუწევს.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული