Thumbnail

ნახეთ: ჯარედ ლეტო ფილმ Morbius-ის პირველ თრეილერში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კომპანია Sony Pictures Entertainment "მარველის" ერთ-ერთ პერსონაჟ მაიკლ მორბიუსზე გადაღებული ფილმის პირველ თრეილერს ავრცელებს. კინოსურათში მთავარ როლს ამერიკული ჯგუფის 30 Seconds to Mars წევრი, ჯარედ ლეტო ასრულებს. ის მეცნიერის როლში გვევლინება, რომელიც ბავშვობიდან სისხლის იშვიათი დაავადებით იტანჯება, მისგან განკურნებას კი სახიფათო ექსპერიმენტის გზით გადაწყვეტს, რის შემდეგაც ვამპირად გადაიქცევა. რეჟისორ დენიელ ესპინოზას ნამუშევრის პრემიერა 2020 წლის 31 ივლისს იგეგმება.

ოსკაროსანმა მსახიობმა და მომღერალმა, ჯარედ ლეტომ შემოქმედებითი მოღვაწეობა სამსახიობო კარიერით დაიწყო. ფართო საზოგადოებამ არტისტი სერიალიდან My So-Called Life გაიცნო. კრიტიკოსთა აღიარება კი ფილმში Prefontaine მონაწილეობით მოიპოვა. 2013 წელს ლეტომ კინოსურათში Dallas Buyers Club ტრანსგენდერი ქალის საუკეთესოდ განსახიერებისთვის ოქროს გლობუსი და ოსკარი დაიმსახურა.

რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას, არტისტმა როკ ბენდი 30 Seconds to Mars ლოს ანჯელესში თავის ძმასთან, შენონთან ერთად 1998 წელს ჩამოაყალიბა. ჯგუფმა წარმატებას მეორე ალბომის A Beautiful Lie გამოსვლის შემდეგ მიაღწია. 2018 წელს გამოშვებულმა რიგით მეხუთე სტუდიურმა ჩანაწერმა America ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიცია დაიკავა. კოლექტივი 2019 წელს საქართველოს ესტუმრა და კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული