Thumbnail

ჯასტინ ბიბერმა მოსმენების დასაგროვებლად ფანებს ყალბი ანგარიშების შექმნისკენ მოუწოდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა 3 იანვარს ახალი კომპოზიცია Yummy გამოუშვა. ცოტა ხნის წინ კი მომღერლის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ინსტრუქცია გავრცელდა, თუ რა საშუალებებს უნდა მიმართონ მისმა თაყვანისმცემლებმა, რომ ნამუშევარმა ბევრი მოსმენა დააგროვოს და ბოლბორდის ჩარტის სათავეში მოექცეს. რჩევებს შორის გვხვდება აპლიკაცია VPN-ის საშუალებით Spotify-ზე ამერიკული ანგარიშების შექმნა და სიმღერის 24-საათიან რეჟიმში მოსმენა. 

► ჯასტინ ბიბერი: ორ დაავადებას ვებრძვი

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ჰიტები Baby, Never Say Never და Love Yourself შეასრულა

"რა უნდა გაკეთდეს, რომ სიმღერა პირველ პოზიციაზე მოხვდეს: "სპოტიფაიზე" შექმენით ფლეილისტი, რომელშიც Yummy იქნება და დააყენეთ მოსმენის გამეორებაზე. ტრეკი მაშინაც არ გამორთოთ, როცა დაიძინებთ. თუ შეერთებული შტატებიდან არ ხართ, შეგიძლიათ, აპლიკაცია VPN გადმოწეროთ, რომელიც "სპოტიფაის" ამერიკული ანგარიშის შექმნაში დაგეხმარებათ. iTunes-ზე კი ეს სიმღერა უნდა შეიძინოთ, თანაც რამდენჯერმე. გახსოვდეთ, ეს ჯასტინის დაბრუნებაა მუსიკაში და თუ გავერთიანდებით, მოვახერხებთ მან მეექვსედ დაიკავოს პირველი ადგილი ბილბორდის ცხელ ასეულში", - ნათქვამია განცხადებაში.

მომღერლის მოწოდებებმა ტვიტერის მომხმარებელთა ნაწილი გააღიზიანა:

"ჯასტინს იმდენად უნდა, თავისი უვარგისი სიმღერა ბილბორდის სათავეში მოხვდეს, რომ პრეზენტაციაც კი გააკეთა, რომლითაც ფანებს VPN-ის გამოყენებას უხსნის".

"ყველა არტისტს სურს ფანების მობილიზება, რომ მათმა სიმღერამ ჩარტებში კარგი შედეგები აჩვენოს. მაგრამ აქ საქმე სისტემის მოტყუებასა და უსირცხვილო მეთოდების გამოყენებას ეხება".

"ასეთი სასოწარკვეთილი ცხოვრებაში არავინ მინახავს".

ჯასტინმა ახლახან ინსტაგრამზე დაწერა, რომ კომპოზიციამ უკვე მოახერხა ბილბორდის ჩარტში მეორე ადგილის დაკავება.

"ყველას მადლობას გიხდით. თქვენ გარეშე ამას ვერ მივაღწევდი", - წერს არტისტი სოციალურ ქსელში.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო.150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული