Thumbnail

სტრიპტიზის მოცეკვავე, რომელიც ჯენიფერ ლოპესმა განასახიერა, სასამართლოში ჩივის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

სტრიპტიზის ყოფილი მოცეკვავე სამანტა ბარბეში, რომელიც კრიმინალურ დრამაში Hustlers ჯენიფერ ლოპესის მიერ განსახიერებული გმირის, რამონას პროტოტიპია, სასამართლოში ჩივის. ის ფილმის პროდიუსერებისა და კინოსტუდია STX Entertainment-ისგან 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციასა და სურათის დისტრიბუციის შეწყვეტას მოითხოვს.

ჯენიფერ ლოპესი: იყო დრო, სტრიპტიზიორობაზე ვფიქრობდი

როგორც ბარბეშის ადვოკატმა გამოცემა Rolling Stone-ს განუცხადა, სამანტამ თავის დროზე ფილმის ავტორებს მისი პერსონის გამოყენების უფლება არ მისცა, თუმცა, მთავარი გმირი მაინც მისი შთაგონებით შექმნეს, თანაც ისე, რომ სამანტას პიროვნება დამახინჯებულად წარმოაჩინეს.

"სამანტა თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, რადგან ფილმის შემქნელები მოტყუებით ცდილობდნენ, მისგან შესაბამისი უფლება სულ რაღაც 6,000 დოლარად ეყიდათ მაშინ, როცა მისი პერსონის გამოყენებით თავად $150 მილიონი გამოიმუშავეს. თანაც მისი პიროვნება დამახინჯებულად წარმოაჩინეს. შედეგად მაყურებელმა შეიძლება, ჩათვალოს, რომ მთავარი გმირის პროტოტიპს მორალური პრინციპები არ აქვს", - ამბობს ადვოკატი.

ბრალდებებს კინოსტუდიის წარმომადგენელმა ასევე "როლინგ სთოუნთან" უპასუხა:

"ჩვენ ყველანაირი უფლება გვქონდა, მოგვეთხრო ფაქტებზე დაფუძნებული ისტორია, რომელიც მანამდეც იყო საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი".

აღსანიშნავია, რომ თავად სამანტამ ამ საკითხზე 2019 წელს, Hustlers-ის პრემიერის შემდეგ გააკეთა კომენტარი. 

"ფილმს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. სამაგიეროდ, ჯენიფერმა ეს მოახერხა. ის შესანიშნავია... პროდიუსერები ცდილობდნენ, მინიმალურ თანხად მიეღოთ ჩემი პერსონის გამოყენების უფლება. მე საქმიანი ადამიანი ვარ. ჩემი თითოეული ჩანთა უფრო მეტი ღირს, ვიდრე ისინი მთავაზობდნენ", - განუცხადა მან ჟურნალ Vanity Fair-ს.

ფილმი, რომელმაც ჯენიფერ ლოპესს ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა, ჟურნალ New York-ის 2015 წლის სტატიას ეფუძნება, რომელიც ღამის კლუბების ბიზნესში ჩართული ოთხი ქალის ისტორიასა და კლიენტების ძარცვის თაღლითურ სქემაზე მოგვითხრობს. ისტორია გამოცემის ფურცლებზე მას შემდეგ დაიბეჭდა, რაც სამანტა და მისი თანამზრახველები დააკავეს. ქალმა თავი დამნაშავედ ცნო შეთქმულების მოწყობაში, დაზარალებულთა ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ძარცვაში, რის შემდეგაც, მას ხუთწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა. სასჯელის მოხდის შემდეგ, მან სპა სალონი და პლასტიკური ქირურგიის ცენტრი გახსნა.

სამანტა ბარბეში დაკავებისას  

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული