Thumbnail

ჯონ ლენონის მეგობარი: ერთხელ ჯონი ამტკიცებდა, რომ იესო ქრისტე თავად იყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

დეკემბერში ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის გარდაცვალებიდან 39 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით არაერთმა მედიამ არტისტი სხვადასხვა სტატიით გაიხსენა. გამოცემამ Far Out Magazine შემსრულებლის მეგობრის, ტონი ბრომველის წიგნიდან Magical Mystery Tour: My Life With The Beatles ამონარიდი გამოაქვეყნა, რომელშიც ჯონი ამტკიცებს, რომ თავადაა ქრისტე. 

► როგორ გადაიღო ჯონ ლენონმა ფოტოები ალბომისთვის Unfinished Music No. 1: Two Virgins

► რას ფიქრობდა ჯონ ლენონი Led Zeppelin-ის შესახებ

"ერთხელ, LSD-ის მიღების შემდეგ, ჯონმა ჯგუფის წევრები სასწრაფოდ დაიბარა სტუდიაში. პოლი, რინგო და ჯორჯი Apple Records-ში მიცვივდნენ. ჯონმა მათ მიმართა - "რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ. მე იესო ქრისტე ვარ. დიახ, დედამიწაზე დავბრუნდი". პასუხად რინგომ ამოიოხრა და უთხრა - "კეთილი, მოდი, შეხვედრა გადავდოთ და ლანჩზე გავიდეთ". როცა სავაშხმოდ დასხდნენ, მათ მაგიდასთან თაყვანისმცემელი მივიდა, რომელსაც ლენონმა ასევე გაუმხილა, რომ ქრისტე იყო. ის კი დაიბნა და უპასუხა - "მაინც მომეწონა თქვენი ბოლო ალბომი", - წერს ტონი ბრომველი.

აღსანიშნავია, რომ ჯონ ლენონმა 1966 წლის ინტერვიუში განაცხადა, რომ "ბითლზი უფრო პოპულარულია, ვიდრე იესო", რამაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

ლენონმა თავისი პირველი ბენდი The Quarrymen თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი საზოგადოებამ ჯგუფ "ბითლზში" მოღვაწეობით გაიცნო. მას კოლექტივისთვის არაერთი კომპოზიცია აქვს დაწერილი. ყველაზე ხშირად არტისტი ნამუშევრებს პოლ მაკკარტნისთან ერთად ქმნიდა. მათ 1962-დან 1970 წლამდე პერიოდში 180-მდე ერთობლივი სიმღერა გამოუშვეს. 1968 წელს, ბენდში ყოფნის პარალელურად, ჯონმა სოლო კარიერა დაიწყო. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Imagine, Working Class Hero, Happy Xmas (War Is Over) და ა.შ. მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული