Thumbnail

ნახეთ: მუსიკოსების 10 გამორჩეული ჩაცმულობა 2019 წლის წითელი ხალიჩებიდან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი მუსიკოსები ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა პრესტიჟულ დაჯილდოებას. ღონისძიებები, რომლებზეც მათ იწვევენ, მუსიკალური ინდუსტრიის ფარგლებს სცდება და კინოსა და მოდის სფეროებსაც მოიცავს. გასაკვირი არ არის, რომ ყოველი ასეთი საღამო მედიის ყურადღების ცენტრშია, შესაბამისად, არტისტები კამერების წინ გამოსაჩენად სამოსს საგულდაგულოდ არჩევენ. 

გთავაზობთ მუსიკოსების 10 ყველაზე დასამახსოვრებელ ჩაცმულობას 2019 წლის წითელი ხალიჩებიდან:

Cardi B

ცნობილი ჰიპ ჰოპ შემსრულებელი Cardi B ბოლო პერიოდში მუსიკალური დაჯილდოებების წითელ ხალიჩაზე იშვიათად გვხვდება. თუმცა, როდესაც არტისტი კამერების წინ ჩნდება, ყოველთვის ახერხებს, თავი გამორჩეული ვიზუალით დაგვამახსოვროს. ამის საუკეთესო მაგალითი გრემის 61-ე დაჯილდოებაზე გადაღებული ფოტოა, რომელშიც ქარდი Mugler-ის კაბით პოზირებს. 

Celine Dion

იმისთვის, რომ ექსტრავაგანტურად გამოიყურებოდეს, კანადელ პოპვარსკვლავ სელინ დიონს განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. თუმცა, "მეთ გალა" ის ღონისძიებაა, რომელზეც ყველა ვარსკვლავი ცდილობს, ორიგინალური იყოს და სხვებზე მეტად ბრწყინავდეს. 2019 წელს ოსკარ დე ლა რენტას სამოსში გამოწყობილმა მომღერალმა ნამდვილად მოახერხა, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გამართული საღამოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტუმარი ყოფილიყო.

Jared Leto

პოპულარული ამერიკული ჯგუფის, 30 Seconds to Mars-ის ფრონტმენი, ჯარედ ლეტო კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელიც საკუთარი ჩაცმულობით ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა. წელს ყველაზე დასამახსოვრებელი მისი "მეთ გალას" წითელ ხალიჩაზე გამოჩენა იყო, სადაც არტისტმა თავისი საყვარელი ბრენდის, Gucci-ს სამოსით გაიარა.

Lady Gaga

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლედი გაგამ 2019 წელს არაერთხელ დაამტკიცა, რომ, ექსტრავაგანტური სტილის გარდა, დახვეწილი სილუეტის კაბებითაც შეუძლია თავის მოწონება. მათ შორის მეისონ ვალენტინოს ღია ცისფერი, შლეიფიანი კაბა გამოირჩეოდა, რომლითაც არტისტი ოქროს გლუბუსის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა.

Beyoncé

Cong Tri-ს მდოგვისფერი კაბა, რომელიც მომღერალმა ბიონსემ პოპულარული ანიმაციის, "მეფე ლომის" რიმეიქის ლონდონურ პრემიერაზე მოიხდინა, 2019 წლის წითელი ხალიჩების კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ჩაცმულობაა.

Jennifer Lopez

სხვადასხვა ღონისძიებაზე საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავების ჩამონათვალში ჯეილოს ხილვა არავის უკვირს, თუმცა, 2019 წელს მომღერალმა მოდის კრიტიკოსებს თავი განსაკუთრებით "მეთ გალაზე" გამოსვლით დაამახსოვრა. მუსიკოსმა Versace-ს კაბა და აქსესუარები მოიხდინა.   

Miley Cyrus

მომღერლის ჩაცმულობა Vanity Fair Oscars-ის წითელ ხალიჩაზე მოდის არაერთმა კრიტიკოსმა მოიწონა. შესაბამისად, Saint Laurent-ის შავ, ბრჭყვიალა კაბაში გამოწყობილი მაილი დამსახურებულად იკავებს ადგილს 2019 წლის ყველაზე გამორჩეულად ჩაცმული ვარსკვლავების სიაში.

Rihanna

პოპულარულმა ბარბადოსელმა მომღერალმა, რიანამ წელს უკვე მეხუთედ უმასპინძლა საქველმოქმედო ღონისძიებას Diamond Ball. რირი წითელ ხალიჩაზე Givenchy-ს შავ-თეთრი, ხავერდის კაბით გამოჩნდა. 1950-იანი წლების ჰოლივუდით შთაგონებულმა, მკაცრი კონტურის სამოსმა მოდის კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა. 

Harry Styles

2019 წლის "მეთ გალაზე" კამერების განსაკუთრებული ყურადღება Gucci-ს სამოსში გამოწყობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჰარი სტაილზმაც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ არტისტმა ბოიბენდ One Direction-ში მოღვაწეობის შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა და საზოგადოებაში არაერთი დასამახსოვრებელი ჩაცმულობით ჩნდება.

Billie Eilish

მომღერალი ბილი აილიში თავის სტილს არც მუსიკალურ დაჯილდოებებზე ღალატობს და წითელ ხალიჩებზეც უნისექს სამოსით ჩნდება. 2019 წლის American Music Awards-ზე თინეიჯერის ჩაცმულობას მოდის კრიტიკოსთა მოწონება ნამდვილად არ დაუმსახურებია, თუმცა, Burberry-ს მიერ სპეციალურად გოგონასთვის შექმნილმა სამოსმა და ბადით დაფარულმა სახემ მისი გარეგნობა უდაოდ დასამახსოვრებელი გახადა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული