Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ 2019 წლის 20 საუკეთესო ალბომს. 

2019 წლის 20 საუკეთესო კომპოზიცია

20. Floating Points - Crush

წლის ბოლოს გამოცემული ალბომების შემაჯამებელ სიაში შეყვანა ხშირად სარისკოა, რადგან შესაძლოა, ნამუშევრის სრულყოფილად შეფასებისთვის საკმარისი დრო გასული არ იყოს. თუმცა, Crush-ის შემთხვევაში პირველივე მოსმენაც კი საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, რომ რაღაც ძალზე საინტერესოსა და მშვენიერს შევეხეთ. 

სემ შეფერდი The XX-ს ტურნეში მხარდამჭერ არტისტად გაჰყვა და ერთ დღესაც კოაჩელას მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე მარტოს მოუწია დარჩენა. მუსიკოსის მიზანი, წესით, მსმენელის "გახურება" უნდა ყოფილიყო, თუმცა, მან ჰედლაინერის შესამზადებელი გამოსვლა სოლო პერფორმანსად აქცია - ნელი და ფრთხილი სეტის ნაცვლად, აგრესიული და თამამი ლაივ შესრულება სცადა, რაც მისთვის ემანსიპაციური მომენტი გამოდგა.

ეს ალბომი სწორედ The XX-თან ტურნეში ყოფნის გამოცდილებით არის შთაგონებული და კარგად გვაჩვენებს, რომ, მანამ Floating Points-ის მსგავსი არტისტები ამ სივრცეში რჩებიან, საცეკვაო ელექტრონულ მუსიკას ლეგიტიმაციის პრობლემა არ ექნება.

მოუსმინეთ ალბომს

19. These New Puritans - Inside the Rose

ინგლისურმა დუეტმა These New Puritans მეოთხე სტუდიური ალბომით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათი სტილის ზუსტად დახასიათება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ნამუშევარში ერთდროულად კლასიკური მუსიკის, ელექტრონიკის, არტ პოპის, პოსტ პანკისა და ტრიპ ჰოპის კვალი იკითხება. როგორც წესი, განსხვავებული მიმდინარეობის შერწყმის მცდელობები საეჭვო შედეგებით სრულდება, მაგრამ ეს ჩანაწერი ამ მხრივ იშვიათი გამონაკლისია.

ჯგუფის დამაარსებლებმა, ჯეკ და ჯორჯ ბარნეტებმა ალბომზე მუშაობის დაწყებამდე საკუთარ ლეიბლს ამცნეს, რომ კარიერაში ყველაზე კომერციულ ჩანაწერს ამზადებდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ტყუპებმა ერთხმად იცრუეს. მართლაც, სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით შექმნილი Inside the Rose არაფრით ჰგავს ჩარტების სათავეში მყოფ ჩანაწერებს. პოპვარსკვლავების ნაცვლად, ბენდს პარტნიორობა მუსიკალური ანდერგრაუნდის ისეთმა წარმომადგენლებმა გაუწიეს, როგორებიც არიან ექსპერიმენტული ფოლკის ლეგენდა, დევიდ ტიბეტი (კომპოზიციაში Into the Fire) და საკულტო პოსტ როკ კოლექტივის, Bark Psychosis-ის ლიდერი, გრეემ სატონი (კომპოზიციაში Infinity Vibraphones).

ჩანაწერში შესული თითოეული ტრეკი ზედმიწევნით დახვეწილია. მათ მელანქოლიურ, იდუმალ ჟღერადობას დამატებით ინტრიგას ორაზროვანი მინიშნებებით სავსე ტექსტები და ჯეკ ბარნეტის სპეციფიკური ვოკალი სძენს. Where the Trees Are on Fire, A-R-P და Anti-Gravity გამორჩეულად შთამბეჭდავი სიმღერებია, თუმცა, ალბომის კულმინაციად კომპოზიცია Beyond Black Suns გვევლინება. Inside the Rose ჯგუფის კიდევ ერთი ბრწყინვალე ნამუშევარია, რომელიც არტ პოპ ჩანაწერისთვის დამახასიათებელ კონცეფციაზეა აგებული და, ამავდროულად, სრულიად დაცლილია თანამედროვე პოპ მუსიკის კლიშეებისგან.

მოუსმინეთ ალბომს

18. Angel Olsen - All Mirrors

ენჯელ ოლსენი ის არტისტია, რომელიც თითოეულ ალბომში თავისთვის ახალ მიმართულებას პოულობს და თან ყოველ ჯერზე ახერხებს, ისეთი შთაბეჭდილება დატოვოს, თითქოს მთელი კარიერის განმავლობაში სწორედ ამ ჟანრში მოღვაწეობდა. თუ სადებიუტო ჩანაწერი Half Way Home ფოლკისა და ალტერნატიული როკის ელემენტებით იყო გაჯერებული, მომდევნოში Burn Your Fire for No Witness მან უკვე კლასიკური ინდი როკი შემოგვთავაზა. შემდეგ იყო My Woman, გარდამტეხი ეტაპი ოლსენის ცხოვრებასა და შემოქმედებით კარიერაში. ალბომმა, რომელშიც ამერიკელი მუსიკოსი დაკარგული სიყვარულით გამოწვეულ გრძნობებზე გვესაუბრა, მას სრულიად დამსახურებული პოპულარობა მოუტანა. და აი, სამი წლის შემდეგ ენჯელი თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით All Mirrors დაუბრუნდა.

არტ პოპის, დრიმპოპისა და კამერული მუსიკის ესთეტიკით გაჯერებული ალბომის დასაწყისშივე იგრძნობა, რომ მუსიკოსს თავდაჯერებულობა მოემატა. ამ ჩანაწერით ის თითქოს შიშვლდება მსმენელის წინაშე და მზის შუქზე თავისი შინაგანი სამყარო გამოაქვს. ოლსენის ნამუშევარს ბაროკო პოპის კვალობაზე უჩვეულოდ ინტენსიური ჟღერადობა გამოარჩევს. უკიდურესად დრამატული შესრულების მანერა, ბრწყინვალე ვოკალური მონაცემები და ბენ ბებითის დახვეწილი პროდაქშენი მას ერთგვარი პოპ სიმფონიის ფორმით წარმოაჩენს. ამ უკანასკნელის დამსახურება აუცილებლად ცალკეა აღსანიშნი. ბებითმა ჩანაწერში 14 ინტრუმენტზე დაუკრა და არანჟირებაც საკუთარ თავზე აიღო. რთულია იმის გამოცნობა, რა მიმართულებით განვითარდება მომავალში ენჯელ ოლსენის შემოქმედება, თუმცა, რაღაც ძალზე საინტერესოს და ორიგინალურს რომ შემოგვთავაზებს, ამის თქმა დარწმუნებით შეგვიძლია.

მოუსმინეთ ალბომს

17. Little Simz - GREY Area

ლონდონელი რეპერის, სიმბიატუ აჯიკავოს, იგივე Little Simz-ის მესამე ალბომი არტისტის სწრაფი შემოქმედებითი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ბრიტანული ჰიპ ჰოპ სკოლის საუკეთესო ტრადიციებზე დაყრდნობით შექმნილი ჩანაწერი მუსიკოსის წინა სტუდიურ რელიზს ხარისხით ბევრად აღემატება. ძალზე საინტერესო ინსტრუმენტალებისა და შთამბეჭდავი ფლოუს ხარჯზე GREY Area საუკეთესო ნამუშევრის სტატუსზე პრეტენზიას არა მხოლოდ მისი ავტორის დისკოგრაფიის, არამედ 2019 წლის ჰიპ ჰოპ სცენის მასშტაბითაც თამამად აცხადებს.

ლითლ სიმზს თავდაჯერება აშკარად მოემატა და საკუთარი შესაძლებლობებისაც ისე სწამს, როგორც არასდროს. ეს განწყობა ალბომის გამხსნელ კომპოზიციაშიც Offence იკითხება, რომელშიც რეპერი გამომწვევად გვეუბნება, რომ ცუდ დღეებში ჯეი ზია, ფორმის პიკში კი შექსპირი. ამ თამამი განცხადებისას არტისტს ზურგს მახვილგონივრული მეტაფორები, მდიდარი ლექსიკონი და რითმების ეფექტური მონაცვლეობა უმაგრებს. 

ალბომის ექსპერიმენტული ჟღერადობა ინტენსიურობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც კიდევ უფრო დასაფასებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მასში სემპლები გამოყენებული არ არის. რევერანსებისგან დაცლილ ლირიკაში არტისტი ოსტატურად აღწერს როგორც ემანსიპაციისა და რასობრივი დისკრიმინაციის საკითხებს, ისე პირად განცდებსა და პრობლემებს. ნამუშევრის უკანასკნელი კომპოზიციის Flowers ტექსტში კი კურტ კობეინის, ჯიმი ჰენდრიქსისა თუ ემი უაინჰაუზის დარ ლეგენდებს იხსენებს, რომლებმაც, ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, მუსიკის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს. ვეჭვობთ, ახალგაზრდა მუსიკოსს "ოცდაშვიდიანელთა კლუბში" გაწევრიანება ჰქონდეს განზრახული, თუმცა, მათი მსგავსი დიდების მოპოვებას რომ უმიზნებს, ამაზე GREY Area-ც ნათლად მეტყველებს.

მოუსმინეთ ალბომს

16. Orville Peck - Pony

მას შემდეგ, რაც გახმაურებულმა ფილმმა "კუზიანი მთა" გეი ქოვბოის პერსონაჟით მასკულინური სტერეოტიპები თავდაყირა დააყენა, მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის აიტაცებდა ამ იდეას რომელიმე ინდი არტისტი. ორვილ პეკის სახელით ცნობილი კანადელი მუსიკოსი დაახლოებით ისე გამოიყურება, ეს სურათი ანგ ლის ნაცვლად დევიდ ლინჩს რომ გადაეღო. ამერიკული ვესტერნების საკულტო გმირის, მარტოხელა რეინჯერის ნიღაბს ამოფარებულმა შემსრულებელმა, რომელიც ჯერჯერობით თავის ნამდვილ ვინაობას არ ამხელს, წელს სადებიუტო ალბომი Pony გამოსცა და მუსიკალური ინდუსტრიის ყურადღებაც ძალზე მარტივად მიიპყრო.

ალბომის ჟღერადობა ძალზე ორიგინალური და ეკლექტურია. კომპოზიცია Dead of Night გოთიკის, პოპისა და ქანთრის არაორდინარული ნაზავია, რომელსაც დასამახსოვრებელი მელოდია და ემოციური ლირიკა გამოარჩევს. სიმღერაში Buffalo Run პოსტ პანკისა და ბლუგრას რიტმების სინთეზს ვაწყდებით, Hope to Die-ში კი ალტერნატივისა და ვინტაჟური პოპის.

ხმის ღრმა ტემბრით დაჯილდოებული არტისტი ძალზე შთამბეჭდავ ვოკალურ დიაპაზონს ფლობს და მაღალ რეგისტრებში ასვლასაც უნაკლოდ ახერხებს, რაც მის ლანა დელ რეისეულ, ხაზგასმული დრამატიზმით აღსავსე შესრულების მანერას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. Pony წლის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ნამუშევარია, რომელიც იდუმალებით აღსავსე ქვიარ კოვბოის შემოქმედებითი კარიერის მიმართ დიდ მოლოდინსა და ინტრიგას გვიტოვებს.

მოუსმინეთ ალბომს

15. Danny Brown - uknowhatimsayin¿

2010-იან წლებში ჰიპ ჰოპ არტისტებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს საუბარი მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. დენი ბრაუნი ამ თემაზე გამორჩეულად ორიგინალური პერსპექტივიდან, ძალზე საინტერესო ხერხებით საუბრობს.

რთულია სხვა ისეთი რეპერის გახსენება, რომელიც მასავით ვულგარული იუმორის გრძნობით გამოირჩევა და თან, უხამსობამდე მისული კომიკურობის ფონზე, მძიმე განცდების შთამბეჭდავად გადმოცემასაც ახერხებს. ის თითქოს ჯამბაზია, რომლის მხიარული ნიღბისა და ექსცენტრიკულობის მიღმა, შავბნელი ფიქრებით შეპყრობილი ადამიანი იმალება. თუმცა, დენის წლევანდელი ალბომის მოსმენისას, რომელიც მის კვალობაზე უჩვეულოდ ოპტიმისტური განწყობით გამოირჩევა, ცხადი ხდება, რომ მუსიკოსის შინაგან სამყაროში ნელ-ნელა ნათელი მხარე იმარჯვებს.

ახალი ნამუშევარი ავტორმა სთენდაფ კომიკოსის შოუს შეადარა, რომელიც ემოციური კონტრასტებითაა სავსე. შავი იუმორით განმსჭვალულ Dirty Laundry-ის დეპრესიული Shine ენაცვლება, პოზიტივით აღსავსე Best Life-ს კი აგრესიული Theme Song. ამ ჩანაწერში დენიმ სემპლების ეგზოტიკური წყაროებიდან მოძიებისა და იდეალურად დამუშავების ტრადიციაც შეინარჩუნა. ეს დიდწილად მოწვეული პროდიუსერების, განსაკუთრებით კი JPEGMafia-სა და ლეგენდარული კოლექტივის A Tribe Called Quest ყოფილი წევრის, Q-Tip-ის დამსახურებაა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა uknowhatimsayin¿ თანამედროვე ჰიპ ჰოპ სცენის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის ისედაც ბრწყინვალე დისკოგრაფიაში მორიგი შთამბეჭდავი ნამუშევარი გამხდარიყო.

მოუსმინეთ ალბომს

14. Holly Herndon - PROTO

ადამიანისა და ტექნოლოგიების ურთიერთობის თემატიკა ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტებისთვის უცხო ნამდვილად არ არის. თუმცა, ჰოლი ჰერნდონი სხვებთან შედარებით ერთი ნაბიჯით წინ დგას. ის ხომ მუსიკას თავისივე შექმნილი, Spawn-ის სახელით მონათლული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით წერს, რომელიც ადამიანის მიერ გამოცემული ბგერებით საზრდოობს. თავის ახალ ალბომზე PROTO მუშაობისას, ჰერნდონმა ჰომო საპიენსსა და კომპიუტერს შორის წარმოქმნილი ეს უცნაური სიმბიოზი ახალ საფეხურზე აიყვანა და ერთგვარი ტრენინგის კურსი მოაწყო, სადაც მის მიერ მოწვეული ვოკალისტები პროგრამას ხმების ინტერპრეტირებას თავადვე ასწავლიდნენ.

ამის პარალელურად არ იცვლება მთავარი - სტუდიაში მართვის სადავეები მაინც ადამიანს უჭირავს, რომელიც მის ირგვლივ არსებულ ციფრულ თუ აკუსტიკურ გარემოს ხან შუა საუკუნეების საეკლესიო მუსიკისკენ მიუძღვება, ხან კლუბის საცეკვაო მოედნისკენ, ხანაც ელექტროაკუსტიკური სნობიზმისკენ. შეიძლება, მსგავსი ექსპერიმენტი სხვაგანაც შეგხვედრიათ, მაგრამ ამ პროცესში ისეთ გრძნობას, როგორიც სიყვარულია, ჰერნდონის მსგავსად არავინ შეხებია.

თანამედროვე სამყაროში საზოგადოების ნაწილი ტექნოლოგიური პროგრესის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოირჩევა და თვლის, რომ მშრალი რაციონალიზმი ადამიანური ემოციებისა თუ ინტერაქციისთვის სულ უფრო და უფრო მცირე ადგილს ტოვებს. ჰოლი კი ცდილობს, საპირისპირო დაამტკიცოს. ის მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელ, პლასტიკურ და სინთეტიკურ გარემოშიც კი ახერხებს, ცოცხალი ემოციებით ითამაშოს და თითქოს სჯერა, რომ რობოტებისა და აპლიკაციების დიდი დოზით ინტეგრირების შემთხვევაშიც კი, ადამიანის მთავარი არსი ხელუხლებელი დარჩება.

​​​​​► მოუსმინეთ ალბომს

13. The Comet is Coming - Trust in the Lifeforce of the Deep Mystery

ბრიტანული ჯაზ ტრიოს The Comet Is Coming მეორე სტუდიურმა ალბომმა ნათლად დაგვანახა, რომ ჯგუფის ლიდერის, შაბაკა ჰატჩინგსის პროექტებს (Sons of Kemet, Shabaka & the Ancestors და სხვა) შორის ყველაზე საინტერესო და თვითმყოფადი სწორედ ეს ბენდია.

Trust in the Lifeforce of the Deep Mystery-ში სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებსა და სპირიტუალიზმით შთაგონებას შორის ზღვარი იშლება, ლეგენდარული Sun Ra-ს აფროფუტურისტული იდეალების გავლენა კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. ჩანაწერის უმთავრესი ღირსება მისი უჩვეულოდ მრავალფეროვანი ჟღერადობაა - აქ ელექტრონული მუსიკა, ფანკი, ემბიენთი, ჯაზი და ფსიქოდელია იმდენად შთამბეჭდავად ერწყმის ერთმანეთს, რთულად დასაჯერებელიცაა, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ სამი მუსიკოსი ქმნის.

ალბომი ჯაზ ფიუჟენის კვალობაზეც კი ადრენალინის არნახული დოზითაა გაჟღენთილი. დასარტყამი ინსტრუმენტების რიტმულ პარტიებს სინთეზატორის ფუტურისტული ბგერები ერწყმის, მათ ფონზე კი ჰატჩინგსის მიერ ხან საქსოფონზე, ხანაც ბას კლარნეტზე შესრულებული იმპროვიზაციები პირველყოფილი ენერგიით დამუხტულ ატმოსფეროს ქმნის. ნამუშევარში შესული კომპოზიციებიდან ტექსტი მხოლოდ Blood of the Past-ს ახლავს, თუმცა, დანარჩენ ტრეკებში ალბომის პათოსი ყოველგვარი ლირიკის გარეშეც ნათლადააა ასახული. ეს ჩანაწერი ერთგვარი რექვიემია ძალადობით სავსე, კონსუმერისტული, გასანადგურებლად განწირული სამყაროსთვის, რომელიც, ფატალისტური განწყობის ნაცვლად, სიცოცხლისა და მისი თვითგანახლების მისტიკური ძალის მიმართ რწმენას ასხივებს.

მოუსმინეთ ალბომს

12. Sharon Van Etten - Remind Me Tomorrow

2014 წელს, მეოთხე სტუდიური ჩანაწერის Are We There გამოცემის შემდეგ, შერონ ვან ეტენმა სამსახიობო კარიერა წამოიწყო, ფსიქოლოგის დიპლომს დაეუფლა, რამდენიმე ფილმის საუნდტრეკი შექმნა და პირველი შვილი გააჩინა. მარტივად მისახვედრია, რომ მუსიკოსს ამ დროის განმავლობაში ბევრი სათქმელი დაუგროვდა. ახალ ალბომში Remind Me Tomorrow არტისტი სწორედ მისი ცხოვრების ახალ ეტაპთან დაკავშირებულ ემოციებზე მოგვითხრობს.

ცვლილებები შერონის ნამუშევრების ჟღერადობამაც განიცადა. ფოლკისა და ინდი როკის ჟანრებში მოღვაწე არტისტს სინთეზატორები ასეთი დიდი დოზით აქამდე არასდროს გამოუყენებია. ალბომში შესულ საუკეთესო კომპოზიციებს გამორჩეული ეფექტურობა სწორედ ამ ინოვაციამ შესძინა. კომპოზიციის Memorial Day მოსმენის შემდეგ ნათელი ხდება, რომ შერონის ექსპერიმენტმა სრულად გაამართლა. Roland-ის მარკის სინთეზატორზე Jupiter 4 შესრულებული ამავე სახელწოდების სიმღერა კი მუსიკოსის დისკოგრაფიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. სენტიმენტებით სავსე ჩანაწერში დაძაბულობისა და შინაგანი სიცარიელის ასეთი სიმძაფრით გადმოცემა ხშირ მოვლენას ნამდვილად არ წარმოადგენს.

ალბომში ატმოსფერული ჟღერადობის ტრეკებთან ერთად როკ ბალადებიც გვხვდება. შერონის შემოქმედება დიდწილად წარსულის ემოციურმა ტრავმებმა და დანგრეულმა ურთიერთობებმა განსაზღვრა. Seventeen, No One’s Easy to Love და სხვა კომპოზიციები კი მიგვანიშნებს, რომ მუსიკოსმა საკუთარი დემონების ტყვეობაში დარჩენის ნაცვლად, მათზე გამარჯვება და ცხოვრების გაგრძელება ისწავლა.

მოუსმინეთ ალბომს

11. Thom Yorke - ANIMA

"გიჭირთ თქვენი სიზმრების გახსენება? ეს შეგრძნება ჩვენთვისაც კარგადაა ნაცნობი - სიურრეალისტური სამყაროს სიღრმეში ხარ, სადაც შეგიძლია, ნებისმიერი რამ გააკეთო და ის იყო, ვინც გსურს. შემდეგ იღვიძებ და ზმანება ქარისა თუ კვამლის მსგავსად იფანტება. თუმცა, დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად ქრება? აქ, ANIMA-ში სიზმრების კამერა შევქმენით. დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ ნომერზე 07588 733 111 და თქვენს სიზმრებს დაგიბრუნებთ", - ეს ორიგინალური სარეკლამო ტექსტი ლონდონის მეტროპოლიტენში ივნისის დასაწყისში გამოჩნდა და დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია.

ცნობისმოყვარეებს, რომლებიც მითითებულ ნომერზე რეკავდნენ, უცნაური ხმოვანი ჩანაწერის მოსმენა უწევდათ. ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში კი, ვირტუალური თანამოსაუბრე მეტწილად სტანდარტული, თავაზიანი ტექსტებით პასუხობდა. თუმცა, ხანდახან ერთი შეხედვით მწყობრში მყოფ ანდროიდს პარანოიის შეტევები ეწყებოდა და ხან ციფრულ ტექნოლოგიებს ლანძღავდა, ხანაც მომხმარებლისგან ვინაობის გამხელას ისტერიულად მოითხოვდა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ჯგუფ Radiohead-ის ფრონტმენის, ტომ იორკის მესამე სტუდიური ალბომის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, პროგრამის მიერ წამოსროლილი ფრაზები კი ნამუშევრის ლირიკიდან ამოგლეჯილი ფრაზები აღმოჩნდა.

Radiohead-ის უცვლელ პროდიუსერთან, ნაიჯელ გოდრიჩთან ერთად შექმნილი ალბომი ნაწილობრივ აქამდე გამოუცემელი, ნაწილობრივ კი ახალი ტრეკებითაა დაკომპლექტებული. იორკის წინა სოლო ნამუშევრები დაუსრულებლობის განცდას ტოვებდა - თითქოს მუსიკოსი საკუთარი იდეების გორგალში იხლართებოდა. მათ მსგავსად, ANIMA-შიც ემბიენთ პოპს და ექსპერიმენტულ ელექტრონიკას ვისმენთ, თუმცა, მასში არტისტის ხედვა სრულყოფილადაა გამოკვეთილი და თითოეული დეტალი თითქმის იდეალურადაა დამუშავებული. ეს პროგრესი განსაკუთრებით სიმღერებში Traffic, The Axe და Runwayway იგრძნობა. ჩანაწერის ცენტრალური კომპოზიციის სტატუსს კი მინიმალისტური, ულამაზესი ბალადა Dawn Chorus იმსახურებს.

როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოლექტივის ფრონტმენობით ტომ იორკმა საკუთარი თავი, როგორც დამოუკიდებელი არტისტი, ძალაუნებურად ჩრდილში მოაქცია. ამისგან თავის დაღწევის პირველი, მეტნაკლებად წარმატებული მცდელობა 2018 წელს კინოსურათისთვის Suspiria შექმნილი საუნდტრეკი იყო, ANIMA კი სინათლისკენ მტკიცედ გადადგმული პირველი ნაბიჯი და იორკის სოლო შემოქმედებაში საუკეთესო ჩანაწერია.

მოისმინეთ ალბომს

10. Billie Eilish - When We Fall Asleep Where Do We Go?

ფართო აუდიტორიამ ბილი აილიშის შესახებ პირველად 2016 წელს, საუნდქლაუდზე კომპოზიციის Ocean Eyes ატვირთვის შემდეგ შეიტყო. მცირე ხანში ამ ინტროვერტის იერის მქონე, ექსცენტრიკულმა თინეიჯერმა ერთიმეორეზე წარმატებული სინგლები გაავრცელა და პოპულარობაც თავბრუდამხვევი სისწრაფით მოიპოვა. სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა When We All Fall Asleep, Where do We Go? კი ნათლად დაგვანახა, რომ ბილის წარმატება შემთხვევითი სულაც არ იყო და მისი ვარსკვლავი პოპმუსიკის გალაქტიკაში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იკაშკაშებს.

18 წლის ბილი აილიში მუსიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა არტისტია, რომელმაც ბილბორდის ჩარტში მოწინავე პოზიციის დაკავება შეძლო და ერთ წელიწადში გრემის 6 ნომინაცია მოიპოვა. მის ვიზუალში გოთურ მაკიაჟსა და აქსესუარებს ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი, დიდი ზომის ტანსაცმელი ერწყმის. სადებიუტო ჩანაწერიც თითქოს ამ ორი ჟანრის ელემენტების ნაზავია, რომლებიც გადაკვეთის წერტილს ელექტრონული პოპის სივრცეში პოულობენ.

ნამუშევრის ჟღერადობაზე ბილისთან ერთად მისმა ძმამ, ფინეასმა იმუშავა. მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშნებია მინიმალიზმი და ჩამთრევი მელოდიების სიუხვე. ლირიკაში ფატალისტურ განწყობას სარკაზმი ენაცვლება, დეპრესიულ ტექსტებს თავდაჯერებულობით აღსავსე ტონი. ისე, რომ რთული გამოსაცნობია, რა ხდება რეალურად ბილის შინაგან სამყაროში. ავტორის ენიგმატური პერსონისა და პოპ მუსიკის სპეციფიკასთან არატრადიციული მიდგომის წყალობით, When We All Fall Asleep, Where Do We Go? ყველა ასაკის მსმენელის დაინტერესებას ახერხებს, მაგრამ ამავდროულად მკვეთრად თინეიჯერულ სულს ინარჩუნებს. ინტერნეტის ეპოქის თაობისთვის ბილი აილიში არქეტიპიცაა და იმავე მასშტაბის კერპიც, როგორიც მათი მშობლებისთვის კურტ კობეინი გახლდათ. საკუთარი Smells Like Teen Spirit კი, ალბათ, ყველა თაობას თანაბრად სჭირდება.

მოუსმინეთ ალბომს

9. Fontaines D.C. - Dogrel

ბოლო დროს პოსტ პანკ ბენდები სოკოებივით მომრავლდნენ, თუმცა, ირლანდიურმა კოლექტივმა Fontaines D.C. სადებიუტო ალბომით Dogrel ყურადღების მიპყრობა მარტივად მოახერხა. ამ ჩანაწერში ჟანრისთვის დამახასიათებელ თითქმის ყველა ელემენტს ვაწყდებით - ბასის გამოკვეთილი პარტიები, დასარტყამების მონოტონური რიტმები და დეპრესიული, დეკადენტური ლირიკა. ამავდროულად, ჯგუფის ხელწერა, რომელიც პროტოპანკის ხისტი ჟღერადობის როკ მუსიკის თანამედროვე ტენდენციებზე მორგებას გულისხმობს, ინდივიდუალურია და მასში ვინმეს ბრმად კოპირების მცდელობა არ იგრძნობა.

ნამუშევარს განსაკუთრებულ ხიბლს გრიენ ჩატენის სპეციფიკური ვოკალი სძენს, რომლის მკვეთრი აქცენტიც ძალაუნებურად მის გამოჩენილ კოლეგებს, მარკ სმიტსა (The Fall) და შეინ მაკგოუენს (The Pogues) მოგვაგონებს. მისი იენ კერტისისეული, ნერვული სასცენო ჟესტიკულაცია კი, ალბათ, ყველაზე მეტადაა "დამნაშავე" იმაში, რომ ბენდი კრიტიკოსებისა თუ მსმენელების მხრიდან ლეგენდარულ Joy Division-თან უსაფუძვლო შედარებას ვერ ასცდა.

Dogrel-ში ირლანდიური იდენტობის გამოძახილი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. იქაური ყოველდღიურობა და გარემო ჯეიმს ჯოისისეული დეტალურობითაა აღწერილი. წვიმიანი დუბლინი აქ ერთდროულად მომაბეზრებელიცა და მომაჯადოებელიც, ახალბედა ბენდის მხრიდან წარმატების მიღწევის სურვილში სერიოზული ამბიციაც იგრძნობა და თვითირონიაც, ადგილობრივი სოციუმისადმი მუსიკოსების დამოკიდებულება კი აშკარად გაორებულია. Fontaines D.C. ის ჯგუფია, რომლის წევრებისთვისაც ნონკონფორმიზმი ბუნებრივი მდგომარეობაა და არა ხელოვნური პოზა. სწორედ ეს გულწრფელობა სძენს განსაკუთრებულ ხიბლს მათ სადებიუტო ალბომს, რომელმაც დამწყებ კოლექტივს უკვე მოუხვეჭა თანამედროვე პოსტ პანკ სცენის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო და იმედისმომცემი წარმომადგენლის სტატუსი.

მოუსმინეთ ალბომს

8. Lana Del Rey - Norman Fucking Rockwell!

ლანა დელ რეის დიდ სცენაზე გამოჩენის დღიდან მუდმივად ისმოდა პრეტენზიები, რომ არტისტის ვოკალური დიაპაზონი საკმაოდ შეზღუდულია, მისი ნამუშევრების ჟღერადობა კი ზედმეტად ერთფეროვანი. ამერიკელი მუსიკოსის რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი მსგავსი შენიშვნებისთვის მინიმალურ ადგილსაც კი არ ტოვებს - ლანას საშემსრულებლო ტექნიკა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, იდეების მრავალფეროვნების მხრივ კი Norman Fucking Rockwell! წლის ერთ-ერთი გამორჩეული ჩანაწერია. ეს პროგრესი დიდწილად, ალბათ, იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ამჯერად ლანამ შთაგონება არა მხოლოდ რეტრო პოპიდან, არამედ ფსიქოდელიიდან და ფოლკ როკიდანაც ისესხა (რაზეც ლირიკაში არაერთ ლეგენდარულ არტისტზე, მათ შორის ჯონი მიტჩელსა და Led Zeppelin-ზე მინიშნებებიც მეტყველებს).

არტისტის თაყვანისმცემლებს კარგად მოეხსენებათ 1950-იანი და 1960-იანი წლების შეერთებული შტატების პოპ კულტურით მისი გატაცების შესახებ. Norman Fucking Rockwell!-ის კონცეფცია კი ამერიკული ოცნების დეკონსტრუქციაზეა აგებული და ლეგენდარული მხატვრის, ნორმან როქველის შემოქმედებას ეყრდნობა, რაზეც ალბომის სახელწოდებაც მიგვითითებს. როქველი მშობლიური ქვეყნის ყოველდღიურობის იდილიურ სურათებს ხატავდა. თუმცა, მის, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ, ხელოვნების კრიტიკოსების მიერ კიტჩად შეფასებული ნამუშევრების დეტალებში ხშირად გაცილებით ღრმა შინაარსი იკითხებოდა.

ლანას ალბომის ლირიკაშიც სტრიქონებს შორის რომანტიკული ურთიერთობების თანმდევი პრობლემები და გლამურის ბნელი მხარე იმალება.
მუსიკოსის განწყობას ირონიული ელფერი დაჰკრავს, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებაც კი ვერ ფანტავს მელანქოლიას, რომელიც ისევე ავსებს მის სულს, როგორც როქველის ფუნჯი საღებავებით ამერიკული ყოფის ამსახველ ილუსტრაციებს. Norman Fucking Rockwell! ლანა დელ რეის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რომელშიც არტისტი საკუთარ ემოციებს ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისეული ოსტატობით გადმოგვცემს. 

მოუსმინეთ ალბომს

7. James Blake - Assume Form

ჯეიმს ბლეიკის მეოთხე სტუდიური ალბომი მის მიერ აქამდე გამოვლილი გზის ეფექტური დაგვირგვინებაა. საკულტო პროგრესივ როკ ბენდის, Colosseum-ის წევრის, ჯეიმს ლათერლენდის შვილმა თავისი უცნაური ექსპერიმენტებით ყურადღება კარიერის დასაწყისშივე მიიპყრო და მცირე ხანში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდიუსერადაც იქცა. თუმცა, აშკარა იყო, რომ კულისებში ყოფნა ჯეიმსის ამბიციებს სათანადოდ ვერ აკმაყოფილებდა და მუსიკოსი პოპვარსკვლავად გადაქცევას ლამობდა. Assume Form-ის მოსმენის შემდეგ თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ინგლისელმა არტისტმა ამ მიზნისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ალბომის პირველივე წამებიდან ვიგებთ, რომ ჯეიმსმა ჭეშმარიტი სიყვარული იპოვა. პოპ მუსიკაში ამაზე ბანალური ცოტა რამ თუ მოიძებნება, მაგრამ ბლეიკი ახერხებს, ყველაზე გაცვეთილი თემებიც კი საინტერესოდ წარმოაჩინოს. თავისი შემოქმედებისთვის უჩვეულო განცდებს, ბედნიერებასა და ოპტიმიზმს, არტისტი მელანქოლიური მელოდიური ჩანართებითა და რომანტიკული ურთიერთობების თანამდევ სირთულეებზე საუბრით აბალანსებს. ამ ფორმულის წყალობით, ემოციურად გაწონასწორებულ ჩანაწერს ვიღებთ, რომელიც მსმენელს მოწყენის საშუალებას ერთი წამითაც არ აძლევს. ეს დიდწილად მოწვეული არტისტების დამსახურებაცაა. ერთ დროს ბრიტანული იატაკქვეშა ელექტრონული სცენის წარმომადგენელს, რომელმაც ინდი ლეიბლი 1-800 Dinosaur დააარსა და ლონდონში რამდენიმე ათეული მსმენელისთვის საკლუბო ღამეებს მართავდა, ახალ ნამუშევარში პოპკულტურის გამორჩეული წარმომადგენლები უმშვენებენ გვერდს.

ვეტერანი რეპერი André 3000 კომპოზიციაში Where's the Catch კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ მის საფირმო ფლოუს დრო ვერაფერს აკლებს. ნიუ სქულის ვარსკვლავებთან, ტრევის სკოტთან და მეთრო ბუმინთან ერთად ჩაწერილი Mile High ნამდვილი ფსიქოდელიური შედევრია. ალბომის ერთ-ერთ ულამაზეს სიმღერაში, სენტიმენტალური ემოციებით სავსე Barefoot in the Park-ში კი ჯეიმსს პარტნიორობას გასული წლის აღმოჩენა, ესპანელი შემსრულებელი როზალია უწევს.

უმეტესწილად საკუთარი კლიენტების ჩრდილში მყოფი, ექსპერიმენტატორი პროდიუსერების პოპვარსკვლავებად გარდაქმნის ტენდენცია უკანასკნელ წლებში თვალნათლივ გამოიკვეთა. ამისთვის საჭირო პოტენციალის მქონე არტისტთა რიგებში ბლეიკი თავიდანვე ირიცხებოდა, Assume Form-ით კი მუსიკოსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამგვარი სახეცვლილების უნარი, პირველ რიგში, სწორედ მას შესწევს. ჯეიმსს ხომ დროსთან ერთად განვითარება და თანამედროვე კულტურაში დამკვიდრებული ტენდენციების საკუთარ შემოქმედებაზე მორგება უბადლოდ გამოსდის.

მოუსმინეთ ალბომს

6. Nick Cave and the Bad Seeds - Ghosteen

ლეგენდარული ავსტრალიური კოლექტივის შემოქმედებაში ეს ალბომი იმ ტრილოგიის ფინალური ნაწილია, რომელიც 2013 წელს Push the Sky Away-თ დაიწყო და სამი წლის შემდეგ Skeleton Tree-თ გაგრძელდა. თავის დროზე ამ უკანასკნელის პირქუში განწყობა მსმენელებმა თუ კრიტიკოსებმა ბენდის ფრონტმენის, ნიკ ქეივის ვაჟის გარდაცვალებას მიაწერეს. თუმცა, ტრაგიკულ შემთხვევამდე ნამუშევარი თითქმის მთლიანად იყო დასრულებული, შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი კი მუსიკოსმა სწორედ Ghosteen-ში ასახა.

ალბომის შინაარსის შესახებ პირველად წარმოდგენას გარეკანზე სამოთხის კიტჩური გამოსახულება და მისი სახელწოდება გვიქმნის, რომელიც სიტყვაზე Ghost (ინგ: მოჩვენება, აჩრდილი) ირლანდიურ ენაში გავრცელებული ბოლოსართის een დამატებითაა მიღებული და შეგვიძლია, ვთარგმნოთ, როგორც "პატარა მოჩვენება".

ოჯახურ ტრაგედიასთან გამკლავების გზას ქეივი ემპათიაში, სიყვარულსა და სიმშვიდეში ხედავს, ნამუშევრის ლირიკაც რელიგიური ალუზიებითაა სავსე და ეს ყველაფერი სრულიად განსხვავდება იმ ბნელი, გოთიკური ატმოსფეროსგან, რომელიც აქამდე ბენდის შემოქმედების თითქმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

აქ ქეივის საფირმო შესრულების მანერის ნატამალსაც ვერსად ნახავთ. მუსიკოსის ღრმა ბარიტონი საგრძნობლადაა დარბილებული და ნიკი ხანდახან მისი სტილისთვის სრულიად უჩვეულო ფალცეტებსაც კი გვთავაზობს, რომლებსაც პერიოდულად ჰარმონიული გალობა ერწყმის. Ghosteen-ში ბენდს გიტარები და დასარტყამები თითქმის არ გამოუყენებია. მათ ნაცვლად ჩანაწერის ინსტრუმენტალი ვიბრაფონზე, ფლეიტაზე, ფორტეპიანოსა და სინთეზატორებზეა აგებული. ალბომის გაბმულ, ემბიენთ ჟღერადობაში რიტმს დისონანსი სულ რამდენიმეჯერ შემოაქვს და ამ შემთხვევებშიც ეს ზოგად ემოციურ ფონს არ არღვევს.

ალბომის ფილოსოფიის ამოსავალ წერტილს უკანასკნელი კომპოზიციის Hollywood ტექსტში ვაწყდებით, რომელიც კისა გოტამის ლეგენდაზე მოგვითხრობს. დიდგვაროვანმა მდიდარმა ქალმა ბუდას ერთადერთი შვილის გაცოცხლება სთხოვა, მან კი სურვილის შესრულების სანაცვლოდ დაავალა, შემოევლო სოფელი და შეეგროვებინა მდოგვის მარცვლები თითოეული ოჯახიდან, რომელშიც არასდროს არავინ მომკვდარიყო. ბევრი მცდელობის მიუხედავად, კისამ ვერ იპოვა სახლი, სადაც ძვირფასი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არ განეცადათ. მან სიკვდილის გარდაუვალობა გააცნობიერა, ბედისწერას დამორჩილებულმა შვილი დამარხა, თავად კი ბუდასთან დაბრუნდა, რათა მისი მოწაფე გამხდარიყო. ქეივმაც გამოსავალი სწორედ ამაში იპოვა - რეალობისგან გაქცევის ნაცვლად, მასთან შეგუებასა და ტკივილთან ერთად ცხოვრების სწავლაში.

მოუსმინეთ ალბომს

5. Freddie Gibbs & Madlib - Bandana

ხუთი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ შევიკრიბეთ. თანამედროვე ჰიპ ჰოპის გამორჩეული დუეტი MadGibbs ტრილოგიის მეორე ნაწილით Bandana დაგვიბრუნდა. საბედნიეროდ, ყველა ხელშემშლელი მიზეზი წარსულს ჩაბარდა. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ ინდიანელმა რეპერმა, ფრედი გიბსმა ციხის საკანს თავი დააღწია და გისოსებს მიღმა დაწერილი ტექსტებით ლეგენდარული პროდიუსერის, მედლიბის კალიფორნიული სტუდიისკენ გაემართა. მეგობარი კოლეგების მომაკვდინებელი კოლაბორაციის ნანატრი შედეგი კი, როგორც იქნა, ჩვენს ფლეილისთებში გაჟღერდა.

2014 წლის კლასიკური ალბომისგან Piñata განსხვავებით, არტისტებმა ახალი ნამუშევარი მსხვილი ლეიბლის, RCA Records-ის დახმარებით გაავრცელეს. იატაკქვეშეთში სახელმოხვეჭილმა დუეტმა მსმენელთა რიცხვის გაზრდა გადაწყვიტა. MadGibss მზად არის ფართო ასპარეზისა და ნებისმიერ კოლეგასთან კონკურენციისთვის. ფრედი ამ მზაობას ხაზს ალბომის დასაწყისშივე, ტრეკში Freestyle Shit უსვამს და აცხადებს, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო ნარკოტიკებით ვაჭრობა იყო, მაგრამ დღეს გიბსი ფულის შოვნას ბევრად მშვიდი გზით, მუსიკალური კარიერის ხარჯზე აპირებს. ამავე თემაზე საუბრობს ის ალბომის ერთ-ერთ მთავარ კომპოზიციაში Crime Pays, რომელშიც რეპერი მშობლიური ინდიანას ყოველდღიურობას გვაცნობს. დრო გადის, თუმცა, გეტოში არაფერი იცვლება. იქ მცხოვრები აფროამერიკელების გადარჩენის ერთადერთ გზად კვლავ დრაგდილერობა რჩება. 

რთულია ემსის მოძებნა, რომელიც მედლიბთან კოლაბორაციისას არ დაიჩარგება. ამით არა რეპერების დაკნინება, არამედ ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო პროდიუსერის გენიალურობის ხაზგასმა გვსურს. ფრედი გიბსის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, დუეტის მთავარი ხიბლი, რა თქმა უნდა, კალიფორნიელი პროდიუსერის მრავალფეროვანი ბითები გახლავთ, რომლებიც, თავის მხრივ, გასულ საუკუნეში გამოცემულ ვინილებში საათობით ქექვის, გემოვნებიანი სელექციისა და სემპლინგის შედეგია. 

მსხვილ ლეიბლთან გაფორმებული კონტრაქტი ავტომატურად მეინსტრიმისკენ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ნაბიჯის სიგრძე და არა მისი მიმართულება. პირველ რიგში, სწორედ აქ ვგრძნობთ მედლიბის ოსტატობას, რომელმაც 5 წლის განმავლობაში ალბომის თითოეული დეტალი სრულყოფილებამდე დახვეწა. ისეთი თრეფ ბენგერები, როგორებიცაა Half Manne Half Cocaine და Situations სიახლეა მის შემოქმედებაში, თუმცა, მათთან ერთად ჟღერადობით დუეტის პირველ ალბომში წარმოდგენილი ტრეკების მსგავს ნამუშევრებსაც ვხვდებით, მაგალითისთვის კომპოზიციას Fake Names.

მოკლედ რომ ვთქვათ, 5 წელს ფუჭად ნამდვილად არ ჩაუვლია და ლოდინი ნამდვილად ღირდა - ფრედი გიბსმა და მედლიბმა წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი შემოგვთავაზეს. და გახსოვდეთ, 5 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ შევხვდებით. 2024 წელს კოლეგები ტრილოგიის ბოლო ნაწილით დაგვიბრუნდებიან.

მოუსმინეთ ალბომს

4. Weyes Blood - Titanic Rising

Weyes Blood-ის ფსევდონიმით ცნობილი ნატალი მერინგი სამართლიანად ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულად საინტერესო არტისტად. მის ნამუშევრებს ტრადიციულად მსმენელებისა და კრიტიკოსების ერთსულოვანი აღფრთოვანება მოსდევს. თუმცა, ამერიკელი მუსიკოსის რიგით მეოთხე სტუდიურმა ალბომმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მისი ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლებიც კი გაოგნებული დატოვა.

Titanic Rising-ის გაცნობისას ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს The Beach Boys-ის აქამდე უცნობ ჩანაწერს წააწყდი, რომელშიც ეპოქალურ კოლექტივს წამყვან ვოკალისტად რატომღაც კარენ კარპენტერი ჰყავდა მოწვეული. ამ უკანასკნელისა და მერინგის ხმას შორის მსგავსების აღმოსაჩენად სიმღერის Something to Believe ერთხელ მოსმენაც საკმარისია. ბრაიან ვილსონისა და კომპანიის გავლენა კი ნამუშევრის ჟღერადობაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. განსაკუთრებით ვოკალური ჰარმონიებით სავსე კომპოზიციაში Everyday.

ალბომში ვინტაჟურ, 1960-იანი წლების არტ პოპისთვის დამახასიათებელ საუნდსა და მელოდიურ მისამღერებს სინთეზატორების ფუტურისტული ბგერები თუ ინდი როკის ელემენტები იშვიათი ბუნებრიობით ერწყმის. ამ ექსპერიმენტის ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი კომპოზიცია Andromeda გახლავთ, რომელშიც ორი ეპოქის მუსიკალურ ტენდენციებს შორის განსხვავებები თითქმის წაშლილია. ჩანაწერს დამატებით ხიბლს არტისტის მძლავრი მეცო-სოპრანო სძენს. ალბომის ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიციაში Movies მერინგის შთამბეჭდავი ვოკალური მონაცემებისა და იდეალური ხმის რეჟისურის ხარჯზე ისეთი ეფექტი იქმნება, თითქოს მუსიკოსი მართლაც წყალში ჩაძირულ ოთახში მღერის.

ალბომის ლირიკა თანამედროვე სამყაროსგან იმედგაცრუებითაა შთაგონებული. ვირტუალური სასიყვარულო ურთიერთობების სიმყიფეს, ახლო ადამიანებს შორის ჩატეხილ ხიდებს, ცხოვრების აჩქარებულ ტემპსა და გარშემო გამეფებულ ნიჰილიზმს მერინგი ხან სევდიანად, ხანაც მსუბუქი ცინიზმით აღწერს. ამ ყველაფრისგან შვებას არტისტი ნოსტალგიაში პოულობს, რომელიც მისი ცნობიერების ფსკერზე "ტიტანიკის" მსგავსადაა დაძირული. თუმცა, ამ ღრმა მელანქოლიაში ოპტიმიზმის ნათელი სხივებიც აღწევს. მერინგი თავს ხშირად "ნოსტალგიურ ფუტურისტს" უწოდებს და მართლაც, მისი Titanic Rising ის ნამუშევარია, რომელშიც წარსულისადმი ნოსტალგია სასოწარკვეთის ნაცვლად ხვალინდელი დღის იმედს აძლიერებს.

მოუსმინეთ ალბომს

3. Big Thief - Two Hands

Big Thief-ის მიერ მაისში გამოცემული ალბომით U.F.O.F. გამოწვეული აღფრთოვანების ტალღა ჯერ ბოლომდე არც იყო ჩამცხრალი, როდესაც ოქტომბერში ამერიკულმა კოლექტივმა მორიგი ბრწყინვალე ჩანაწერი Two Hands გაავრცელა. ჩვენი სიის მესამე პოზიციისთვის სწორედ ეს უკანასკნელი შევარჩიეთ.

თანამედროვე ინდი როკ ბენდების უმეტესობა მხოლოდ ლოუ ფაი ესთეტიკის ამარაა დარჩენილი. მსგავსი, ხაზგასმით არაკომერციული მიდგომა ოდესღაც საკმაოდ ეფექტური იყო, მაგრამ მიმდინარეობის ანტიმეინსტრიმული ფორმულა დიდი ხანია, მეინსტრიმულად ერთფეროვანი გახდა. შთაბეჭდილების მოსახდენად აშკარად რაღაც მეტია საჭირო. სწორედ ის, რასაც Two Hands-ში ვისმენთ, სადაც ბერკლის მუსიკალური კოლეჯის კურსდამთავრებულებისგან დაკომპლექტებულ კოლექტივს ზურგს თანდაყოლილ ნიჭთან ერთად აკადემიური გამოცდილებაც უმაგრებს.

გრანჟის, ფოლკისა და ინდი როკის ესთეტიკაში გადაწყვეტილი, ინტენსიური ჟღერადობა, ორიგინალური რიფები, ნოიზ ტექსტურები, ატონალური ჩანართები სწორ დროსა და ადგილზე და ბრწყინვალე სონგრაითინგი. Two Hands-ის შექმნაში კოლექტივის თითოეულმა წევრმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა - ბასისტი მაქს ოლეარჩიკი და დრამერი ჯეიმს კრივჩენია შესანიშნავ რიტმ სექციას ქმნიან, წამყვანი გიტარისტი ბაქ მიკი კი თითოეულ ტრეკში ახერხებს, ორიგინალური იდეები შემოგვთავაზოს. თუმცა, აშკარაა, რომ ბენდის საიდუმლო იარაღი მისი ლიდერი, ედრიენ ლენკერი გახლავთ.

მომავალი მუსიკოსი 4 წლის ასაკამდე რელიგიურ სექტაში იზრდებოდა, მშობლებთან ერთად ავტოფურგონში ცხოვრობდა, სკოლაში არასოდეს უვლია და ადრეული ბავშვობიდან სიმღერების წერით იქცევდა თავს. შემდეგ მისი ტალანტი პოპულარულმა ბლუზ არტისტმა, სიუზან ტედესკიმ შეამჩნია და ბერკლიში სწავლის კურსი დაუფინანსა. ედრიენის ცხოვრებისეული გამოცდილების კვალი ალბომის ემოციურ ლირიკაში იკითხება, რომელიც მისი ავტორის, ნილ იანგის მსგავს ლეგენდებთან ხშირი შედარების მიზეზს მარტივად გამოსაცნობს ხდის.

Two Hands ნამუშევართა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებშიც მუსიკოსები სტერილური სრულყოფილებისკენ სწრაფვის ნაცვლად, ბუნებრივ დისონანსებზე აქცენტირებენ და შემთხვევით ხარვეზებს გამორჩეულ ღირსებებად აქცევენ. მისი მოსმენისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს დასრულებულ, ბოლო დეტალამდე დამუშავებულ ალბომთან კი არა, სტუდიაში რეპეტიციებს შორის ჩაწერილ ტრეკებთან გაქვს საქმე. არ გტოვებს ავთენტურობის სპეციფიკური განცდა, რომლის გამძაფრებაშიც განსაკუთრებულ როლს ხმის რეჟისურა თამაშობს. იმაზე საუბარი, რომ Big Thief-ს ინდი როკის ისტორიაში ახალი ფურცლის გადაშლა შეუძლია, ალბათ, ჯერ კიდევ ადრეა. თუმცა, ეს ალბომი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად იძლევა. 

მოუსმინეთ ალბომს

2. FKA twigs - MAGDALENE

2019 წელი შესანიშნავი პოპ ჩანაწერების სიუხვით გამოირჩევა, თუმცა, FKA twigs-ის ფსევდონიმით ცნობილი თალია ბარნეტის MAGDALENE მათ ფონზეც კი განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ბრიტანელი მუსიკოსისთვის ამ ალბომზე მუშაობისას შთაგონების წყაროდ ნაწილობრივ მის მიერ გადატანილი უმძიმესი ოპერაცია, ნაწილობრივ კი მსახიობ რობერტ პატინსონთან რომანის დასრულება იქცა. რთული პერიოდის შემდეგ, არტისტმა ალტერ ეგო მარიამ მაგდალინელში, ახალი აღთქმის მრავალწახნაგოვან და კონტროვერსიულ პერსონაჟში იპოვა. რელიგიური თემატიკა, რომელიც კათოლიკურ სკოლაში აღზრდილი ბარნეტისთვის უცხო არც მანამდე ყოფილა, სულიერი კათარზისის გზად იქცა. "საკუთარი თავის განსჯა მას შემდეგ შევწყვიტე, რაც იმედი მაგდალინელში ვიპოვე. მუდამ მისი მადლობელი ვიქნები", - განაცხადა მუსიკოსმა.

ნამუშევრის ზოგადი განწყობა მის გამხსნელ კომპოზიციაშივე Thousand Eyes ირეკლება. ბარნეტის ვოკალის ციფრული დამუშავებით აქ საგუნდო გალობის მსგავსი ეფექტი იქმნება. მკაცრი, მინიმალისტური ინსტრუმენტალის ელექტრონული ჟღერადობა უფრო და უფრო ინტენსიური ხდება და საბოლოოდ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ფუტურისტულ სამყაროში გამართულ საკრალურ რიტუალს ესწრები. ამ ტრეკზე საუბრისას ცალკე უნდა აღინიშნოს მისი პროდიუსერის, ნიკოლას ჯაარის დამსახურება. ჩილელი მუსიკოსი საკუთარი შემოქმედების სინონიმად ქცეული ხარისხის თამასის დაწევას არც კოლეგებთან თანამშრომლობისას აპირებს.

კომპოზიციის Home With You ტექსტში არტისტის პირადი ცხოვრებისეული გამოცდილება ყველაზე ხელშესახებად იგრძნობა. გასაკვირი არაა, რომ მასზე გადაღებული, ალეგორიებით სავსე ვიდეორგოლის რეჟისორად თავად მუსიკოსი მოგვევლინა. ტრეკში, რომლის პროდიუსერობას ჯაართან ერთად ნოა გოლდშტეინიც ითავსებს, ფორტეპიანოსა და ჩელოს ჰარმონიული ჟღერადობის ფონზე, ბარნეტი თავის შთამბეჭდავ ვოკალურ შესაძლებლობებს ავლენს.

დანგრეული სასიყვარული ურთიერთობის შესახებ დაწერილ მელანქოლიურ ბენგერში Sad Day საქმეში ბენი ბლანკოსა და სონი მურის, იგივე Skrillex-ის სახით უკვე მკვეთრად მეინსტრიმ პროდიუსერებიც ერთვებიან. აქ ბარნეტის სოპრანოს განსაკუთრებული სინაზე ეპარება, რაც სიმღერის ისედაც ემოციურ ფონს კიდევ უფრო ამძაფრებს. 

ამერიკელ ჰიპ ჰოპ არტისტ Future-სთან თანამშრომლობით ჩაწერილი Holly Terrain ის ბეწვის ხიდია, სადაც მეინსთრიმსა და ექსპერიმენტულ ჟღერადობას შორის ზღვარი იშლება. ბარნეტმა, პროდიუსერებთან და თანაკომპოზიტორებთან ერთად, რომელთა სიაშიც კენეთ ბლუმის (Kenny Beats), ალეხანდრა გერსის (Arca) და ჯეკ ანტონოფის მრავლისმთქმელ სახელებს ვაწყდებით, ამოცანას აქაც უნაკლოდ გაართვა თავი. ალბომში გამოყენებული ორი სემპლიდან ერთ-ერთი სწორედ ამ კომპოზიციაში გვხვდება. ნამუშევრის კონცეფციის გათვალისწინებით, ტრეკში ბულგარული ვოკალური ანსამბლის Le Mystère des Voix Bulgares სიმღერიდან Moma Houbava ნასესხები ელემენტების ჩამატება ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო.

კომპოზიცია Mary Magdalene ის გარდამტეხი წერტილია, სადაც თვითგვემა სრულდება და საკუთარი თავის ახლიდან პოვნის პროცესი იწყება. არტისტი მარიამ მაგდალინელის პერსონაჟის სხვადასხვა ისტორიულ ინტერპრეტაციას ეხმიანება და მის მიერ გამოვლილ გზასთან საკუთარ გამოცდილებას აიგივებს. მომდევნო კომპოზიციაში Fallen Alien უკვე თავდაჯერებული, გამომწვევი ტონი იგრძნობა. ლირიკაშიც მარიამს დროებით დემონი ლილიტი ანაცვლებს.

ტრეკები Mirrored Heart და Daybed, რომლის პროდიუსერად კიდევ ერთი ბრწყინვალე არტისტი, დენიელ ლოპატინი, იგივე Oneohtrix Point Never მოგვევლინა, ნამუშევრის ზოგად ემოციურ ხაზს აგრძელებს. ალბომის უკანასკნელი კომპოზიციის Cellophane ალუზიებით სავსე ტექსტსა თუ რელიგიური სიმბოლიკით დატვირთულ ვიდეორგოლში კი ბარნეტმა ყველა ის ფიქრი და განცდა ჩაატია, რაც ზემოხსენებულ მძიმე პერიოდში დაუგროვდა. შედეგად, ფაქტობრივად, უნაკლო ჩანაწერი მივიღეთ, რომელიც არა მხოლოდ 2019 წლის, არამედ მთელი დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო პოპ ნამუშევრის წოდებას იმსახურებს.

მოუსმინეთ ალბომს

1. Tyler, the Creator - IGOR

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო რეპერის მეხუთე სტუდიური ალბომის გარეკანზე წარწერა წინასწარ გვაფრთხილებს, რომ რიგითი ჰიპ ჰოპ ნამუშევრის მოსმენის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. მართლაც, IGOR ტაილერის წინა ჩანაწერებისგან საგრძნობლად განსხვავდება და მისი რომელიმე ერთი ჟანრის ჩარჩოებში მოქცევა შეცდომა იქნებოდა. სპეციალურად ამ პროექტისთვის არტისტმა ახალი იმიჯი მოირგო, რომელმაც მის ხაზგასმულ ვულგარულობასა და ეპატაჟურობას მიჩვეულ თაყვანისმცემლებშიც კი გაოცება გამოიწვია.

ამ ალბომამდე ტაილერი თავის რომანტიკულ განცდებზე საუბარს ან გაურბოდა, ან მათ შესახებ ცინიზმნარევი ტონით მოგვითხრობდა. IGOR-ის ნარატივი კი სწორედ ამ თემაზეა აგებული. არტისტის სექსუალური ორიენტაციაც, რომლის შესახებ მან წინა სტუდიურ ჩანაწერში Flower Boy გაკვრით მიგვანიშნა, ამ ნამუშევარში გამორჩეულ როლს თამაშობს.

მუსიკოსი საყვარელ მამაკაცთან კონფლიქტზე ხან მელანქოლიური მისამღერების, ხანაც აგრესიული ფლოუს საშუალებით გვიყვება - მის პარტნიორს გული კვლავ იმ ქალისკენ მიუწევს, რომელთანაც წარსულში ინტიმური ურთიერთობა აკავშირებდა. სწორედ ეს სასიყვარულო სამკუთხედი ხდება იმ ეჭვების, სასოწარკვეთისა და მანიაკალური ეგოიზმის საფუძველი, რომელსაც ალბომში არაერთხელ ვაწყდებით.

სტუდიური ნამუშევრის სახელწოდებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. იგორი პოპკულტურაში ცნობილი სტერეოტიპული პერსონაჟია, რომელიც ბოროტი ზრახვებით შეპყრობილ ბატონს (ხან ძლევამოსილ ვამპირს "დრაკულაში", ხანაც შეშლილ მეცნიერს "ფრანკენშტეინში") ემსახურება. სწორედ მისი სახელით მონათლა ტაილერმა თავისი ალტერ ეგოებიდან ერთ-ერთი, რომელმაც ჰიპ ჰოპის თვითგამოცხადებულ ანტიგმირს წარმატებისკენ მიმავალ ეკლიან გზაზე ერთგული ასისტენტობა გაუწია. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ არტისტმა თავის გრძნობებსა და სისუსტეებზე გულახდილად საუბარი მხოლოდ მაშინ შეძლო, როდესაც სააშკარაოზე საკუთარი შინაგანი სამყაროს ყველაზე ბნელი ნაწილი გამოიტანა.

ალბომში შესული კომპოზიციების ჟღერადობა და სტრუქტურა მის შინაარსს იდეალურად შეესაბამება და ჰიპ ჰოპის სტანდარტულ ჩარჩოებს საგრძნობლად სცდება. სინთეზატორების პირქუშ, დაჩეხილ ბგერებთან ერთად სოულის მსუბუქი, სასიამოვნო ჩანართები იდეალურ კონტრასტს ქმნის და მუსიკოსის გაორებულ ემოციებს სრული სიცხადით გვიხატავს. შეგვიძლია, თამამად განვაცხადოთ, რომ ამ დროისათვის IGOR ტაილერის, როგორც პროდიუსერის ყველაზე დიდი მიღწევაა. მან კამერუნული ფანკიდან, იაპონური სიტი პოპიდან თუ გერმანული კრაუტროკიდან აღებული სემპლები თითქმის უნაკლოდ დაამუშავა და აბსტრაქტული მონაკვეთებიდან მელოდიურ რიტმებზე უეცარი გადასვლებით უნიკალური აკუსტიკური ატმოსფერო შექმნა. აქვე უნდა აღინიშნოს მოწვეული არტისტების დამსახურებაც: კომპოზიციაში New Magic Wand ტაილერს პარტნიორობა სანტიგოლდმა გაუწია, Igor's Theme-ში ლილ უზი ვერტმა, Are We Still Friends-ში ფარელ უილიამსმა, I Think-ში კი სოლანჟმა. 

ამერიკული "ბილბორდის" ჩარტის სათავეში მოქცევა ჰიპ ჰოპის ისტორიაში სამოცდაათმა სოლო არტისტმა მოახერხა, თუმცა, მათ შორის ტაილერი ერთადერთია, რომელმაც ამ შთამბეჭდავ შედეგს თანაპროდიუსერებისა და მოწვეული კომპოზიტორების დახმარების გარეშე მიაღწია. ამ ალბომის წყალობით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ახალი სკოლის საუკეთესო წარმომადგენლის ვინაობაზე შეიძლება, დაუსრულებლად ვიდავოთ, მაგრამ ჟანრის ყველაზე არაორდინარული, კრეატიული და საინტერესო ფიგურის წოდებას (ისევე, როგორც საყვარელ მამაკაცს) ტაილერ ოკონმა იოლად არასდროს დათმობს.

მოუსმინეთ ალბომს

კომენტარები

ბოლოს დამატებული