Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ 2019 წლის 20 საუკეთესო კომპოზიციას.

2019 წლის 20 საუკეთესო ალბომი

20. Chromatics - On the Wall

Chromatics-ის მოსმენისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ამერიკული კოლექტივი საკუთარი ნამუშევრებით წარმოსახვითი პეიზაჟებისა და არარსებული ფილმების მუსიკალურად გაფორმებას ცდილობს. ალბათ, ამიტომაც იყენებენ ასე ხშირად მათ ჩანაწერებს როგორც ნუარ და არტ ჰაუს სურათების, ასევე მოდის ჩვენებების საუნდტრეკებად. ბენდის მეხუთე სტუდიური ალბომიც Closer to Grey ამ ესთეტიკურ ხაზს აგრძელებს - მარტოსული ღამეები, ურბანული ატმოსფერო და გლამურის ბნელი მხარე, რასაც სინთპოპის, ელექტრონიკისა და პოსტ პანკის ელემენტებით გაჯერებულ კომპოზიციებში მუსიკოსები მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ხელწერით გადმოსცემენ.

ალბომში შესული კომპოზიციებიდან ყველაზე საინტერესო რვაწუთიანი ტრეკი On the Wall გახლავთ, რომელსაც ჯგუფის შემოქმედებისათვის ტრადიციული, მელანქოლიური ლირიკა და უჩვეულოდ დამძიმებული ჟღერადობა გამოარჩევს. აქ რუთ რადელეტის ვოკალი კვლავინდებურად ჰაეროვანი და მომაჯადოებელია და საოცარ კონტრასტს ქმნის კლასიკური საშინელებათა ფილმების მუსიკით შთაგონებული სინთეზატორის ბგერებისა თუ გიტარის ბინძური დისტორშენის ფონზე. ნამუშევრის ემოციური პალიტრა კი მართლაც პირქუშ ნაცრისფერთან უფროა მიახლოებული, ვიდრე ღამის ქალაქში აციმციმებული ნეონის ბრჭყვიალებასთან.

19. The Comet is Coming - Blood of the Past

ლონდონური ჯაზ ტრიოს ეს ნამუშევარი კომპოზიციების იმ მცირე ჩამონათვალს  მიეკუთვნება, რომელთა ჩამთრევი რიტმი და ინტენსიური ჟღერადობაც ნებისმიერი ჟანრის მსმენელის ყურადღებას თანაბრად იქცევს. დასარტყამი ინსტრუმენტებითა და სინთეზატორის ღრმა ბგერებით სიურრეალისტური სურათი იხატება, მცირე ხანში კი საქმეში ჯგუფის ლიდერი, შაბაკა ჰატჩინგსიც ერთვება, რომლის საქსოფონის სოლო პარტიები ამ ფანტასმაგორიული პეიზაჟის ბუნდოვან შტრიხებს სიმკვეთრეს მატებს.

ჩანაწერის ინსტრუმენტალში ელექტრონიკა, ფანკი და ჯაზი ძალზე შთამბეჭდავად ერწყმის ერთმანეთს და მთელი ეს ფსიქოდელიური ნახარში ისეთ არამიწიერ ენერგიას ასხივებს, შეიძლება, მოგეჩვენოს, რომ მომავლის სამყაროში გამართულ გლადიატორების ბრძოლას ესწრები. ჯგუფის წევრებს არასდროს დაუმალავთ, რომ მათი შემოქმედება ლეგენდარული ჯაზმენის, Sun Ra-ს აფროფუტურისტულ ჟღერადობასა და ფილოსოფიას ეყრდნობა. Blood of the Past-ის მოსმენის შემდეგ კი ნათელი ხდება, რომ თანამედროვე ფიუჟენ სცენიდან ვინმეს თუ შესწევს ძალა, საკულტო მუსიკოსის იდეალები ახალ ეპოქას მოარგოს, ეს, პირველ რიგში, სწორედ ეს ბრიტანული ბენდია.

18. Orville Peck - Dead of Night

მას შემდეგ, რაც გახმაურებულმა ფილმმა "კუზიანი მთა" გეი ქოვბოის პერსონაჟით მასკულინური სტერეოტიპები თავდაყირა დააყენა, მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის აიტაცებდა ამ იდეას რომელიმე ინდი არტისტი. ორვილ პეკის სახელით ცნობილი კანადელი მუსიკოსი დაახლოებით ისე გამოიყურება, ეს სურათი ანგ ლის ნაცვლად დევიდ ლინჩს რომ გადაეღო. ამერიკული ვესტერნების საკულტო გმირის, მარტოხელა რეინჯერის ნიღაბს ამოფარებულმა შემსრულებელმა, რომელიც ჯერჯერობით თავის ნამდვილ ვინაობას არ ამხელს, წელს სადებიუტო ალბომი Pony გამოსცა და მუსიკალური ინდუსტრიის ყურადღებაც ძალზე მარტივად მიიპყრო.

ასეთი დამაინტრიგებელი ალტერ ეგოს ხარჯზე არტისტს პოპულარობა, ფაქტობრივად, გარანტირებული ჰქონდა. თუმცა, იდუმალი ქვიარ ქოვბოის ბანაკში კვამლი ცეცხლის გარეშე რომ არ გაჩენილა, ამის დასტური, პირველ რიგში, კომპოზიცია Dead of Night გახლავთ. გოთიკის, პოპისა და ქანთრის ამ არაორდინარულ ნაზავს დასამახსოვრებელი მელოდია, ემოციური ლირიკა და არტისტის მიერ მისი ფართო ვოკალური დიაპაზონის შთამბეჭდავი დემონსტრირება გამოარჩევს. ალბომის კიდევ ერთი საინტერესო ნიშანი, ლანა დელ რეისეულ ესთეტიკასთან უცნაური მსგავსებაც ყველაზე ნათლად სწორედ ამ ტრეკში იკითხება. ერთი სიტყვით, თავად უნდა ნახოთ და მოისმინოთ.

17. Boards of Canada - XYZ

ოცდათოთხმეტწლიანი კარიერის განმავლობაში ამ შოტლანდიურმა ელექტრონულმა დუეტმა თაყვანისმცემლების არცთუ მრავალრიცხოვან, მაგრამ უერთგულეს წრეში საკულტო სტატუსი მოიპოვა. ძმებ მაიკლ და მარკუს სენდისონების ნამუშევრები მუსიკაზე მეტია, ისინი თითქოს დროის, სივრცისა და ყველა სხვა მსგავსი ცნებების მიღმა დგანან. სწორედ ამიტომ, არტისტების მიერ 1998 წელს, პოპულარული რადიოწამყვანის, ჯონ პილის შოუსთვის ჩაწერილი კომპოზიცია XYZ, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ მიმდინარე წელს, ლეიბლ Warp Records-ის პროექტის WXAXRXP Sessions ფარგლებში გავრცელდა, ჩვენს სიაში დაუფიქრებლად შევიყვანეთ.

Boards of Canada-ს შემოქმედებას უნიკალური ძალა შესწევს, მსმენელი არარსებული მოგონებების სამყაროში ამოგზაუროს. ალბათ, ამიტომაც ქმნიან ჯგუფის ტრეკებზე დაყრდნობით ასობით სამოყვარულო ვიდეორგოლს, თითქოს ჩანაწერებში ბუნდოვნად დანახული, დეფრაგმენტირებული სამყაროს ნამსხვრევებიდან ხელშესახები, მკაფიო სურათის აწყობას ცდილობენ. XYZ ამის მორიგი შთამბეჭდავი ნიმუშია. ბასის მომაჯადოებელი პარტიით გახსნილი, ემბიენთ ჟღერადობის მქონე ინსტრუმენტალი თანდათან უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, კომპოზიციის ცალკეული ელემენტები კი სამივე განზომილებაში იმდენად სწრაფად და ეფექტურად იშლებიან, რომ სიტყვებისთვის ადგილი, ფაქტობრივად, აღარ რჩება.

16. SiR ft. Kendrick Lamar - Hair Down

სერ ფარისის ახალი ალბომი Chasing Summer რიგით მეორე ნამუშევარია, რომელიც კალიფორნიელმა არტისტმა პოპულარულ გაერთიანებაში Top Dawg Entertainment გაწევრიანების შემდეგ გამოსცა. ჩანაწერის საუკეთესო კომპოზიციის სტატუსს უდავოდ Hair Down იმსახურებს, რომელიც ფარისის სპეციფიკური ხმის ტემბრისა და იდეალური პროდაქშენის ხარჯზე ბრწყინავს. ამ ყველაფერს კი დამატებით ინტრიგას ის ფაქტიც სძენს, რომ ფარისს პარტნიორობა ლეიბლის მთავარმა ვარსკვლავმა და თანამედროვე ჰიპ ჰოპის საკულტო ფიგურამ, ქენდრიქ ლამარმა გაუწია.

Hair Down ემოციური ნეოსოულ ბალადაა, რომლის თითოეული დეტალი საგულდაგულოდ არის გათვლილი. ტრეკის ფსიქოდელიურ ატმოსფეროში სასიყვარულო ურთიერთობებით გამოწვეული იმედგაცრუება და მელანქოლია ირევა, თუმცა, არც იმდენად, რომ მსმენელს ხავერდოვანი სევდა მძიმე დეპრესიით ჩაანაცვლებინოს. რაც შეეხება ქენდრიქს, არცთუ იშვიათად კოლაბორაციულ ჩანაწერებში ის ვერსებს თითქოს მოვალეობის მოსახდელად კითხულობს. თუმცა, ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ არის. ამჯერად რეპერმა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინა და მრავალფეროვანი ფლოუსა თუ მახვილგონივრული მეტაფორების ხარჯზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჟანრის ახალი სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია.

15. Sharon van Etten - Seventeen

2014 წელს მეოთხე სტუდიური ჩანაწერის Are We There გამოცემის შემდეგ, შერონ ვან ეტენმა სამსახიობო კარიერა დაიწყო, ფსიქოლოგის დიპლომს დაეუფლა, რამდენიმე ფილმის საუნდტრეკი ჩაწერა და პირველი შვილი გააჩინა. ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერმა 37 წლის მუსიკოსს ცხოვრების განვლილი გზის გადახედვისკენ უბიძგა. წლევანდელი ალბომის Remind Me Tomorrow ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიციაში Seventeen ამ რეტროსპექტივის ცენტრში მისი მშობლიური ქალაქი, ნიუ იორკი აღმოჩნდა.

ტექსტის მთავარი ადრესატი 17 წლის შერონია. არტისტი თავს თანაქალაქელ ახალგაზრდებთან აიგივებს, რომლებიც იმავე გზას გადიან, ისეთივე სირთულეებს ეჯახებიან და ისევე ყალიბდებიან დამოუკიდებელ პიროვნებებად ხალხმრავალი მეგაპოლისის ქუჩებში, როგორც თავად სიმღერის ავტორი მათ ასაკში. Seventeen ბრიუს სპრინგსტინისეული, ჰართლენდ როკ ჟღერადობის მქონე ბალადაა, რეალური ადამიანებით, ადგილებითა და მოგონებებით ინსპირირებული. ალბათ, მხოლოდ დროის საკითხია, რომ ეტენის ამ ემოციურმა ჩანაწერმა მისი სახელოვანი კოლეგის ნამუშევრების მსგავსი საკულტო სტატუსი მოიპოვოს.

14. Aïsha Devi - I’m Not Always Where My Body Is

თქვენ მთავარია, წესები და სტანდარტები შექმნათ, რათა აიშა დევის მათი დარღვევის ყველაზე მშვენიერი ფორმების მოძიებაში ხელი შეუწყოთ. სხვა მხრივ, შვეიცარიელმა მუსიკოსმა ზუსტად იცის, რას ეძებს და როგორ იპოვოს. მედიტაციური ტექნიკით შთაგონებული აიშა დიდი ხანია, ინდი არტისტის კლიშეს დაუსხლტა და დღეს საკლუბო გამოცდილების საზღვრებს ყველაზე არაორდინარული მიმართულებებით აფართოებს. 

იმის მიუხედავად, რომ მის მუსიკაზე ცეკვა შესაძლებელია, დევი სტუდიაში ყოფნისას მაინც ალქიმიკოსობას ცდილობს და ექსპერიმენტს ექსპერიმენტზე მიმართავს. ეს სპეციფიკური მიდგომა ამ კომპოზიციაშიც კარგად ჩანს. მართლაც, რა უშლის ხელს ამ ტრეკს იმაში, რომ იდეალური დრიმ პოპ სიმღერა იყოს? არც არაფერი, ის ასეთია. ოღონდ არა ჩვენი სტანდარტებით, არამედ თავად მისი არასტანდარტულობის გათვალისწინებით. ის სითამამე, რისკი და შთაგონებების მართვის უნიკალური უნარი, რომელსაც აიშა ამ ნამუშევრით აჩვენებს, I’m Not Always Where My Body Is-ს წლის გამორჩეულ ელექტრონულ კომპოზიციად აქცევს.

13. ScHoolboy Q ft. Kid Cudi - Dangerous

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ScHoolboy Q სამწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ახალი სტუდიური ნამუშევრით CrasH Talk დაბრუნდა. კალიფორნიელი რეპერის მიერ არაერთხელ წაშლილი და ხელახლა ჩაწერილი ალბომის გამორჩეული სინგლი Dangerous გახლავთ, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს, Blank Face LP-ზე მუშაობისას შეიქმნა. ტრეკი არტისტის იმდროინდელ ყოფას აღწერს, როდესაც პარანოია ნარკოტიკებზე დამოკიდებული ქუინსი ჰენლის ყოველდღიურობის ნაწილი გახლდათ.

გიტარის ხელოვნულად შენელებული, სევდიანი მელოდიის ფონზე დასავლელი რეპერი საკუთარი პრობლემების შესახებ მოგვითხრობს. არტისტი გაურკვევლობაშია, ის უძლურია და დახმარების ხელი არც მეგობრებისგან მოსჩანს. ჩანაწერის დეპრესიულ ატმოსფეროს დამატებით ხიბლს ქიდ ქადი სძენს, რომელიც მსმენელის მოჯადოებას თავისი უნიკალური შესრულების მანერის ხარჯზე, უმარტივესად ახერხებს. კოლეგების ხმაში შიში იგრძნობა, რაც კომპოზიციის ემოციურ მუხტს კიდევ უფრო ამძაფრებს. ასეთ გულწრფელობას მართლაც დამატყვევებელი ეფექტი აქვს. მადლობა ქიუს, რომ წლების წინ დაწერილმა ნამუშევარმა დღის შუქი დაგვიანებით, მაგრამ მაინც იხილა.

12. Tame Impala - Patience

კარიერის დასაწყისში კევინ პარკერი, ალბათ, თავადაც ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი შემოქმედება თანამედროვე მუსიკის სამყაროში ასეთ მნიშვნელობას შეიძენდა. ეისიდ როკის ჟღერადობის ახალ ტენდენციებთან მორგებამ ავსტრალიელი მულტიინსტრუმენტალისტის პროექტი Tame Impala მეინსტრიმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და წამყვან ძალად აქცია, რომლის გავლენამაც ელექტროპოპისა და ჰიპ ჰოპის სამყაროშიც შეაღწია. განმარტოების მოყვარული კევინი მოულოდნელად ფსიქოდელიური მუსიკის ფლაგმანის როლში აღმოჩნდა, რომლის გარშემოც ახალი ნამუშევრების ჯიუტად მომლოდინე მილიონობით თაყვანისმცემელი შეიკრიბა.

კომპოზიციის Patience ტექსტი და სათაურიც (ინგლისურად - მოთმინება) სწორედ იმ მსმენელებს ეძღვნება, რომლებიც 2015 წლიდან მოყოლებული მუსიკოსისგან მორიგ სტუდიურ ალბომს დაჟინებით ითხოვენ. კევინისთვის პასუხისმგებლობა ტვირთია, ის არ ეთანხმება გამოთქმას "დრო ფულია" და ჩვეული უდარდელობით აპირებს ცხოვრებისა თუ კარიერის გაგრძელებას. რაც შეეხება ჟღერადობას, მასში აშკარად შეიმჩნევა ინოვაციები, რაც Tame Impala-ს სტილის მოსალოდნელი განვითარების შესახებ საინტერესო მინიშნებებს გვაძლევს. 1980-იანი წლებისთვის დამახასიათებელი სინთპოპ პასაჟები, მძლავრი რევერბერაცია და ფაზირების ეფექტის სრული დატვირთვით გამოყენება - პარკერი კვლავ ახერხებს, საკუთარ ხელწერაში ერთფეროვნებისთვის მცირედი ადგილიც კი არ დატოვოს.

11. Danny Brown - Dirty Laundry

თანამედროვე ჰიპ ჰოპის სცენაზე დენი ბრაუნი უნიკალური პერსონაჟია. ის თითქოს ჯამბაზია, რომლის მხიარული ნიღბისა და ექსცენტრიკულობის მიღმა, შავბნელი ფიქრებით შეპყრობილი ადამიანი იმალება. რთულია, სხვა ისეთი რეპერის გახსენება, რომელიც მასავით ვულგარული იუმორის გრძნობით გამოირჩევა და თან, უხამსობამდე მისული კომიკურობის ფონზე, მძიმე განცდების შთამბეჭდავად გადმოცემასაც ახერხებს. 

კომპოზიციაში Dirty Laundry დენი თავისი ბინძური თეთრეულის გამოფენას არ ერიდება და ხან "ბურგერ კინგის" საპირფარეშოში შემდგარ სქესობრივ აქტზე გვიყვება, ხანაც საწოლში არასასურველ პარტნიორთან ერთად ყოფნას ლომების ხაროში აღმოჩენილი დანიელ წინასწარმეტყველის არასახარბიელო მდგომარეობას ადარებს. ორაზროვანი მეტაფორებით სავსე, ხაზგასმით არასერიოზული ლირიკის მქონე ნამუშევარს ზედმიწევნით დახვეწილი პროდაქშენი გამოარჩევს. ეს, პირველ რიგში, ლეგენდარული კოლექტივის A Tribe Called Quest ყოფილი წევრის, Q-Tip-ის დამსახურებაა, რომელმაც ჩანაწერისთვის სემპლი 1970-იანი წლებში მოღვაწე პროგრესივ როკ ჯგუფის, Syrinx-ის კომპოზიციიდან Aurora Spinray ისესხა. 

10. Billie Eilish - Bad Guy

ბილი აილიშის სადებიუტო სტუდიურ ალბომს When We All Fall Asleep, Where Do We Go? ფენომენალური წარმატება ხვდა წილად. პლატინის სტატუსის მქონე, ჰიტებით გადავსებული ნამუშევრის წამყვანი სინგლი კი სწორედ Bad Guy აღმოჩნდა. მუდამ დიდი ზომის, ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ინტროვერტი თინეიჯერის საფირმო კომპოზიციამ გრემის სამი ნომინაცია მოიპოვა, ასობით პაროდიისა თუ რემიქსის საფუძვლად იქცა და მისი ავტორი XXI საუკუნეში დაბადებული პირველი არტისტი გახადა, რომლის ნამუშევარმაც ბილბორდის ჩარტში წამყვანი პოზიციის დაკავება შეძლო.

ტრეკის ძალზე მინიმალისტური, სინთეზატორითა და დრამ მანქანით შექმნილი ინსტრუმენტალი მეხსიერებაში ისე ილექება, რომ მის მელოდიას გონებიდან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ამოიგდებთ. თუმცა, ვირუსულობის განმაპირობებელ ფაქტორზე გაცილებით საინტერესო ის არის, რომ აქ ყველაზე ნათლადაა ასახული ბილის, როგორც სუპერვარსკვლავის ფენომენი. გოთური და ჰიპ ჰოპ ესთეტიკის უცნაური სინთეზი, ერთდროულად სასოწარკვეთილი და თავდაჯერებული ტონი, სარკაზმით სავსე ტექსტი და თითქოს ძილბურანში მყოფი არტისტის მიერ ჩასუნთქვებს შორის გამოცრილი ფრაზები - ინტერნეტის ეპოქის თაობისათვის ბილი აილიში არქეტიპიცაა და იმავე მასშტაბის კერპიც, როგორიც თავის დროზე მათი მშობლებისთვის კურტ კობეინი გახლდათ. საკუთარი Smells Like Teen Spirit კი, ალბათ, ყველა თაობას თანაბრად სჭირდება.

9. Little Simz - Offence

ლონდონელი რეპერის, სიმბიატუ აჯიკავოს, იგივე Little Simz-ის მესამე ალბომი არტისტის სწრაფი შემოქმედებითი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევაა. ბრიტანული ჰიპ ჰოპ სკოლის საუკეთესო ტრადიციებზე დაყრდნობით შექმნილი ჩანაწერი მუსიკოსის წინა სტუდიურ რელიზს ხარისხით ბევრად აღემატება. ძალზე საინტერესო ინსტრუმენტალებისა და შთამბეჭდავი ფლოუს ხარჯზე GREY Area საუკეთესო ნამუშევრის სტატუსზე პრეტენზიას არა მხოლოდ მისი ავტორის დისკოგრაფიის, არამედ 2019 წლის ჰიპ ჰოპ სცენის მასშტაბითაც თამამად აცხადებს.

ლითლ სიმზს თავდაჯერება აშკარად მოემატა და საკუთარი შესაძლებლობებისაც ისე სწამს, როგორც არასდროს. ეს განწყობა ალბომის გამხსნელ კომპოზიციაშიც იკითხება, რომელშიც რეპერი გამომწვევად გვეუბნება, რომ ცუდ დღეებში ჯეი ზია, ფორმის პიკში კი შექსპირი. ამ თამამი განცხადებისას არტისტს ზურგს მახვილგონივრული მეტაფორები, მდიდარი ლექსიკონი და რითმების ეფექტური მონაცვლეობა უმაგრებს. ტრეკის ინტენსიური, ბასით გაჯერებული ინსტრუმენტალი კი ძალზე მრავალფეროვანი ჟღერადობით გამოირჩევა, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ალბომის შექმნისას მუსიკოსს სემპლები არ გამოუყენებია.

8. Holly Herndon - Eternal

ადამიანისა და ტექნოლოგიების ურთიერთობის თემატიკა ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტებისთვის უცხო ნამდვილად არ არის. თუმცა, ჰოლი ჰერნდონი სხვებთან შედარებით ერთი ნაბიჯით წინ დგას. ის ხომ მუსიკას თავისივე შექმნილი, Spawn-ის სახელით მონათლული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით წერს, რომელიც ადამიანის მიერ გამოცემული ბგერებით საზრდოობს. თავის ახალ ალბომზე PROTO მუშაობისას, ჰერნდონმა ჰომო საპიენსსა და კომპიუტერს შორის წარმოქმნილი ეს უცნაური სიმბიოზი ახალ საფეხურზე აიყვანა და ერთგვარი ტრენინგის კურსი მოაწყო, სადაც მის მიერ მოწვეული ვოკალისტები პროგრამას ხმების ინტერპრეტირებას თავადვე ასწავლიდნენ.

თანამედროვე სამყაროში საზოგადოების ნაწილი ტექნოლოგიური პროგრესის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოირჩევა და თვლის, რომ მშრალი რაციონალიზმი ადამიანური ემოციებისა თუ ინტერაქციისთვის სულ უფრო და უფრო მცირე ადგილს ტოვებს. ჰოლი კი ცდილობს, საპირისპირო დაამტკიცოს. რასაც კომპოზიციაში Eternal ვხვდებით, მას ადრეც არაერთხელ გაუკეთებია - საიდუმლო არ არის, რომ არტისტი ხმების მუტაციით ერთობა, მაგრამ ისეთ გრძნობას, როგორიც სიყვარულია, მუსიკოსი ასე მძაფრად არასდროს შეხებია. ის მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელ, პლასტიკურ და სინთეტიკურ გარემოშიც კი ახერხებს, ცოცხალი ემოციებით ითამაშოს და თითქოს სჯერა, რომ რობოტებისა და აპლიკაციების დიდი დოზით ინტეგრირების შემთხვევაშიც კი, ადამიანის მთავარი არსი ხელუხლებელი დარჩება.

7. Freddie Gibbs & Madlib - Crime Pays

განგსთა რეპის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანის, ფრედი გიბსისა და ეპოქალური პროდიუსერის, მედლიბის მორიგ კოლაბორაციას ჰიპ ჰოპის მოყვარულები სულმოუთქმელად ელოდნენ. Bandana-მ გაცემული ავანსები სრულად გაამართლა და თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ის დუეტის მიერ 2014 წელს გამოცემული და უკვე კლასიკად ქცეული ალბომის, Pinata-ს ღირსეული გაგრძელებაა. ორ ნამუშევარს შორის უმთავრესი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ აქ მედლიბმა შედარებით უკანა პლანზე გადაინაცვლა და საასპარეზო სივრცე ფრედის დაუთმო. ეს უკანასკნელი, როგორც ემსი, დღეს შემოქმედებით მწვერვალზე იმყოფება. ამის დასტური ალბომის ერთ-ერთი სინგლი Crime Pays გახლავთ, რომელშიც სამხრეთელი რეპერი საკუთარი შესაძლებლობების შთამბეჭდავ დემონსტრირებას ახდენს.

ფრედი აქ ამერიკული გეტოს რიგითი მკვიდრის ყოფას აღწერს. გარეთ XXI საუკუნეა, თუმცა, აფროამერიკელთა უმეტესობის მიმართ სამყარო კვლავ ისეთივე დაუნდობელია, როგორც ადრე - ნარკოტიკებით ვაჭრობა, გადამდები დაავადებები, პოლიციური ძალადობა, საბოლოოოდ კი ციხის გისოსები ან ბრმა ტყვია. მედლიბმა ვინ მოთვლის, მერამდენედ გაგვაოცა ყველასგან მივიწყებული ჩანაწერებიდან ბრწყინვალე სემპლების ამოქექვის უნიკალური უნარით და 1970-იან წლებში მოღვაწე ჯაზ-როკ არტისტის, უოლტ ბარის ტრეკს Free Spirit, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე შესძინა. Crime Pays წლის ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ ჰოპ კომპოზიციაა, რომელიც მედგიბსის ტრილოგიის ბოლო ნაწილის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს.

6. Lana Del Rey - Norman Fucking Rockwell!

მარად სევდიანმა პოპ დივამ ვინტაჟურ ჟღერადობას არც მეექვსე სტუდიურ ნამუშევარში Norman Fucking Rockwell! უღალატა. თუმცა, ამჯერად ლანამ შთაგონება არა მხოლოდ რეტრო პოპიდან, არამედ ფსიქოდელიიდან და ფოლკ როკიდანაც ისესხა (რაზეც ლირიკაში არაერთ ლეგენდარულ არტისტზე, მათ შორის ჯონი მიტჩელსა და Led Zeppelin-ზე მინიშნებებიც მეტყველებს). ალბომის კონცეფცია ამერიკული ოცნების დეკონსტრუქციაზეა აგებული და ლეგენდარული მხატვრის, ნორმან როქველის შემოქმედებას ეყრდნობა.

ერთიმეორეზე შთამბეჭდავი ტრეკებით დაკომპლექტებულ ჩანაწერში განსაკუთრებულ ყურადღებას ამავე სახელწოდების კომპოზიცია იპყრობს. მისი ტექსტი მუსიკოსის შემოქმედებაში არაერთხელ ასახულ თემას, საყვარელ მამაკაცთან პრობლემურ ურთიერთობას ეხება. არტისტის განწყობას ირონიული ელფერი დაჰკრავს, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებაც კი ვერ ფანტავს მელანქოლიას, რომელიც ისევე ავსებს ლანას სულს, როგორც როქველის ფუნჯი საღებავებით ამერიკული ყოფის ამსახველ ილუსტრაციებს. Norman Fucking Rockwell! ლანა დელ რეის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რომელშიც არტისტი ბოჰემური რომანის აღწერას ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისეული ოსტატობით ახერხებს.

5. Jadasea - Half-Life

ქენდრიქ ლამარის, დენი ბრაუნისა და ახალი სკოლის სხვა საამაყო წარმომადგენლების შემოქმედებაზე დაყრდნობით, ბოლო ათწლეული ექსპერიმენტული ჰიპ ჰოპის ოქროს ხანად შეიძლება, მოვიხსენიოთ. ინდასტრიალიდან სინთვეივამდე ათვისებული ინსპირაციების შემხედვარე მსმენელმა შეიძლება იფიქროს, რომ უკვე ვეღარაფერი გააკვირვებს. თუმცა, დეკადის მიწურულს ლონდონელმა ანდერგრაუნდ არტისტმა, ჯადასიმ სადებიუტო მინი ალბომით Half-Life ჟანრის მოყვარულებს სრულიად ახალი იდეები შესთავაზა.

ამ ნამუშევრის პროდიუსერი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეულად ორიგინალური მუსიკოსი არჩი მარშალი, იგივე King Krule გახლავთ, რომელიც ამჯერად Edgar the Beatmaker-ის ფსევდონიმით მოგვევლინა. ალბომამდე არტისტებმა ამავე სახელწოდების ჩანაწერი გაავრცელეს, რომელშიც ორი ტრეკი days და ends არის გაერთიანებული. მარშალის აბსტრაქტული ხელწერა აქ ძალზე ნათლად იგრძნობა, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ლონდონელ ემსის დამსახურება უნდა დავუკარგოთ. ჯადასი რეჩიტატივს თითქოს ნახევრად მძინარე მდგომარეობაში კითხულობს, მაგრამ მისი შესრულების მანერა, რომელიც მამბლ რეპერების ტრეკებს მოსაბეზრებელს ხდის, ამჯერად დაუვიწყარ ეფექტს ახდენს. შედეგად კი კლაუსტროფობიური ატმოსფეროს მქონე კომპოზიციას ვიღებთ, რომლის მოსმენის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს დამღლელი დღის შემდეგ ჩართული ტელევიზორის წინ ჩაგეძინა და ეს ყველაფერი სიზმარში განიცადე.

4. Weyes Blood - Movies

ნატალი მერინგს კრიტიკოსები ხან კარენ კარპენტერსა თუ ქეით ბუშს ადარებენ, ხანაც მის იდეებსა და ლეგენდარული ბრაიან ვილსონის ხედვას შორის მსგავსებას უსვამენ ხაზს. ამერიკელი არტისტის მეოთხე სტუდიურ ალბომში Titanic Rising მისი გამოჩენილი კოლეგებით შთაგონება მართლაც თვალნათლივ იკითხება, მაგრამ ამავდროულად ეს გავლენები ჩანაწერში სავსებით ახალ, ორიგინალურ ფორმებს იძენს. ეს უნიკალური ხელწერა ყველაზე მკაფიოდ კომპოზიციაში Movies ჩანს, რომელიც ნამუშევრის ცენტრალური ტრეკის წოდებას იმსახურებს.

სიმღერის ტექსტი ნატალის ცხოვრებაზეა, რომლის უფერულ ყოველდღიურობაშიც მუსიკოსი ამაოდ დაეძებს კინემატოგრაფის ჯადოსნურ პალიტრას. თუმცა, ნიჰილიზმის ნაცვლად აქ წარსულის ნოსტალგიასა და მომავლის იმედს შორის ბალანსს ვხვდებით. წონასწორობის განცდას ტოვებს ნიუ ეიჯის, პროგრესივისა და ემბიენთის ელემენტებით სავსე ჟღერადობაც, რომელშიც ვინტაჟური და ფუტურისტული პასაჟები ერთმანეთს შეუმჩნევლად ენაცვლება. მერინგის მიერ მისი უმძლავრესი მეცო სოპრანოს დამორჩილებისა და იდეალური ხმის რეჟისურის ხარჯზე კი ისეთი ეფექტი იქმნება, თითქოს მუსიკოსი მართლაც ალბომის გარეკანზე გამოსახული, წყალში ჩაძირული ოთახიდან მღერის. Movies არა მხოლოდ 2019 წლის, არამედ დაუვიწყარი შედევრებით სავსე კამერული პოპის ისტორიაშიც ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიციაა.

3. Big Thief - Not

თანამედროვე ინდი როკ სცენაზე სოკოსავით მომრავლებული, სტერილური ჟღერადობის მქონე შაბლონური ჩანაწერების ფონზე, ამ ამერიკული ბენდის კომპოზიციების მოსმენა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის მსგავს განცდას ტოვებს. ბერკლის მუსიკალური კოლეჯის კურსდამთავრებულების მიერ ჩამოყალიბებულმა კოლექტივმა წელს ორი შესანიშნავი სტუდიური ალბომი U.F.O.F. და Two Hands გაავრცელა. ჩვენს სიაში შესატანად არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელში წარმოდგენილ სიმღერაზე Not შევაჩერეთ, რომელიც უდავოდ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.

კომპოზიციის ემოციური ტექსტი ლირიკული დიდოსტატობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუშია, რომელიც 2019 წელს როკ არტისტების მხრიდან ვიხილეთ. ინტენსიურ, ცალკეულ მონაკვეთებში ნოიზამდე მისული ჟღერადობით შექმნილ ატმოსფეროს კი გიტარის ატონალური სოლო და ბენდის ვოკალისტის, ედრიან ლენკერის ექსპრესიული შესრულება კიდევ უფრო ამძაფრებს. ჯგუფის ხელწერასაც განსაკუთრებით საინტერესოს სწორედ ის ხდის - მუსიკოსი, რომელმაც პირველი სიმღერა 8 წლის ასაკში დაწერა და ხუთ წელიწადში სადებიუტო ალბომიც მიაყოლა, ფენომენალურ კომპოზიტორად ჩამოყალიბდა. Not კი ჯერჯერობით მისი სონგრაითერული შესაძლებლობების ყველაზე შთამბეჭდავი გამოვლინებაა.

2. Tyler, The Creator - New Magic Wand

ტაილერ გრეგორი ოკონმას, იგივე Tyler, The Creator-ის შემოქმედებაში IGOR საუკეთესო და, ალბათ, ყველაზე პირადული ალბომია. სპეციალურად ამ პროექტისთვის ჰიპ ჰოპ არტისტმა ახალი იმიჯი მოირგო, რომელმაც მის ხაზგასმულ ვულგარულობასა და ეპატაჟურობას მიჩვეულ თაყვანისმცემლებშიც კი გაოცება გამოიწვია.

იგორი პოპკულტურაში ცნობილი სტერეოტიპული პერსონაჟია, რომელიც ბოროტი ზრახვებით შეპყრობილ ბატონს (ხან ძლევამოსილ ვამპირს "დრაკულაში", ხანაც შეშლილ მეცნიერს "ფრანკენშტეინში") ემსახურება. მუსიკოსმა მისი ახალი ალტერ ეგოს სულის ბნელ კუნჭულებში მსმენელი ერთიმეორეზე შთამბეჭდავი ტრეკების დახმარებით ამოგზაურა. მათგან საუკეთესოს წოდება კი საბოლოოდ New Magic Wand-ს მივანიჭეთ. მართლაც შეუძლებელია, ამ შედევრს რაიმე ნაკლი მოუძებნოთ, ან მის განვითარებაში არასწორი მიმართულება აღმოაჩინოთ.

კომპოზიციის სახელწოდებას ორაზროვანი დატვირთვა აქვს. "ჯადოსნური კვერთხი" ფოტოშოპის ერთ-ერთი ფუნქციაა, რომლის მეშვეობითაც სურათებიდან არასასურველი ობიექტები, მაგალითად, თქვენი ყოფილი შეყვარებულის ახალი სატრფო შეგიძლიათ, გააქროთ. ამასთან ერთად, ეს სიტყვათშეთანხმება ჟარგონზე ცეცხლსასროლ იარაღსაც ნიშნავს, რომელიც საძულველი პიროვნების მოშორებაში პირდაპირი გაგებითაც დაგეხმარებათ.

ტაილერი რაღაც სასწაულით ახერხებს, სულ რაღაც სამ წუთში საყვარელი ადამიანის დაკარგვის, მისი სხვასთან ხილვისა და თანმდევი სტრესის თითოეული ეტაპი საოცრად ხელშესახებად აღწეროს. ტექსტი არტისტის მხრიდან მანიაკალური ეგოიზმის მოურიდებელი აღიარებით იწყება, ამ თავდაჯერებულ ტონს კი რეფრენად თითქოს არაცნობიერიდან ამოძახილი ფრაზა "გთხოვ, ახლა ნუ დამტოვებ მარტო" გასდევს. მაგრამ მისი მუდარა უპასუხოდ რჩება, რაც აფეთქებას იწვევს და ინტენსიური ინსტრუმენტალის ფონზე მუსიკოსი პირდაპირ მუქარაზე გადადის. ბრაზი ნელდება, თითქოს ისტერიის შემოტევამაც გადაიარა, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითი სიმშვიდეა ეჭვების, შიშებისა და აგრესიის მორიგ ტალღამდე, სადაც ავტორი მისი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო ვერსს კითხულობს.

New Magic Wand სინთვეივიცაა, ჰიპ ჰოპიც, ტრიპ ჰოპიც და ნეოსოულიც. მასში ყველა ამ მიმდინარეობის სახელოვანი წარმომადგენლების გავლენა იკითხება. თუმცა, ტაილერი ბუნებით მესაკუთრე გახლავთ. მას 
სამოცი ორმოცზე შეთავაზება არ აწყობს და ადგილს საყვარელი ადამიანის გულში მხოლოდ თავისთვის, ამ კომპოზიციაში კი საკუთარი, უნიკალური ხელწერისათვის ტოვებს.

1. FKA twigs - Cellophane

2014 წელს გამოცემული სადებიუტო, უსახელო ალბომის შემდეგ, ყველანი შევთანხმდით, რომ FKA Twigs-ის სახელით ცნობილი თალია ბარნეტი ძალზე პრეტენზიული და ამბიციური არტისტია. და აი, ხუთი წლის შემდეგ ის უკვე ახალი ისტორიით დაბრუნდა.

MAGDALENE, ფაქტობრივად, უნაკლო ჩანაწერია, რომელიც არა მხოლოდ 2019 წლის, არამედ მთელი დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო პოპ ნამუშევრის წოდებას იმსახურებს. შთაგონების წყაროდ მუსიკოსისთვის ნაწილობრივ მის მიერ გადატანილი უმძიმესი ოპერაცია, ნაწილობრივ კი მსახიობ რობერტ პატინსონთან რომანის დასრულება იქცა. რთული პერიოდის შემდეგ, არტისტმა ალტერ ეგო მარიამ მაგდალინელში, ახალი აღთქმის მრავალწახნაგოვან და კონტროვერსიულ პერსონაჟში იპოვა. რელიგიური თემატიკა, რომელიც კათოლიკურ სკოლაში აღზრდილი ბარნეტისთვის უცხო არც მანამდე ყოფილა, სულიერი კათარზისის გზად იქცა. ამ ნამუშევრით მან ისტორიის გადაწერა სცადა, რადგან სჯერა, რომ ქალის ამბავი შეიძლება, ის მოჰყვე, რომ არცერთი კაცის ხსენება არ მოგიწიოს. მათ შორის არც იესოსი.

"მინდოდა, ჩემი ხმა საზოგადოების კარნახის გარეშე მეპოვა", - საზოგადოების რა მოგახსენოთ, მაგრამ ნიკოლას ჯაარისა და ნოა გოლდსტეინის პროდიუსირების გარეშე ეს ალბომი ასეთი საინტერესო, ალბათ, ვერ გამოვიდოდა. თავისი წილი საქმე ქორლესმა, სქრილექსმა, ქეშმირ ქეთმა, ჰადსონ მოჰავკმა და დენიელ ლოპატინმაც გააკეთეს. თუმცა, ის ფაქტი, რომ ასეთი შემოქმედებითი კოლექტივის პირობებშიც კი, FKA Twigs-ის იდეები ვერცერთი პროდიუსერის ინდივიდუალურმა ხელწერამ ვერ შებღალა, ძალიან ბევრს ამბობს თავად არტისტზეც და მის მუსიკაზეც. 

ნამუშევრის კონცეფციას სრული სიცხადით მის ფინალურ აკორდად ქცეული კომპოზიცია Cellophane ასახავს, რომლის აკუსტიკური და ელექტრონული, რეტრო და ფუტურისტული ჟღერადობების სინთეზი, ბარნეტის საოცარ ვოკალურ შესრულებასთან ერთად, მსმენელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ალუზიებით სავსე ტექსტში კი მუსიკოსმა თითქმის ყველა იმ ფიქრისა და განცდის ჩატევა შეძლო, რაც მის თავს დამტყდარი ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვის პროცესში დაუგროვდა. ეს კომპოზიცია ექსპერიმენტული პოპის სრული ტრიუმფია და დამსახურებულად იკავებს პირველ პოზიციას წლის შემაჯამებელ სიაში. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული