Thumbnail

ნახეთ: ჩარლზ მენსონის ფერფლისგან ნიღბები დაამზადეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ოჰაიოს შტატში მოღვაწე ხელოვანის, რიკ ფიშერის, იგივე Sik Rik-ის სახელოსნოში ცნობილი სერიული მკვლელის, ტოტალიტარული სექტის ლიდერისა და შეუმდგარი მუსიკოსის, ჩარლზ მენსონის სახის მსგავსი ნიღბები დაამზადეს, რომლებიც მისი ფერფლითა და ადამიანის სისხლით არის გაფორმებული. მათზე ფიშერთან ერთად, მხატვარმა რაიან ოლმაითიმ იმუშავა, რომელმაც სახელი სწორედ ადამიანის სისხლით დახატული ნამუშევრებით გაითქვა.

ფიშერს ნიღბები და სკულპტურები ისეთი როკ კოლექტივებისთვის აქვს დამზადებული, როგორებიცაა Iron Maiden და Motörhead.  

ჩარლზ მენსონი ოჰაიოდან კალიფორნიაში საცხოვრებლად 1967 წელს გადავიდა და მუსიკალური კარიერის აწყობა სცადა. მან ჯგუფ The Beach Boys-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, ბრაიან ვილსონი გაიცნო და მის სტუდიაში რამდენიმე კომპოზიცია ჩაწერა, რომელთა გამოშვებასაც ალბომის სახით აპირებდა. თუმცა, პროდიუსერმა ტერი მელჩერმა ნამუშევრები დაუწუნა. მისი სიმღერები 1970 წელს, მას შემდეგ გამოიცა, რაც ჩარლზი 60-იან წლებში ჩადენილი სერიული მკვლელობებისთვის დააკავეს. მათ შორის ყველაზე ცნობილი შემთხვევა სწორედ მელჩერზე შურისძიებას უკავშირდება. 1969 წელს მან თავისი მიმდევრები ლოს ანჯელესის გარეუბანში, პროდიუსერის სახლში გაგზავნა და ყველა იქ მყოფის დახოცვა უბრძანა. როგორც აღმოჩნდა, მელჩერი იქ აღარ ცხოვროდა, მენსონის "ოჯახის" წევრებმა კი მათ ნაცვლად რეჟისორ რომან პოლანსკის 8 თვის ორსული ცოლი, მსახიობი შერონ ტეიტი და მისი ოთხი სტუმარი მოკლეს. მენსონს თავდაპირველად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რომელიც მოგვიანებით სამუდამო პატიმრობით შეიცვალა. ის 2017 წელს, 83 წლის ასაკში ციხეში გარდაიცვალა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული