Thumbnail

სელენა გომესი: ჩემმა ახალმა კლიპებმა ტეილორ სვიფტი აატირა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მომღერალი სელენა გომესი ბრიტანულ რადიოსადგურ Kiss-ს ესტუმრა. არტისტმა ინტერვიუში ის დღე გაიხსენა, როდესაც თავისი ბოლო კლიპები Lose You To Love Me და Look At Her Now დიდი ხნის მეგობარს, ტეილორ სვიფტს აჩვენა. აღსანიშნავია, რომ სელენამ ორივე სიმღერა ყოფილ შეყვარებულთან, კანადელ ჯასტინ ბიბერთან დაშორებას მიუძღვნა.

► ნახეთ: Selena Gomez - Look At Her Now

"არასდროს დამავიწყდება, როცა ტეილორის სახლში, მისი მშობლების გარემოცვაში, სიმღერებზე Lose You to Love Me და Look at Her Now გადაღებული კლიპები ჩავრთე. ძალიან მაგარი გამოცდილება იყო. ჩვენ 10-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, ძალიან მიყვარს მისი ოჯახი და როდესაც ამ ნამუშევრების ჩვენება შევთავაზე, ტეილორმა განათებების ჩაქრობა დაიწყო, მე კი ვეუბნებოდი - მთლად ასეთი შთამბეჭდავი სანახაობაც არ გელოდებათ-მეთქი. ვიდეოების ყურებისას მან და დედამისმა ტირილი დაიწყეს. ამას რომ ვიხსენებ, მეც მიჩუყდება გული, რადგან ეს ოჯახი მძიმე პერიოდში გვერდში მედგა. ისინი სიამაყის გამო ატირდნენ. გააცნობიერეს, რომ ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებ, რომელიც იმ ქაოსის, შეურაცხყოფისა და საშინელებებისგან იქნება დაცლილი, რომელთა გადატანაც მომიხდა", - იხსენებს არტისტი.

მსახიობმა და მომღერალმა სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული