Thumbnail

როგორ გადაიღო ჯონ ლენონმა ფოტოები ალბომისთვის Unfinished Music No. 1: Two Virgins

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონისა და იოკო ონოს 1968 წლის ერთობლივი სტუდიური ჩანაწერის Unfinished Music No. 1: Two Virgins გარეკანი როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კონტროვერსიულ ყდად ითვლება. სურათები თავად ლენონმა ფოტოგრაფის დახმარების გარეშე გადაიღო.

► იოკო ონო: ჯონი 39 წლის შემდეგაც მენატრება

► რას ფიქრობდა ჯონ ლენონი Led Zeppelin-ის შესახებ

ფოტოსესია რინგო სტარის სახლის სარდაფში მოეწყო, სადაც წყვილი იმ პერიოდში ცხოვრობდა. 

"ორივემ უხერხულობა ვიგრძენით, როცა ფოტოების გადასაღებად გავშიშვლდით. ამიტომაც, სურათები სხვისი დახმარების გარეშე, ტაიმერის საშუალებით გადავიღე. ჩვენს თავს აღვიქვამდი, როგორც შეშლილ სამყაროში დაკარგულ ორ უცოდველ ადამიანს. გვსურდა, დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ არ ვიყავით შეშლილი წყვილი, არ გაგვაჩნდა არანაირი გადახრა და ჯანმრთელი გონება გვქონდა. თუ ამ ნაბიჯით საზოგადოებას არ გავანაწყენებდით, თუ ხალხი ქილიკს არ დაიწყებდა, მაშინ ჩვენი მიზანიც შესრულებულად ჩაითვლებოდა", - ამბობდა ჯონი.

ხმის ჩამწერმა კომპანია EMI-მ ჩანაწერის გარეკანის გამო მის გავრცელებაზე უარი განაცხადა. მისმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ლოკვუდმა, ალბომის ყდა სერიოზულად არ მიიღო და იხუმრა კიდეც: "რატომ არ გადაიღო ჯონმა მის ნაცვლად პოლი? ის ბევრად უკეთ გამოიყურება". საბოლოოდ ნამუშევრის დისტრიბუციაზე ლეიბლებმა Track Records და Tetragrammaton Records იზრუნეს.

ალბომის გამოსვლას ვნებათაღელვა მართლაც მოჰყვა, რამაც დისტრიბუტორებს უბიძგა, გარეკანი ყავისფერი ქაღალდით დაეფარათ.

Unfinished Music No. 1: Two Virgins ჯონისა და იოკოს ექსპერიმენტული ტრილოგიის პირველი ნაწილია. ნამუშევარი 1968 წლის 19 მაისის ღამეს რამდენიმე საათში ინგლისის ქალაქ ვეიბრიჯში, ჯონის სახლში მოწყობილ სტუდიაში ჩაიწერა. მაშინ მუსიკოსი კვლავ სინტია ლენონზე იყო დაქორწინებული, რომელიც იმ მომენტში საბერძნეთში ატარებდა შვებულებას. კონტროვერსიული გარეკანის მიუხედავად, ნამუშევარს კომერციული წარმატება არ მოჰყოლია. ბრიტანეთში სტუდიური ჩანაწერის მხოლოდ 5,000 ეგზემპლარი გაიყიდა, აშშ-ის ჩარტებში კი ალბომი 125-ე პოზიციას დასჯერდა. 

ჯონ ლენონმა და იოკო ონომ გიბრალტარში 1969 წლის 20 მარტს იქორწინეს. 1975 წელს მათ ვაჟი, შონი შეეძინათ. წყვილს ერთობლივი და სოლო ნამუშევრებისთვის ასევე დუეტი Plastic Ono Band ჰქონდა ჩამოყალიბებული. მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ, იოკომ პროექტში მოღვაწეობა შვილთან, შონთან ერთად განაგრძო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული