Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ 2019 წლის 10 საუკეთესო ელექტრონულ ალბომს.

2019 წლის 10 საუკეთესო ელექტრონული კომპოზიცია

10. Coil - The Gay Man's Guide To Safer Sex +2 (OST)

ძალიან, ძალიან დასანანი იქნებოდა, ეს ჩანაწერი რომ დაკარგულიყო. არადა ამის დიდი შანსი იყო, რადგან კრის კრისტოფერსონისა და ჯონ ბელანსის მიერ საგანმანათლებლო ფილმისთვის The Gay Man's Guide To Safer Sex შექმნილი საუნდტრეკი 27 წელი თაროზე იდო და ამ ფორმით აქამდე არასდროს გამოცემულა. 

ლეგენდარული ბრიტანული პოსტ-ინდასტრიალ ბენდი თავისი ნამუშევრით არა მხოლოდ უსაფრთხო სექსს ადვოკატირებს, არამედ ეროტიზმითა და მისტიციზმით გაჯერებულ ალბომს გვთავაზობს, რომელიც ემბიენთ ჰაუსის, ნიუ ეიჯისა და ჯაზის ესთეტიკას აერთიანებს. ეს ერთგვარი წინასწარმეტყველური ჰიმნია, რომელიც 90-იანი წლების ბევრ მუსიკალურ ტრენდზე ჯერ კიდევ მათ აქტუალიზაციამდე გვიყვება. თუ სხვა ყველაფერს დავივიწყებთ, ეს არის Coil მთელი თავისი დიდებულებით.

► მოუსმინეთ ალბომს

9. Octo Octa - Resonant Body

მაია ბოლდრი-მორისონი იმ იშვიათ არტისტებს შორისაა, რომლებიც საკუთარ შემოქმედებას პიროვნული თვითგამორკვევის პროცესში მეგზურად იყენებენ. ელექტრონული მუსიკის ქვიარ სცენით შთაგონებული ბრუკლინელი პროდიუსერი სხეულებრივობის პარადიგმით ცდილობს გადაჭრას პრობლემები, რომელიც არა მხოლოდ ქვიარებს, არამედ ყველა იმ ადამიანს აწუხებს, ვინც საცეკვაო მოედანზე სიყვარულსა და ემპათიას ეძებს.

"ეს ჩანაწერი ყველა სხვა ჩემი ნამუშევრისგან განსხვავდება, რადგან მისი შექმნის დროს ვიყავი უფრო ბედნიერი, ვიდრე ოდესმე" - შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ Resonant Body არტისტისთვის შემოქმედების პრობლემური ნაწილის შეჯამება და დასასრულია, რომელიც ბევრი მსმენელისთვის ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება იქცეს. 

► მოუსმინეთ ალბომს

8. Flume - Hi This Is Flume

ჰარლი ედვარდ სთრეთენს ელექტრონული მუსიკის ძალზე ბევრი მოსაწყენი ტრენდის წამოწყება ბრალდება. უფრო მეტიც, ბევრისთვის ის მრავალგზის დაწყევლილი EDM ქოლგის ქვეშ მოღვაწე არტისტია, მაგრამ, აბა, ამ მიქსტეიპს მოუსმინეთ.

შემთხვევითი არ არის, რომ ალბომს ასეთი სახელი ქვია. Flume დღეს ნამდვილად ეს არის - მრავალფეროვანი მუსიკალური პალიტრის მქონე, ხისტი და რისკიანი პროდიუსერი, რომელსაც ყველა "ბრალდების" გაბათილება შეუძლია. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ალბომი გრემის ჯილდოს აიღებს თუ არა, ავსტრალიელი არტისტისთვის Hi This Is Flume ნამდვილად შემობრუნების წერტილია და წესით, სკეპტიკოსი მსმენელებისთვისაც შემობრუნების წერტილი უნდა გახდეს. ამისთვის საჭიროა, Flume-ს უბრალოდ შანსი მისცეთ.

► მოუსმინეთ ალბომს

7. Floating Points - Crush 

წლის ბოლოს გამოცემული ალბომების შემაჯამებელ სიაში შეყვანა ხშირად სარისკოა, რადგან შესაძლოა, ნამუშევრის სრულყოფილად შეფასებისთვის საკმარისი დრო გასული არ იყოს. თუმცა, Crush-ის შემთხვევაში პირველივე მოსმენაც კი საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, რომ რაღაც ძალზე საინტერესოსა და მშვენიერს შევეხეთ. 

სემ შეფერდი The XX-ს ტურნეში მხარდამჭერ არტისტად გაჰყვა და ერთ დღესაც კოაჩელას მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე მარტოს მოუწია დარჩენა. მუსიკოსის მიზანი, წესით, მსმენელის "გახურება" უნდა ყოფილიყო, თუმცა, მან ჰედლაინერის შესამზადებელი გამოსვლა სოლო პერფორმანსად აქცია - ნელი და ფრთხილი სეტის ნაცვლად, აგრესიული და თამამი ლაივ შესრულება სცადა, რაც მისთვის ემანსიპაციური მომენტი გამოდგა. ეს ალბომი სწორედ The XX-თან ტურნეში ყოფნის გამოცდილებით არის შთაგონებული და კარგად გვაჩვენებს, რომ სანამ Floating Points მსგავსი არტისტები ამ სივრცეში რჩებიან, საცეკვაო ელექტრონულ მუსიკას ლეგიტიმაციის პრობლემა არ ექნება.

მოუსმინეთ ალბომს

6. Bobby Krlic - Midsommar (OST)

The Haxan Cloak-ის სახელით ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის შემოქმედება ყოველთვის პირქუში ჟღერადობით გამოირჩეოდა. ამიტომაც, როცა ის არი ასტერის რიგით მეორე საშინელებათა ფილმის კომპოზიტორად მოგვევლინა, შედეგიც თითქოს პროგნოზირებადი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც რეჟისორი არ აპირებდა თავისი სადებიუტო სურათის Hereditary გამეორებას, ასევე ბობი კრლიჩი არ ფიქრობდა მისი საუნდტრეკის ავტორის, კოლინ სტეტსონის ფორმულის ბრმად მიყოლას. ეს ალბომი ბევრად უფრო მრავალშრიანია, ვიდრე მუსიკოსის დისკოგრაფია და სწორედ აქ ჩანს არტისტის უნარი გარისკოს და შექმნას ისეთი რამ, რაც მისი კომფორტის ზონის მიღმაა.

"როდესაც კინოთეატრში Hereditary ვნახე, არის მივუბრუნდი და ვუთხარი, ღმერთო ჩემო, ეს რა იყო?!" - იხსენებს მუსიკოსი, - "მან ღიმილით შემომხედა და მიპასუხა - არ იღელვო, Midsommar უარესი იქნება". ეს დიალოგი როგორც ფილმს, ასევე მის საუნდტრეკსაც იდეალურად აღწერს. აქ ყველაფერი მართლაც ბევრად უარესად არის, თუკი ამ სიტყვას დადებითი კონოტაციით აღვიქვამთ. 

მოუსმინეთ ალბომს

5. Pelada - Movimiento Para Cambio

მონრეალში დაფუძნებული დუეტი Pelada თავის ახალ ალბომში თითქმის ყველა იმ საკითხს შეეხო, რომლითაც მემარცხენე პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიის დროს კეკლუცობენ. თუმცა, ზღვარგადასული პოპულიზმის ნაცვლად, კრის ვარგასი და ტობიას როხმანი ამ თემებს საკუთარი ინდივიდუალური გამოცდილების ფილტრში ატარებენ და პრობლემებზე პირველ პირში საუბრობენ.

კონკრეტულ პრობლემებზე არტიკულირების პარალელურად, რაც ვარგასის ტექსტებშიც კარგად იკითხება, საქმე აბსოლუტურად ორიგინალურ მუსიკალურ ნამუშევართან გვაქვს, რომელშიც ბრეიქბითის, ჰაუსისა და ექსპერიმენტული პოპ მუსიკის ტექსტურები ერთმანეთთან ისე საინტერესოდ არის შეზავებული, რომ რომელიმე ერთი კონკრეტული ჟანრისთვის მისი მიკუთვნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.  

მოუსმინეთ ალბომს

4. Holly Herndon - Proto

ადამიანისა და ტექნოლოგიების ურთიერთობის თემატიკა ელექტრონული არტისტებისთვის უცხო ნამდვილად არ არის, თუმცა, ჰოლი ჰერნდონი სხვებთან შედარებით ერთი ნაბიჯით წინ დგას. ის ხომ მუსიკას თავისივე შექმნილი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით წერს, რომელიც ადამიანის მიერ გამოცემული ბგერებით საზრდოობს.

ამის პარალელურად არ იცვლება მთავარი - სტუდიაში მართვის სადავეები მაინც ადამიანს უჭირავს, რომელიც მის ირგვლივ არსებულ ციფრულ თუ აკუსტიკურ გარემოს ზოგჯერ შუა საუკუნეების საეკლესიო მუსიკისკენ მიუძღვება, ზოგჯერ კლუბის საცეკვაო მოედნისკენ, ზოგჯერ კი ელექტროაკუსტიკური სნობიზმისკენ. შეიძლება, მსგავსი ექსპერიმენტი სხვაგანაც შეგხვედრიათ, მაგრამ ამ პროცესში ისეთ გრძნობას, როგორიც სიყვარულია, ჰერნდონის მსგავსად არავინ შეხებია.

მოუსმინეთ ალბომს

3. Jenny Hval - The Practice Of Love

გახსოვთ, სულ რაღაც სამი წლის წინ იენი ვალი თავისი ალბომით მენსტრუალურ სისხლზე რომ გველაპარაკებოდა? ნორვეგიელ არტისტს არასდროს მორიდებია ჩვენი ყურადღების ისეთი საკითხებისადმი მიპყრობა, რომლებზეც ფიქრი მუსიკის მოსმენის დროს ნაკლებად გვსურს. პრინციპში, ჩვენი სურვილები მას არც არასდროს აინტერესებდა. აი, The Practice Of Love კი ნამდვილად სხვანაირი - არა მხოლოდ საინტერესო თემების, არამედ თავად არტისტისა და მისი პიროვნების გარშემო აგებული ჩანაწერია.

სიყვარული, ინტიმურობა და იმედგაცრუებებით გამოწვეული ფრუსტრაცია - ეს ყველაფერი იენი ვალმა ერთ სივრცეში მოაქცია და იმის მიუხედავად, რომ ალბომში უამრავ ექსპერიმენტალისტ არტისტს ვხვდებით, პოპ მუსიკისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქით გადმოგვცა. შედეგად კი, წლის ერთ-ერთი საუკეთესო ელექტრონული ნამუშევარი მივიღეთ. 

მოუსმინეთ ალბომს

2. Barker - Utility

"ბერგჰაინის" რეზიდენტი, სემ ბარკერი უკვე რამდენიმე წელია, მუსიკას საინტერესო ფორმულის მიხედვით ქმნის, რომელიც ხშირად დრამის სექციებსა და საცეკვაო მოედნისთვის განკუთვნილი მუსიკისთვის დამახასიათებელ პრაგმატიზმზე უარის თქმას გულისხმობს. 

ამ მიდგომის კონტურები ერთი წლის წინანდელ ჩანაწერშიც Debiasing ვნახეთ, მაგრამ Utility სწორედ ის ალბომია, რომლის იგნორირებაც თანამედროვე საცეკვაო მუსიკის სივრცისთვის დიდი დანაშაული იქნება. ეს თამამი, უკომპრომისო და ექსპერიმენტული ნამუშევარი უტოპიურ მომავალში ფსიქოდელიური თავგადასავლის იდეალური საუნდტრეკია. თუმცა, მოდულური სინთეზატორებისა და კუსტარული ინსტრუმენტების საშუალებით გენერირებული ჟღერადობის მიღმა ყოველთვის იკითხება ის სპეციფიკურობა, რომელიც მხოლოდ ადამიანის ხელით შექმნილ ნივთს შეიძლება ახასიათებდეს. 

მოუსმინეთ ალბომს

1. FKA Twigs - Magdalene

2014 წელს გამოცემული სადებიუტო, უსახელო ალბომის შემდეგ, ყველანი შევთანხმდით, რომ FKA Twigs ძალზე პრეტენზიული და ამბიციური არტისტია. და აი, ხუთი წლის შემდეგ ის უკვე ახალი ისტორიით დაბრუნდა. ქალი, რომელიც საკუთარ თავში ერთსა და იმავე დროს ქალწულისა და მეძავის არქეტიპებს აერთიანებს - მარიამ მაგდალინელის პერსონაჟი, ერთი შეხედვით, ძალიან კონტროვერსულია, მაგრამ ამ ნამუშევრით თალია ბარნეტმა ისტორიის გადაწერა სცადა. მას სჯერა, რომ ქალის ამბავი შეიძლება ის მოჰყვე, რომ არცერთი კაცის ხსენებამ არ მოგიწიოს. მათ შორის არც იესოსი.

"მინდოდა ჩემი ხმა საზოგადოების კარნახის გარეშე მეპოვა", - საზოგადოების რა მოგახსენოთ, მაგრამ ნიკოლას ჯაარისა და ნოა გოლდსტეინის პროდიუსირების გარეშე ეს ალბომი ასეთი საინტერესო, ალბათ, ვერ გამოვიდოდა. თავისი წილი საქმე ქორლესმა, სქრილექსმა, ქეშმირ ქეთმა, ჰადსონ მოჰავკმა და დენიელ ლოპატინმაც გააკეთეს. თუმცა, ის ფაქტი, რომ ასეთი შემოქმედებითი კოლექტივის პირობებშიც კი, FKA Twigs-ის იდეები ვერცერთი პროდიუსერის ინდივიდუალურმა ხელწერამ ვერ შებღალა, ძალიან ბევრს ამბობს თავად არტისტზეც და მის მუსიკაზეც. Magdalene წლის ყველაზე საინტერესო ჩანაწერია და ამ ფაქტზე თვალის დახუჭვა ნებისმიერი გამოცემისთვის ძალზე რთული იქნება. 

მოუსმინეთ ალბომს

2019 წლის 10 საუკეთესო ელექტრონული კომპოზიცია

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული