Thumbnail

Fat Joe: პატივს აღარ ვცემ მათ, ვინც 6ix9ine-თან კვლავ იმუშავებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგავრცელებული ალბომის Family Ties პრომოუშენის ფარგლებში, ვეტერანი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯოზეფ ანტონიო კარტაგენა, ფსევდონიმით Fat Joe, ცნობილ გამოცემას Complex ესტუმრა. ჟურნალისტ სფიდი მორმანთან ინტერვიუში ჯომ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ახალ ნამუშევრსა და პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდა მუსიკოსის, ტეკაში სიქსნაინის შესახებ ისაუბრა. ბრონქსელი ემსის თქმით, ის ყველა იმ კოლეგის მიმართ დაკარგავს პატივისცემას, ვინც მომავალში ტეკაშისთან იმუშავებს. ამის მიზეზი კი სიქსნაინის გამოძიებასთან თანამშრომლობა გახლავთ.

► მოუსმინეთ: Fat Joe ახალ ალბომს Family Ties ავრცელებს 

► პროკურატურა სასამართლოს: Tekashi 6ix9ine-ს მინიმალური სასჯელი შეუფარდეთ 

"დიახ, მე ყველა ჩემი კოლეგის მიმართ დავკარგავ პატივისცემას, ვინც ტეკაშისთან ითანამშრომლებს. არ უნდა წარმოაჩინო თავი ისეთად, როგორიც არ ხარ და არ უნდა ჩაიდინო დანაშაული. თორემ აღმოჩნდები ასეთივე სიტუაციაში, რასაც არავის ვუსურვებ. რას იზამ, ადგები და ჩაუშვებ? ოჯახს შეარცხვენ? თუ წლობით ჩუმად იქნები? ვლოცულობ ასეთი ადამიანებისთვის", - განაცხადა ჯომ.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Bloods წევრები არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებს. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. რეპერის საქმეზე სასამართლო განაჩენს 18 დეკემბერს გამოაცხადებს.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული