Thumbnail

კრის მარტინი: ჩემი მანერების გამო თანასკოლელებს გეი ვეგონე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, Coldplay-ს ფრონტმენმა, კრის მარტინმა გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში სკოლაში სწავლის პერიოდი გაიხსენა, როდესაც საკუთარ სექსუალურ იდენტობაში გარკვევას ცდილობდა.

► ნახეთ: Coldplay-მ Crystal Waters-ის კომპოზიცია Gypsy Woman დააქავერა

► მოუსმინეთ: Coldplay-მ ახალი ალბომი Everyday Life გაავრცელა 

► ნახეთ: Coldplay-მ SNL-ში კომპოზიციები Everyday Life და Orphans შეასრულა

"სკოლა-პანსიონში სწავლის პერიოდში სასაცილო სიარულის მანერა მქონდა, ცოტას დავხტოდი. მაშინ ჰომოფობი ვიყავი, რადგან მეშინოდა, რომ, თუ გეი ვიქნებოდი, აღარაფერი მეშველებოდა. არადა, ჯერ პატარა ბავშვი გახლდით, რომელიც საკუთარ სექსუალურ იდენტობაში უნდა გარკვეულიყო. თანასკოლელებიც ჩემი მანერების გამო აგრესიით მეძახდნენ გეის. ეს ჩემზე წლების განმავლობაში ძალიან მოქმედებდა. სულ ვფიქრობდი, ვიყავი თუ არა გეი და თუ ვიყავი, ეს დაუშვებელი იყო. 15-16 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ ჰეტეროსექსუალი ვიყავი და ჰომოსექსუალების მიმართ დამოკიდებულებაც შემეცვალა. ბევრი ჩემი კერპი სწორედ რომ გეი იყო. მივხვდი, რომ ეს საკითხი საერთოდ არ მადარდებდა", - ამბობს მუსიკოსი.

აღსანიშნავია, რომ კრისი 13 წლის განმავლობაში მსახიობ გვინეტ პელტროუზე იყო დაქორწინებული, ამჟამად კი ასევე მსახიობ დაკოტა ჯონსონს ხვდება.

კრის მარტინმა მუსიკალური კარიერა 1996 წელს მულტიინსტრუმენტალისტ ჯონი ბაქლენდთან ერთად ჩამოყალიბებულ ჯგუფ Pectoralz-ში მოღვაწეობით დაიწყო. მოგვიანებით კოლექტივს სახელი გადაერქვა და Coldplay ეწოდა. მუსიკოსს ბენდთან ერთად 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული