Thumbnail

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ Michailo პირველ ლაივს გამართავს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

14 დეკემბერს მულტიფუნქციური სივრცე Mono Hall ელექტრონულ მუსიკოსს, მიხეილ თოდუას, სასცენო სახელით Michailo, უმასპინძლებს, რომელიც, 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მსმენელის წინაშე პირველი ლაივით წარდგება. ის სტუმრებს ციხეში დაწერილ პროექტს შესთავაზებს. არტისტი ივენთში We Support Michailo მონაწილეობას სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალური ნებართვის საფუძველზე მიიღებს. აღსანიშნავია, რომ მიხაილო სასჯელის დარჩენილ ვადას შინაპატიმრობაში ატარებს.

ღონისძიებაზე მიხაილოსთან ერთად გერმანიაში მოღვაწე ქართველი არტისტი ირაკლი კიზირია, იგივე Irakli დაუკრავს. როგორც ცნობილია, მუსიკოსებმა ერთობლივი EP სახელწოდებით Michailo+Irakli მიმდინარე წლის ივნისში გაავრცელეს. მათ გარდა სცენაზე Forest, B Tape და CH1KOVAN1 დადგებიან. ივენთი BPM Sound Systems & DJ Tools-ისა და Cosmosuca-ს ორგანიზებით ჩატარდება.

მიხაილო 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის 2013 წელს დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროდიუსერს ახალ ნამუშევრებზე მუშაობა ციხეშიც არ შეუწყვეტია. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი ოთახი საკუთარი ხარჯებით მუსიკალურ სტუდიად აქცია. 2018 წელს არტისტის ალბომები ბრიტანულ და გერმანულ ლეიბლებზე გამოვიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროდიუსერს ციხეში ცნობილი გამოცემა Telekom Electronic Beats ეწვია და მისგან ინტერვიუ აიღო. არტისტმა ბოლო რელიზი Solitude to Sanctuary მიმდინარე წლის სექტემბერში ავსტრალიურ ლეიბლზე Rebellie Music გამოსცა. 2019 წლის 11 ოქტომბერს მიხაილომ საპატიმრო დატოვა და სასჯელის დარჩენილ ვადას შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით ატარებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული