Thumbnail

კეიპოპ არტისტები Jung Joon Young და Choi Jong Hoon ჯგუფური გაუპატიურებისთვის გაასამართლეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კეიპოპ ჯგუფ Drug Restaurant-ის ყოფილ სოლისტ ჯანგ ჯუნ იანგსა და ჩოი ჯონგ ჰუნს, რომელიც კორეული როკ კოლექტივის F.T. Island წევრი იყო, სამხრეთ კორეის სასამართლომ ექვსი და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ჯგუფური გაუპატიურების ორ შემთხვევას. ჯანგი დამატებით გასამართლდა ფაქტების გადაღებისა და გავრცელებისთვის.

"მათ გააუპატიურეს ქალები, რომლებსაც ალკოჰოლური თრობის გამო წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ. რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ძლიერი ტანჯვის გადატანა მოუხდათ დაზარალებულებს", - ნათქვამია სასამართლო დოკუმენტებში.

თავად მუსიკოსების მტკიცებით კი, ორივე სექსუალური აქტი ორმხრივ ნებას ეფუძნებოდა.

როგორც ირკვევა, 30 წლის ჯანგმა კადრები მეგობრებს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიარა. ამასთან, გამოძიებამ დაადგინა, რომ ის სისტემატურად უღებდა ქალებს სექსუალური ხასიათის ვიდეოებს და ნებართვის გარეშე ავრცელებდა მათ. 

გამოცემა The Guardian კორეულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ჯანგი და ჩოი განაჩენის გამოცხადებას ცრემლებით შეხვდნენ. 

სამხრეთ კორეაში სექსუალური ხასიათის კადრების ფარულად გადაღება და გავრცელება საკმაოდ ხშირი დანაშაულია. ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს ამ ბრალდებით 5,500 ადამიანი დააკავეს, რომელთა 97% მამაკაცია. 

ჯანგ ჯუნ იანგმა პოპულარობა 2014 წელს, სამხრეთკორეულ სატელევიზიო ტალანტ-შოუში Superstar K მონაწილეობით მოიპოვა. მისი რამდენიმე სოლო სინგლი კი ქვეყანაში ჰიტად იქცა. 2015-19 წლებში, ის ჯგუფ Drug Restaurant-ის სოლისტი იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ფარული ვიდეოჩანაწერების ამბავი გახმაურდა, მან სცენიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

ჩოი ჯონგ ჰუნი კი კორეული როკ ჯგუფის F.T. Island ყოფილი წევრია. ბენდმა სადებიუტო ალბომი 2007 წელს გაავრცელა. ჩოიმ მუსიკალური ინდუსტრიის დატოვების შესახებ მიმდინარე წელს, მას შემდეგ განაცხადა, რაც სასამართლოში მისი საქმის განხილვა დაიწყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული