Thumbnail

ნიკ ქეივი: გვსურდა, Ghosteen ყოფილიყო ხომალდი, რომელიც მსმენელს პრობლემებს დაავიწყებდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა არტისტმა, ნიკ ქეივმა ვებგვერდის The Red Hand Files საშუალებით თავისი ჯგუფის, Nick Cave and the Bad Seeds-ის ბოლო ალბომის Ghosteen შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

► რეცენზია: Nick Cave and the Bad Seeds - Ghosteen

► ნიკ ქეივი 16 წლის გოგონას: შენ არ ხარ ერთადერთი, ვისაც სარკე მტერი ჰგონია

"არაერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ Ghosteen სევდიანი ალბომია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. პირიქით, ამაზე მეტად განწყობის ამმაღლებელი და აღმაფრთოვანებელი ჩანაწერი არასდროს მომისმენია. როგორ ფიქრობთ, სხვებს ასეთი განსხვავებული მოსაზრება რატომ აქვთ? ხანდახან მგონია, რომ ჩემი აღქმაა არასწორი", - წერს მუსიკოსს თაყვანისმცემელი.

"ძალიან მიხარია, რომ Ghosteen-ს ამმაღლებელ და აღმაფრთოვანებელ ჩანაწერად მიიჩნევ. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც ალბომზე ვმუშაობდით. გვსურდა, რომ თითოეულ კომპოზიციას საზეიმო განწყობა შეექმნა და მსმენელი ეიფორიაში ჩაეგდო. გვინდოდა, რომ ეს ნამუშევარი ყოფილიყო ხომალდი, რომელიც მსოფლიოს და ყოველდღიურ პრობლემებს მოგწყვეტდათ და მიგიყვანდათ ისეთ ადგილას, რომელიც სავსეა საზეიმო განწყობითა და ოპტიმიზმით", - უპასუხა ქეივმა მსმენელს.

ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა კი აღნიშნა, რომ რჩება განცდა, თითქოს ალბომი "აჩრდილებითა და მოჩვენებებით" არის სავსე, რასაც ქეივი დაეთანხმა.

"შესაძლოა, ეს სიმღერები სულების სამყაროსთან ერთგვარი საუბარია, რაც ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების დაკარგვამ გამოიწვია. ჩვენგან წასული ადამიანები, ალბათ, ჩვენ ირგვლივ რჩებიან და რაღაცის შექმნისკენ გვიბიძგებენ", - წერს ქეივი.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული