Thumbnail

დედაზე არაერთი შესანიშნავი სიმღერაა დაწერილი. ბუნებრივია, რომ ამ კომპოზიციების უმეტესობა მშობლისადმი სიყვარულითაა განმსჭვალული, თუმცა, შიგადაშიგ ნეგატიური განწყობით სავსე ნამუშევრებიც იქმნება, რომელთა ავტორებიც ოჯახური პრობლემების საჯაროდ გამოტანას არ ერიდებიან.

ჩვენს დღევანდელ სიაში სწორედ დედებისადმი მიძღვნილ ათ გამორჩეულ სიმღერას წარმოგიდგენთ.

ნახე სრული ფლეილისტი

10. Beyonce - Ring Off

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა ეს სიმღერა მშობლების განქორწინების შემდეგ დაწერა. არტისტმა ის დედას, თინა ნოულსს მიუძღვნა და მის გაბედულ გადაწყვეტილებას, ქმართან პრობლემური ურთიერთობა ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინა, მხარი დაუჭირა. კომპოზიცია სწორედ თინას მიერ 2014 წელს გამართულ ფემინისტურ ღონისძიებაზე წაკითხული სიტყვის ნაწყვეტით სრულდება.

9. Kanye West - Hey Mama

ეპოქალურმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ეს კომპოზიცია პირველად 2005 წელს, ოპრა უინფრის შოუში შეასრულა, რომელსაც დედამისიც ესწრებოდა. დონდა ვესთს შვილის ნამუშევარი იმდენად მოეწონა, რომ წლების განმავლობაში ტელეფონის ზარად სწორედ Hey Mama ჰქონდა დაყენებული. 2007 წელს, მშობლის გარდაცვალებიდან ერთ კვირის შემდეგ, ქანიემ პარიზში გამართულ კონცერტზე ამ ტრეკის შესრულება სცადა, თუმცა, რამდენიმე წამში ატირდა და გამოსვლა შეწყვიტა.

8. The Police - Mother

The Police-ის გიტარისტის, ენდი სამერსის დედა შვილს ძალზე მკაცრად ექცეოდა და მისი ცხოვრების თითოეული ასპექტის გაკონტროლებას ცდილობდა. სწორედ ამის გამოძახილია კომპოზიცია Mother, რომელიც ბენდისთვის საკმაოდ უჩვეულო ჟღერადობით გამოირჩევა. "თითოეული გოგო, რომელთანაც ურთიერთობას ვიწყებ, ბოლოს ჩემს დედად იქცევა", - მღერის სამერსი. 

7. 2Pac - Dear Mama

თუფაქის დედამ ბავშვობა გაჭირვებასა და მოძალადე მამის ხელში გამოიარა, მოგვიანებით კი აფროამერიკელთა მემარცხენე-ექსტრემისტული დაჯგუფების, "შავი პანტერების" წევრი გახდა და ციხეში აღმოჩნდა. გათავისუფლების შემდეგ, მარტოხელა დედის პრობლემებს კოკაინზე დამოკიდებულებაც დაემატა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მას ფარ-ხმალის დაყრაზე არასდროს უფიქრია და შვილების აღზრდის საქმეს ღირსეულად გაართვა თავი. ლეგენდარული არტისტის კომპოზიცია Dear Mama სწორედ აფენი შაკურს ეძღვნება.

6. Metallica - Mama Said

საკულტო ამერიკული ბენდის ფრონტმენის, ჯეიმს ჰეტფილდის დედა ავთვისებიან სიმსივნეს შეეწირა, რომლის მკურნალობაზეც უარი მან რელიგიური მოსაზრებებით განაცხადა. ეს მძიმე მოგონება მუსიკოსმა სხვადასხვა დროს კომპოზიციებში Dyers EveThe God that Failed და Mama Said ასახა. მათგან ჩვენს სიაში შესატანად სწორედ ეს უკანასკნელი შევარჩიეთ, რომელიც თრეშ მეტალ კოლექტივის შემოქმედებისთვის უჩვეულო, ქანთრის ელემენტებით დატვირთული ჟღერადობით გამოირჩევა.

5. Idles - Mother

ბრიტანული პანკ როკ ბენდის ეს კომპოზიცია ფრონტმენის, ჯო ტალბოს დედის გარდაცვალებითაა შთაგონებული. საკუთარი განცდები მუსიკოსმა ერთგვარ მანიფესტად აქცია, რომელშიც კლასობრივი უთანასწორობა, გენდერული ნიშნით ჩაგვრა და მთელი ის უსამართლობა ასახა, რომლის გადატანაც დედამისს ცხოვრების განმავლობაში მოუწია. აღსანიშნავია, რომ კოლექტივმა სადებიუტო ალბომის Brutalism ასი ეგზემპლარი ამ უკანასკნელის ფერფლთან ერთად გაავრცელა.

4. Rammstein - Mutter

გერმანული ინდასტრიალ მეტალ ბენდის ამ კომპოზიციაში ბავშვის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგად ჩნდება. ფრანკენშტეინის მსგავსი არსება თვითგანადგურებას ცდილობს, თუმცა, მხოლოდ საკუთარი სხეულის დასახიჩრებას ახერხებს, დედის მხრიდან გულგრილობა კი საბოლოოდ მისი მკვლელობისკენ უბიძგებს. ჯგუფის ფრონტმენის, ტილ ლინდემანისა და გიტარისტ რიხარდ კრუსპეს თქმით, ნამუშევარი მშობლებთან მძიმე ურთიერთობითა და მათთან გაუცხოებით არის შთაგონებული.

3. The Beatles - Let It Be

ლეგენდარული კოლექტივის მსმენელთა დიდი ნაწილი დღემდე შეცდომით მიიჩნევს, რომ ამ სიმღერის ტექსტში ნახსენებ Mother Mary-ში ღვთისმშობელი მარიამი იგულისხმება. (სწორედ ამ მიზეზით ვერ იტანდა ქრისტიანობასთან მწყრალად მყოფი ჯონ ლენონი Let It Be-ს). არადა, პოლ მაკკარტნი საკუთარ დედაზე, მერი პატრისიაზე მღერის, რომლის გარდაცვალებისას მომავალი მუსიკოსი მხოლოდ 14 წლის იყო. მაკკარტნის თქმით, კომპოზიციის დაწერის იდეა მას სწორედ დედის სიზმრად ხილვის შემდეგ გაუჩნდა.

2. Eminem - Cleanin' Out My Closet

ამერიკელ ჰიპ ჰოპ არტისტს დედა, დებორა მეზერსი სხვადასხვა დროს არაერთ კომპოზიციაში გამოულანძღავს. მათ შორის ყველაზე პოპულარული, ალბათ, მაინც Cleanin' Out My Closet გახლავთ, რომელშიც რეპერმა მშობელთან კონფლიქტის დეტალები საფირმო ცინიზმით აღწერა. მთელი ეს ნეგატივი დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. მუსიკოსი კომპოზიციას კონცერტებზე აღარ ასრულებს და, როგორც ამბობს, მისი გახსენებაც კი ეზიზღება. 

1. Pink Floyd - Matilda Mother

Pink Floyd-ის ხსენებისას ამ სიაში, ალბათ, ლეგენდარულ ალბომში The Wall შესული, ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპოზიციის ნახვას ელოდით. თუმცა, გადავწყვიტეთ მის ნაცვლად ადგილი ბრიტანული კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში The Piper at the Gates of Dawn წარმოდგენილი სიმღერისთვის Matilda Mother დაგვეთმო. ბავშვობის ნოსტალგია ბენდის მაშინდელი ფრონტმენის, სიდ ბარეტის შემოქმედებისთვის ჩვეული თემაა, რომელიც მუსიკოსისთვის, პირველ რიგში, დედასთან და მის მიერ მოყოლილ ზღაპრულ ამბებთან ასოცირდება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული