Thumbnail

ჰიპ ჰოპ გაერთიანება Griselda ემინემის ლეიბლზე პირველ ალბომს 29 ნოემბერს გამოუშვებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკული ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ გაერთიანების Griselda დებიუტი ლეგენდარული დეტროიტელი ემსის, ემინემის მიერ დაფუძნებულ ლეიბლზე Shady Records 29 ნოემბერს შედგება. კოლექტივის წევრები "შეიდის" რიგებში პირველ ერთობლივ ალბომს WWCD გაავრცელებენ, რომელშიც, რა თქმა უნდა, "გრისელდას" სამივე წევრი: Westside Gunn, მისი ძმა Conway The Machine და Benny The Butcher იქნებიან ჩართული. მათ გარდა სტუდიურ ნამუშევარში თავად ემინემი, ვეტერანი ქუინსელი რეპერი 50 Cent და ეპოქალური Wu-Tang Clan-ის Raekwon მიიღებენ მონაწილეობას.

იუთუბზე სტუდიური ჩანაწერის თრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც ახალი კომპოზიციის ნაწყვეტსაც მოისმენთ.

ვესთსაიდ განმა სოციალურ ქსელში ალბომის გარეკანიც გამოაქვეყნა:

ცნობილია, რომ 29 ნოემბერს ალბომთან ერთად "გრისელდას" შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის პირველი ეპიზოდიც გავრცელდება.

მიმდინარე წელს ემინემმა ქონვეისთან კომპოზიციაზე Bang ითანამშრომლა, რომელმაც მსმენელთა მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ "გრისელდას" მომავალ ალბომში ხსენებული ტრეკის ალტერნატიული ვერსია შევა.

Griselda Records ვესთსაიდმა და ქონვეიმ 2014 წელს ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში ჩამოაყალიბეს. ანდერგრაუნდ არტისტებმა 2016 წელს კოლექტივში მესამე წევრი, მათი ახლო მეგობარი Benny The Butcher აიყვანეს. თავდაპირველად რეპერები საკუთარ ნამუშევრებს თვითონვე ავრცელებდნენ, თუმცა, მათ მიმართ ინტერესის ზრდის შესაბამისად, "გრისელდამ" 2017 წელს ემინემის ლეიბლთან Shady გააფორმა კონტრაქტი, რომელიც მათი ალბომების დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ერთი წლის შემდეგ, ჯგუფი კიდევ ერთი ლეგენდარული მუსიკოსის, ჯეი ზის ლეიბლში Roc Nation გაწევრიანდა.

"გრისელდას" წევრები ემინემთან ერთად.

2019 წელს კოლექტივმა კონტრაქტი ჯეი ზის ლებლთან Roc Nation გააფორმა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული