Thumbnail

2019 წელი შესანიშნავი პოპ ჩანაწერების სიუხვით გამოირჩევა, თუმცა, FKA twigs-ის ფსევდონიმით ცნობილი თალია ბარნეტის MAGDALENE მათ ფონზეც კი განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ბრიტანელი მუსიკოსისთვის ამ ალბომზე მუშაობისას შთაგონების წყაროდ ნაწილობრივ მის მიერ გადატანილი უმძიმესი ოპერაცია, ნაწილობრივ კი მსახიობ რობერტ პატინსონთან რომანის დასრულება იქცა. რთული პერიოდის შემდეგ, არტისტმა ალტერ ეგო მარიამ მაგდალინელში, ახალი აღთქმის მრავალწახნაგოვან და კონტროვერსიულ პერსონაჟში იპოვა. რელიგიური თემატიკა, რომელიც კათოლიკურ სკოლაში აღზრდილი ბარნეტისთვის უცხო არც მანამდე ყოფილა, სულიერი კათარზისის გზად იქცა. "საკუთარი თავის განსჯა მას შემდეგ შევწყვიტე, რაც იმედი მაგდალინელში ვიპოვე. მუდამ მისი მადლობელი ვიქნები", - განაცხადა მუსიკოსმა.

ნამუშევრის ზოგადი განწყობა მის გამხსნელ კომპოზიციაშივე Thousand Eyes ირეკლება. ბარნეტის ვოკალის ციფრული დამუშავებით აქ საგუნდო გალობის მსგავსი ეფექტი იქმნება. მკაცრი, მინიმალისტური ინსტრუმენტალის ელექტრონული ჟღერადობა უფრო და უფრო ინტენსიური ხდება და საბოლოოდ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ფუტურისტულ სამყაროში გამართულ საკრალურ რიტუალს ესწრები. ამ ტრეკზე საუბრისას ცალკე უნდა აღინიშნოს მისი პროდიუსერის, ნიკოლას ჯაარის დამსახურება. ჩილელი მუსიკოსი საკუთარი შემოქმედების სინონიმად ქცეული ხარისხის თამასის დაწევას არც კოლეგებთან თანამშრომლობისას აპირებს.

კომპოზიციის Home With You ტექსტში არტისტის პირადი ცხოვრებისეული გამოცდილება ყველაზე ხელშესახებად იგრძნობა. გასაკვირი არაა, რომ მასზე გადაღებული, ალეგორიებით სავსე ვიდეორგოლის რეჟისორად თავად მუსიკოსი მოგვევლინა. ტრეკში, რომლის პროდიუსერობას ჯაართან ერთად ნოა გოლდშტეინიც ითავსებს, ფორტეპიანოსა და ჩელოს ჰარმონიული ჟღერადობის ფონზე, ბარნეტი თავის შთამბეჭდავ ვოკალურ შესაძლებლობებს ავლენს.

დანგრეული სასიყვარული ურთიერთობის შესახებ დაწერილ მელანქოლიურ ბენგერში Sad Day საქმეში ბენი ბლანკოსა და სონი მურის, იგივე Skrillex-ის სახით უკვე მკვეთრად მეინსთრიმ პროდიუსერებიც ერთვებიან. აქ ბარნეტის სოპრანოს განსაკუთრებული სინაზე ეპარება, რაც სიმღერის ისედაც ემოციურ ფონს კიდევ უფრო ამძაფრებს. 

ამერიკელ ჰიპ ჰოპ არტისტ Future-თან თანამშრომლობით ჩაწერილი Holly Terrain ის ბეწვის ხიდია, სადაც მეინსთრიმსა და ექსპერიმენტულ ჟღერადობას შორის ზღვარი იშლება. ბარნეტმა, პროდიუსერებთან და თანაკომპოზიტორებთან ერთად, რომელთა სიაშიც კენეთ ბლუმის (Kenny Beats), ალეხანდრა გერსის (Arca) და ჯეკ ანტონოფის მრავლისმთქმელ სახელებს ვაწყდებით, ამოცანას აქაც უნაკლოდ გაართვა თავი. ალბომში გამოყენებული ორი სემპლიდან ერთ-ერთი სწორედ ამ კომპოზიციაში გვხვდება. ნამუშევრის კონცეფციის გათვალისწინებით, ტრეკში ბულგარული ვოკალური ანსამბლის Le Mystère des Voix Bulgares სიმღერიდან Moma Houbava ნასესხები ელემენტების ჩამატება ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო.

კომპოზიცია Mary Magdalene ის გარდამტეხი წერტილია, სადაც თვითგვემა სრულდება და საკუთარი თავის ახლიდან პოვნის პროცესი იწყება. არტისტი მარიამ მაგდალინელის პერსონაჟის სხვადასხვა ისტორიულ ინტერპრეტაციას ეხმიანება და მის მიერ გამოვლილ გზასთან საკუთარ გამოცდილებას აიგივებს. მომდევნო კომპოზიციაში Fallen Alien უკვე თავდაჯერებული, გამომწვევი ტონი იგრძნობა. ლირიკაშიც მარიამს დროებით დემონი ლილიტი ანაცვლებს.

ტრეკები Mirrored Heart და Daybed, რომლის პროდიუსერად კიდევ ერთი ბრწყინვალე არტისტი, დენიელ ლოპატინი, იგივე Oneohtrix Point Never მოგვევლინა, ნამუშევრის ზოგად ემოციურ ხაზს აგრძელებს. ალბომის უკანასკნელი კომპოზიციის Cellophane ალუზიებით სავსე ტექსტსა თუ რელიგიური სიმბოლიკით დატვირთულ ვიდეორგოლში კი ბარნეტმა თითქმის ყველა ის ფიქრი და განცდა ჩაატია, რაც ზემოხსენებულ მძიმე პერიოდში დაუგროვდა.

MAGDALENE, ფაქტობრივად, უნაკლო ჩანაწერია, რომელიც არა მხოლოდ 2019 წლის, არამედ მთელი დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო პოპ ნამუშევრის წოდებას იმსახურებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული