Thumbnail

"BTS-ის ყველა წევრს მოუწევს ჯარში წასვლა" - სამხრეთ კორეის კულტურის მინისტრის კომენტარი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული კეიპოპ ბენდის, BTS-ის წევრები სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდისგან არ გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Yonhap News სამხრეთ კორეის კულტურის მინისტრის, ფარქ იანგ-ვუს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

► სამოსი, რომელიც BTS-ის წევრებს Grammy Awards-ზე ეცვათ, მუზეუმში გამოიფინება

► ბრიტანელმა მამაკაცმა ოპერაციებში $250,000 დახარჯა, რათა BTS-ის ჯიმინს დამსგავსებოდა

► ნახეთ: EXO-ს შიუმინი ჯარში გაიწვიეს

"BTS-ის შემთხვევაში გამონაკლისის დაშვებას პირადად მე ვისურვებდი, თუმცა, თავდაცვის სამინისტროში ამ პოზიციას არ იზიარებენ. კლასიკური ხელოვნებისა და სპორტისგან განსხვავებით, პოპკულტურაში რთულია, შევჯერდეთ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც გადავწყვეტდით, რა შემთხვევაში შეიძლება, დავუშვათ გამონაკლისი", - განაცხადა მინისტრმა პარიზში, იუნესკოს სათავო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დისკუსია კოლექტივის წევრების სამხედრო სამსახურის მოხდისგან გათავისუფლების შესახებ მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიოში სამხრეთკორეული ბენდების პოპულარობა გაიზარდა. BTS-ის წევრი, 26 წლის ჯინი არმიაში გაწვევის ზედა ზღვართან ყველაზე ახლოსაა, შესაბამისად, მას ჯგუფიდან პირველს მოუხდება ჯარში წასვლა.

ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდისგან თავისუფლდებიან ოლიმპიური ჩემპიონები და აზიური თამაშების გამარჯვებულები, ასევე, კლასიკურ მუსიკაში მოღვაწე წარმატებული არტისტები და ჯილდოების მფლობელი ბალეტის მოცეკვავეები.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. წელს კი ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული