Thumbnail

10 ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური ინსტრუმენტი

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

დღემდე აღმოჩენილი ყველაზე ძველი მუსიკალური საკრავი მამონტის ძვლისგან დამზადებული ფლეიტაა, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით, მინიმუმ 42 ათასი წლის უნდა იყოს. მას შემდეგ არაერთი ინსტრუმენტი შეიქმნა და მათი მასობრივი წარმოებაც დაიწყო. ზოგიერთი იმდენად იშვიათია ან ისეთ ისტორიულ მოვლენასთან თუ პიროვნებასთანაა დაკავშირებული, რომ ასტრონომიული ფასი ღირს.  

► 15 ყველაზე ძვირადღირებული გიტარა

► 10 ყველაზე ძვირადღირებული ფორტეპიანო

ჩვენს სტატიაში სწორედ ათ ყველაზე ძვირადღირებულ ინსტრუმენტს გაგაცნობით.

ჯონ ლენონის Steinway & Sons-ის Z მოდელის პიანინო ($ 2.37 მილიონი)

Steinway & Sons-ის მიერ დამზადებული პიანინო ჯონ ლენონმა იოკო ონოსთვის საჩუქრად 1970 წელს 2456 დოლარად შეიძინა. 2000 წელს კი მომღერალმა ჯორჯ მაიკლმა მასში 2.37 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა. დღეს ინსტრუმენტის ხილვა ლივერპულში მდებარე "ბითლზის" მუზეუმშია შესაძლებელი. 

ჯონ ლენონის Gibson J-160E ($ 2.41 მილიონი)

სიაში ჯონ ლენონის გიტარაც მოხვდა. 1962 წელს The Beatles-ის მენეჯერმა, ბრაიან ეპშტეინმა მისთვის და ჯორჯ ჰარისონისთვის ორი იდენტური "გიბსონის" მოდელი 322 გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ამ ინსტრუმენტებით ჯგუფის არერთი ცნობილი კომპოზიცია, მათ შორის Love Me Do, I Want to Hold Your Hand, This Boy ჩაიწერა. თუმცა, 1963 წლის საშობაო კონცერტის დროს, ლენონის გიტარა გაუჩინარდა და ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, სანამ ნიუ იორკში, ერთ-ერთ მუსიკალურ მაღაზიაში არ აღმოაჩინეს. 2015 წელს ის 2.41 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ხელმოწერილი Fender "Reach Out To Asia" Stratocaster ($ 2.7 მილიონი)

2005 წელს როკ ვარსკვლავები ინდოეთის ოკეანეში წარმოქმნილი ცუნამის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაერთიანდნენ და საკუთარი ხელმოწერებით გაფორმებული თეთრი Fender Stratocaster აუქციონზე გაყიდეს. გიტარა, რომელსაც 19 შემსრულებლის, მათ შორის პოლ მაკკარტნის, მიკ ჯაგერის, კიტ რიჩარდსის, ჯიმი პეიჯის, დევიდ გილმორმის, ერიკ კლეპტონის, ანგუს იანგის, ტონი აიომის, რიჩი ბლექმორის, ლიამ გალაჰერის, მარკ ნოფლერის და ბრაიან ადამსის ავტოგრაფი ამშვენებდა შეიხა ალ-მაიასა ალ-ტანიმ 2.7 მილიონ დოლარად შეიძინა. 

Heintzman-ის როიალი Crystal ($ 3.22 მილიონი)

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფორტეპიანო კანადურმა კომპანიამ Heintzman Pianos დაამზადა. ის ფართო აუდიტორიამ პირველად 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იხილა. გამჭვირვალე კორპუსის მქონე ინსტრუმენტი უცნობმა კოლექციონერმა 3.22 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა.

სტრადივარის ვიოლინო "ჰამმერი" ($3.54 მილიონი)

სტრადივარის ოქროს ხანაში, 1707 წელს შექმნილი ვიოლინოს პირველი მფლობელი შვედი კოლექციონერი კრისტიან ჰამმერი გახლდათ. სწორედ მის სახელს ატარებს ინსტრუმენტი, რომელიც 2006 წელს აუქციონზე 3.54 მილიონ დოლარად გაიყიდა.

დევიდ გილმორის The Black Strat ($ 3.97 მილიონი)

დევიდ გილმორმა Fender Stratocaster, რომელსაც ფერის გამო "შავი სტრატი" შეერქვა, 1970 წელს შეიძინა. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ის ლეგენდარული შემსრულებლის საყვარელი გიტარად რჩებოდა. სწორედ ამ ინსტრუმენტზე უკრავდა გილმორი თავის ბოლო კონცერტებზე. 2019 წელს მუსიკოსმა The Black Strat საქველმოქმედო აუქციონზე 3.97 მილიონ დოლარად გაყიდა. 

სტრადივარის ვიოლინო "ლედი ბლანტი" ($15.9 მილიონი)

სტრადივარის მიერ 1721 წელს დამზადებული ვიოლინო, რომელსაც სახელი ერთ-ერთი პირველი მფლობელის, ლედი ანე ბლანტის პატივსაცემად დაერქვა, დღემდე იდეალურ მდგომარეობაშია. ის 2011 წელს ტოჰოკუს მიწისძვრითა და ცუნამით დაზარალებულების დასახმარებლად გამართულ აუქციონზე 15.9 მილიონ დოლარად გაიყიდა.

გვარნერის ვიოლინო "ვიეტანი" ($16 მილიონი)

ჯუზეპე გვარნერის მიერ 1741 წელს შექმნილ ვიოლინოს, რომელიც წარსულში ბელგიელ კომპოზიტორს, ანრი ვიეტანის ეკუთვნოდა, ამ დრომდე შეკეთება არ დასჭირვებია. ის 2012 წელს უცნობმა პირმა 16 მილიონ დოლარად შეიძინა და ამერიკელ მევიოლინეს, ენ აკიკო მაიერსს ცხოვრების ბოლომდე გამოყენების უფლებით გადასცა.

სტრადივარის ჩელო "დიუპორი" ($20 მილიონი)

სტრადივარის მიერ 1711 წელს დამზადებული ჩელოს მფლობელებს შორის საკულტო მუსიკოსები, ჟან-ლუი დიუპორი და მსტისლავ როსტროპოვიჩიც იყვნენ. 2008 წელს 20 მილიონ ამერიკულ დოლარად გაყიდული ინსტრუმენტი, ლეგენდის თანახმად, ერთხელ ნაპოლეონ ბონაპარტსაც ეპყრა ხელთ. სწორედ მის სახელს მიეწერება დაზიანება "დიუპორის" კორპუსის გვერდზე, რომელიც დღესაც ადვილად შესამჩნევია. 

სტრადივარის ვიოლინო "მაკდონალდი" ($45 მილიონი)

ყველაზე ძვირადღირებული ინსტრუმენტების ათეულში ანტონიო სტრადივარი საკუთარი ქმნილებებით მეექვსე, მეოთხე და მეორე პოზიციებთან ერთად, საპატიო პირველ ადგილსაც იკავებს. მე-18 საუკუნის დასაწყისში დამზადებული ვიოლინო, რომელიც ერთ-ერთი მფლობელის, ლორდ მაკდონალდის სახელი ატარებს, Amadeus Quartet-ის თანადამფუძნებელმა პიტერ შიდლოფმა 1964 წელს 81 ათას დოლარად შეიძინა. დღეს კი ის 45 მილიონ დოლარადაა შეფასებული. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული