Thumbnail

Lizzo-ს კურიერმა უჩივლა, რომელსაც არტისტი საკვების მოპარვაში ადანაშაულებდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

საკურიერო კომპანია Postmates-ის თანამშრომელი, ტიფანი უელსი, რომელსაც ბოსტონში მდებარე სასტუმრო Revere-ში რეპერ Lizzo-სთვის შეკვეთილი კერძი უნდა მიეტანა, არტისტს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება 16 სექტემბერს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ლიზომ კურიერი საჭმლის მოპარვაში დაადანაშაულა და სოციალურ ქსელში მისი ფოტო და ვინაობა გაასაჯაროვა. გოგონა მუსიკოსს ცილისწამებაში, მორალური ზიანის მიყენებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევაში ადანაშაულებდა. 

► ნახეთ: Lizzo-მ კონცერტზე Home Alone-ის ვარსკვლავ მაკოლეი კალკინთან ერთად იცეკვა

► ნახეთ: ბილი აილიში, კამილა კაბეიო და Lizzo ჟურნალ Elle-ის ფოტოსესიაში

"ამ გოგომ, ტიფანიმ საჭმელი მომპარა. გაუმართლა, რომ ხელჩართულ ჩხუბს შევეშვი", - დაწერა არტისტმა ტვიტერზე, თუმცა, მოგვიანებით პოსტი წაშალა.

მეორე დღეს ლიზომ სოციალურ ქსელში მოიბოდიშა.

"ბოდიშს ვიხდი, რომ ეს ამბავი ასე უხეშად გავასაჯაროვე. ბევრი გამომწერი მყავს და ეს გოგონა საფრთხეში ჩავაგდე. მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდები სოციალურ მედიას" - განაცხადა არტისტმა.

"ამ ბრალდებას ჩემს ცხოვრებაში საშინელი დღეები მოჰყვა. შეურაცხყოფილი და შეშინებული ვარ. ქუჩაშიც კი ვერ გავსულვარ, რადგან მეშინია, ვინმემ რამე არ დამიშავოს", - აღნიშნა თავად კურიერმა TMZ-სთან საუბარში.

15 ნოემბერს ტიფანიმ არტისტს კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში უჩივლა. როგორც სარჩელში წერია, ლიზო სასტუმროში ფსევდონიმით Bonnie V. იყო დარეგისტრირებული. მან რესტორნიდან Luke's Lobster ზღვის პროდუქტებით დამზადებული კერძი შეუკვეთა, თუმცა, არ მიუთითებია, კონკრეტულად რომელ ნომერში იმყოფებოდა. მუსიკოსმა არც ადგილზე მისული კურიერის სატელეფონო ზარს უპასუხა. ტიფანიმ 10 წუთიც მოიცადა და შენობა დატოვა.

მომხდარს გამოეხმაურა კომპანია Postmates-ის პრესსამსახური და განაცხადა, რომ თანამშრომელმა პროტოკოლის დაცვით იმოქმედა:

"ჩვენ შევისწავლეთ საკითხი და პრობლემა მალევე მოვაგვარეთ. ბოდიშს ვუხდით ლიზოს შექმნილი დისკომფორტისთვის".

ამერიკელმა რეპერმა Lizzo მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ამდენივე EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. ჯეფერსონი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული