ლონდონში მდებარე 24-საათიან ღამის კლუბს FOLD ლიცენზია შეუჩერდა. მისი ერთ-ერთი დამაარსებელი, ელექტრონული მუსიკოსი ლაშა ჟორჟოლიანი და კიდევ ერთი პირი კი თაღლითობისა და ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Mixmag ავრცელებს.
► ქართველი მუსიკოსი ლაშა ჟორჟოლიანი ლონდონში კლუბ FOLD-ს ხსნის
ღამის კლუბის დახურვისა და მისთვის ლიცენზიის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ნიუჰემის რაიონის საბჭომ მიიღო. მათი განცხადებიდან ირკვევა, რომ საქმე 200,000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების აპარატურის თაღლითური გზით შეძენას ეხება. გამოძიებას ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო (NCA) აწარმოებს.
FOLD-ის წარმომადგენლებმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს და წარდგენილ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს.
"კლუბი უარყოფს ბრალდებებს, ისინი აბსოლუტურად უსაფუძვლოა. გამოძიების პროცესში FOLD სამართალდამცველებთან აუცილებლად ითანამშრომლებს. დარწმუნებულები ვართ, რომ პოლიცია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭეშმარიტების დასადგენად გავაგრძელებთ ბრძოლას.
პოლიციის მოთხოვნით სასამართლომ კლუბს ლიცენზია შეუჩერა. სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეცა ამ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. FOLD-მა უკვე მოითხოვა, გადაიხედოს მოსამართლის გადაწყვეტილება. ლიცენზიის შეჩერების გაუქმებამდე კლუბი დახურულია. ყველანაირად ვეცდებით, რაც შეიძლება, სწრაფად მოვახერხოთ მისი გახსნა. დანებებას არ ვაპირებთ. FOLD კვლავ იქნება სცენა, რომელიც LGBTQ თემსა და სხვადასხვა უმცირესობას უსაფრთხო სივრცეს შესთავაზებს".
აღსანიშნავია, რომ კლუბი FOLD ლაშა ჟორჟოლიანმა ლონდონში შარშან, აგვისტოში გახსნა.
ჟორჟოლიანი ბრიტანეთში პროექტით Voicedrone მოღვაწეობს. მან სადებიუტო EP სახელწოდებით Emotional Disorder 2016 წელს გამოუშვა.
კომენტარები