Thumbnail

პით დოერთი პოლიციამ 48 საათში ორჯერ დააკავა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პარიზში მყოფი ბრიტანელი მუსიკოსი, პიტ დოერთი 48 საათის განმავლობაში ორჯერ დააკავეს. ჯგუფ The Libertines-ის ფრონტმენი 10 ნოემბერს კოკაინის შეძენის ბრალდებით აიყვანეს. მას შემდეგ კი, რაც მომდევნო დღეს გაათავისუფლეს, არტისტი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სახლში დასაძინებლად წავიდა. თუმცა, მოგვიანებით საღამურში გამოწყობილი დოერთი ერთ-ერთი ბარისკენ გაეშურა, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 19 წლის ბიჭს სახეში მუშტი ჩაარტყა.

თინეიჯერმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა და განაცხადა, რომ დოერთისგან ფიზიკური დაზიანება მიიღო. მუსიკოსს არაფხიზელ მდგომარეობაში ადამიანის ცემას ედავებიან. 

პიტ დოერთიმ კარლ ბარატთან ერთად ჯგუფი The Libertines 1997 წელს შექმნა. ბენდმა 2002 წელს სადებიუტო ალბომი Up the Bracket გაავრცელა. ორ წელიწადში კი მუსიკოსებმა მორიგი სტუდიური ნამუშევარი ჩაწერეს, რომელმაც ბრიტანულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ამავე წელს დოერთი ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის გამო ბენდიდან გააგდეს და კოლექტივიც დაიშალა. პიტმა ახალი ჯგუფი Babyshambles 2003 წელს ჩამოაყალიბა. ამ პროექტის ფარგლებში სამი სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 2014 წელს, დოერთიმ და ბარატმა The Libertines-ის აღდგენა გადაწყვიტეს.

2016 წელს არტისტმა კიდევ ერთი პროექტი Peter Doherty and the Puta Madres შექმნა. მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი 2019 წელს გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში პიტმა ორი სოლო ალბომი Grace/Wastelands' (2009) და Hamburg Demonstrations (2016) გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული