Thumbnail

ნახეთ: მსმენელების მოთხოვნით დრეიქმა კონცერტი შეწყვიტა და სცენა დატოვა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

9-10 ნოემბერს ლოს ანჯელესში, ბეისბოლის კლუბის, "ლოს ანჯელეს დოჯერსის" მოედანზე ცნობილი მუსიკოსის, Tyler, The Creator-ის ფესტივალი Camp Flog Gnaw ჩატარდა. ღონისძიების დასასრულს, სცენაზე საიდუმლო ჰედლაინერი, ტორონტოელი სუპერვარსკვლავი Drake გამოვიდა, რამაც ფესტივალის სტუმართა უკმაყოფილება გამოიწვია. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონცერტი არა დრეიქს, არამედ კალიფორნიელ მომღერალს, Frank Ocean-ს უნდა გაემართა. მსმენელები სწორედ ამ უკანასკნელს ელოდნენ.

► Tyler, The Creator: დრეიქის Started From The Bottom ერთ-ერთი საუკეთესო პოპ ტრეკია 

დრეიქმა კომპოზიციის Wu-Tang Forever შესრულების შემდეგ სცენასთან შეკრებილებს მიმართა: "თუ სურვილი გაქვთ, განვაგრძობ", პასუხად კი მან იმედგაცრუებული მელომანების შეძახილი მიიღო: "ჩვენ ფრენკ ოუშენი გვინდა!".

"ყველანი ძალიან მიყვარხართ. მე დრეიქი მქვია. მადლობა მასპინძლობისთვის", - განაცხადა მუსიკოსმა და სცენა დატოვა.

მოგვიანებით დრეიქი მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ისე, ამ ფესტივალის ორგანიზატორებთან 10-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ასე რომ, თქვენ ჩემი ხილვა კიდევ მოგიწევთ".

ინციდენტს ღონისძიების ორგანიზატორი, ტაილერი ტვიტერზე რამდენიმე პოსტით გამოეხმაურა. კალიფორნიელმა, რომელმაც დრეიქის მიმართ პატივისცემა საჯაროდ არაერთხელ გამოხატა, გულდაწყვეტილი არტისტი გაამხნევა და მადლობა გადაუხადა:

"ვცდილობ, ჩემს ფესტივალზე პლანეტის ყველაზე დიდი მუსიკოსები მოვიწვიო. არასწორი ინფორმაცია თავად მსმენელებმა გაავრცელეს და რადგან მათი ვარაუდი არ გამართლდა, განაწყენდნენ. ეს არ მანაღვლებს".

"დრეიქის ტრეკი Started From The Bottom ძალიან მომწონს და ვიფიქრე, რომ ჩვენი სამყაროების გაერთიანება შესანიშნავი იქნებოდა. ის ფესტივალზე ჩემი თხოვნით მოვიდა და მისი მადლიერი ვარ, რადგან ვალდებული არ იყო".

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpions კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული