Thumbnail

შაკირა: ხმის დაკარგვამ ისეთ დეპრესიაში ჩამაგდო, საწოლიდან ვერ ვდგებოდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კოლუმბიელმა პოპვარსკვლავმა, შაკირამ გამოცემა Guardian-თან ინტერვიუში ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც სახმო სიმებთან დაკავშირებული პრობლემის გამო მეტყველება და სიმღერა აღარ შეეძლო. არტისტის თქმით, იმაზე ნერვიულობამ, რომ სასიმღერო ხმას ვეღარ დაიბრუნებდა, დეპრესიამდე მიიყვანა.

► ჯენიფერ ლოპესი და შაკირა Super Bowl 2020-ის შოუზე იმღერებენ

► ნახეთ: შაკირამ Green Day-ს სიმღერა Basket Case შეასრულა

"შეგუებული ვიყავი, რომ ისეთი რაღაცები, როგორიცაა სილამაზე და ახალგაზრდობა, წარმავალია, თუმცა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ხმას დავკარგავდი. ეს ხომ ჩემი იდენტობაა. ისეთ დეპრესიაში ვიყავი, რომ საწოლიდან ადგომასაც ვერ ვახერხებდი. კომუნიკაცია მხოლოდ ჟესტიკულაციით შემეძლო, ვერავის ვერაფერს ვაგებინებდი. ჩემი შვილები ამ დროს 2 და 4 წლისები იყვნენ, ასე რომ, ფურცელზე წერას აზრი არ ჰქონდა. ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, ხმის დაბრუნების იმედი არ მქონდა. ამ პერიოდში პიკეს ჩემი ყველაზე უარყოფითი მხარეების დანახვა მოუწია", - იხსენებს არტისტი.

შაკირას მარჯვენა სახმო სიმზე სისხლჩაქცევა 2017 წელს განუვითარდა, რის გამოც მსოფლიო ტურნეს El Dorado World Tour გადადება მოუხდა. იმის მიუხედავად, რომ ექიმები ოპერაციის გაკეთებას ურჩევდნენ, მომღერალმა ხმის დასაბრუნებლად ისეთ მეთოდებს მიმართა, როგორებიცაა: ჰიპნოზი, მედიტაცია და ნაკურთხი წყლის სმა.

"საბოლოოდ ხმა ქირურგიული ჩარევის გარეშე დამიბრუნდა. 2018 წელს ტურნე რომ დავიწყე, სცენაზე გატარებული ყოველი დღე ჩემთვის საჩუქარი იყო", - გაიხსენა მომღერალმა.  

შაკირამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო და დღეს ის ლათინოამერიკული პოპ სცენის მთავარ წარმომადგენლად ითვლება. სამი გრემის მფლობელ ვარსკვლავს კარიერის განმავლობაში 140 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Whenever, Wherever და Hips Don't Lie მოუტანა. 2012 და 2015 წლებში ჟურნალმა Forbes შემსრულებელი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული