Thumbnail

ინგლისის ერთ-ერთ მაღაზიაში All I Want for Christmas Is You-ს ჩართვაზე უარი განაცხადეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ინგლისის ქალაქ იორკში მდებარე ალკოჰოლური სასმლის მაღაზიაში 1960 წლის შემდეგ გამოშვებული ყველა საახალწლო სიმღერის ჩართვაზე უარი განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი The Press ავრცელებს. კომპანია York Gin-ის ადმინისტრაციის განმარტებით, თანამედროვე საახალწლო კომპოზიციები, როგორიცაა, მაგალითად, მერაია ქერის All I Want for Christmas Is You, არ შეესაბამება მე-16 საუკუნეში აგებულ ტუდორის სტილის შენობაში განთავსებული მაღაზიის ანტურაჟს და, ასევე, ნეგატიურ გავლენას ახდენს მის პერსონალზე.

"ჩვენ არაერთი საახალწლო სიმღერა მოვისმინეთ, რათა გაგვერკვია, რომელი მათგანი ჟღერდა კარგად. აღმოჩნდა, რომ 1960 წლის შემდეგ გამოშვებული კომპოზიციები ძალიან უცნაური მოსასმენია, რის გამოც მაღაზიაში ყველა მათგანის ჩართვა ავკრძალეთ. ჩვენი პერსონალი ამ გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილია. მათ გვითხრეს, რომ სხვა მაღაზიების თანამშრომლებიც ჭკუიდან გადაჰყავთ იმ საახალწლო ჰიტებს, რომლებიც სამუშაო ადგილზე უწყვეტადაა ჩართული. ისე კი, თუ მერაია ქერი ესტუმრება ჩვენს მაღაზიას, შეგვიძლია, დროებით გავაუქმოთ აკრძალვა და All I Want For Christmas Is You გავუშვათ", - განაცხადა კომპანია York Gin-ის დირექტორმა, ემა გოდივალამ.

დღეისთვის მაღაზიის ფლეილისტი 200-მდე კომპოზიციას ითვლის. მათ შორის გვხვდება კლასიკური სადღესასწაულო სიმღერები ისეთი არტისტების შესრულებით, როგორებიც არიან: ბინგ ქროსბი, ელა ფიცჯერალდი და ფრენკ სინატრა, ასევე, მუსიკა ჩაიკოვსკის საბალეტო დადგმიდან "მაკნატუნა".  

"გვჯერა, რომ ყველაზე ბედნიერი პერსონალი და მომხმარებლები გვეყოლება. ჩვენი ფლეილისტი საკმარისად მდიდარია, ერთი და იგივე სიმღერა კვირაში მხოლოდ ორჯერ განმეორდება", - აღნიშნა მაღაზიის მენეჯერმა, სენდი ტენერ სმიტმა.  

აღსანიშნავია, რომ კომპანია York Gin-ის შემდეგ, თანამედროვე საახალწლო კომპოზიციების გაშვებაზე უარი სხვა ადგილობრივმა მაღაზიებმაც განაცხადეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული