Thumbnail

პროტო-პანკის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

პანკის დაბადების ზუსტ თარიღთან დაკავშირებული დისკუსია დღემდე არ წყდება. გავრცელებული მოსაზრებით, ჟანრის პირველი ჭეშმარიტი წარმომადგენელი ნიუ იორკში 1974 წელს დაარსებული The Ramones გახლავთ. თუმცა, ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, სხვადასხვა ბენდისა თუ არტისტის შემოქმედებაში პერიოდულად ჩნდებოდა ის იდეოლოგიური თუ მუსიკალური ელემენტები, რომლებსაც უდიდესი როლი მიუძღვით მიმდინარეობის ჩამოყალიბებაში. ასეთ შემსრულებლებს პროტო-პანკ არტისტებად მოიხსენიებენ, ტერმინით, რომელიც პანკის ჩამოყალიბებიდან წლების შემდეგ, ჟანრის რეტროსპექტივის შედეგად გაჩნდა.

ჩვენს დღევანდელ სიაში პროტო-პანკის ათ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელს და მათ გამორჩეულ კომპოზიციებს გაგაცნობთ.

10. Los Saicos

1964 წელს პერუში ჩამოყალიბებულ ამ ჯგუფს თავდაპირველად Los Sadicos (ესპანურად "სადისტები") ერქვა, მაგრამ მცირე ხანში ზედმეტი კონტროვერსიის ასარიდებლად, მუსიკოსებმა სახელწოდებიდან ასო d ამოიღეს. ლიმელი მოზარდებით დაკომპლექტებული კოლექტივი, რომლის ჟღერადობაშიც სერფ და გარაჟ როკით შთაგონებულ, სწრაფ და მოუხეშავ ინსტრუმენტალს აგრესიული ვოკალი ერწყმოდა, რკინიგზის სადგურების აფეთქებებსა და ალკატრასის ციხიდან გაქცევაზე მღეროდა და, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, საკუთარ სამშობლოში საკმაო წარმატებითაც სარგებლობდა.

არსებობის პირველ წლებში ჯგუფმა მხოლოდ რამდენიმე სინგლის გამოცემა მოასწრო და სწრაფადვე დაიშალა. მუსიკოსებმა თავ-თავიანთი გზები მონახეს. ფრონტმენმა ელვინ ფლორესმა შეერთებულ შტატებს მიაშურა, ფიზიკოსის დიპლომი აიღო და NASA-ში დაიწყო მუშაობა. ბასისტი სესარ კასტრილიონი მუსიკის მასწავლებელი გახდა და ა.შ. შედეგად, Los Saicos ყველამ იმდენად მიივიწყა, რომ გიტარისტ როლანდო კარპიოს წარსულის შესახებ შვილებმა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყვეს. თუმცა, 1995 წელს გამოცემულმა კომპილაციამ Wild Teen-Punk from Peru კოლექტივის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა ხელახლა გააღვივა. 2006 წელს ბენდის ცოცხლად დარჩენილი წევრები კვლავ შეიკრიბნენ და დღემდე ერთად მოღვაწეობენ, მათი შემოქმედება კი პანკის მოყვარულთა წრეში საკულტო სტატუსით სარგებლობს.

9. The Kinks

1964 წელს ლონდონში ჩამოყალიბებულ ამ კოლექტივს იდეოლოგიურად პანკთან საერთო ძალზე ცოტა რამ ჰქონდა. ამბოხისკენ მოწოდების ნაცვლად, ისინი ძირითადად სიყვარულსა და სხვა უწყინარ თემებზე მღეროდნენ. მუსიკოსების იმიჯიც 60-იანი წლების პოპ არტისტებისთვის დამახასიათებელ სტანდარტებში ჯდებოდა. მთავარი დეტალი, რამაც The Kinks პანკის ერთ-ერთ წინაპრად აქცია, ჟღერადობა იყო, რომელშიც მკვეთრ დისთორშენსა და მძლავრ რიტმ სექციას რეი დევისის სპეციფიკური ვოკალი ერწყმოდა. მისი უმცროსი ძმა, დეივი ჯგუფის საუნდის დამძიმებას ყველა შესაძლო გზით ცდილობდა და უფრო უხეში ბგერის მისაღებად ერთხელ თავისი გიტარის დინამიკი სამართებლითაც კი დასერა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 60-იანი წლების სცენაზე The Kinks ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც ფსიქოდელიით, აღმოსავლური მისტიციზმითა თუ ჰალუცინოგენებით მასობრივ გატაცებას არასდროს აჰყოლია. კოლექტივის შემოქმედება ბრიტანული იდენტობით, იქაური ყოველდღიურობითა თუ გარემოთი იყო შთაგონებული, რომელიც გაცილებით ახლოს იდგა პანკის სოციალური პრობლემატიკით განმსჭვალულ, რეალისტურ ესთეტიკასთან, ვიდრე მათი კოლეგების მიერ თეთრ კურდღლებსა თუ ფერად სიზმრებზე დაწერილი სიმღერები. როკის ისტორიაზე ამ ლეგენდარული ბენდის გავლენა მხოლოდ პანკისთვის საფუძვლის ჩაყრით არ შემოიფარგლება. ბრიტპოპის მამამთავრებად მონათლული მუსიკოსების კომპოზიციებში ჰევი მეტალის პირველ ჩანასახებსაც შეხვდებით. ჩვენს სიაში მათ წარსადგენად All Day and All of the Night იდეალური არჩევანია - ამ ტრეკში ხომ ერთდროულად ყველა ზემოხსენებული მიმდინარეობის ელემენტებია თავმოყრილი.

8. MC5 

1964 წელს ჩამოყალიბებული MC5 ერთ-ერთი პირველი როკ ბენდი იყო, რომელიც მკვეთრად მემარცხენე იდეოლოგიით გამოირჩეოდა. მისი სრული სახელწოდება Motor City Five (ინგლისურად: ხუთეული მანქანათმშენებელი ქალაქიდან) მუსიკოსების დეტროიტულ წარმომავლობას უსვამდა ხაზს. მარქსისტული მოძღვრებითა და ბიტნიკი პოეტების შემოქმედებით მათ დაინტერესებაში დიდი წვლილი კოლექტივის პირველმა მენეჯერმა, სამოქალაქო აქტივისტმა და რადიკალური ანტიკაპიტალისტურ-ანტირასისტული ორგანიზაციის, "თეთრი პანტერების" დამაარსებელმა, ჯონ სინკლერმა შეიტანა. ყველაფერმა ამან ასახვა ჯგუფის ნამუშევრებში ჰპოვა, რომელიც, ერთ-ერთი კრიტიკოსის შეფასებით, იმდენად დამანგრეველი ენერგიით იყო სავსე, რომ მის გაკონტროლებას თავად არტისტებიც ძლივს ახერხებდნენ.

ამ ბენდის მნიშვნელობას იდეოლოგიურ ფაქტორთან ერთად, ინოვაციური ჟღერადობაც განსაზღვრავდა, რომელიც სხვა, როკ-ენ-როლისთვის ტრადიციულ წყაროებთან ერთად ფრი ჯაზითაც იყო შთაგონებული. MC5-ის სადებიუტო, ცოცხლად ჩაწერილმა ალბომმა Kick Out the Jams დღის სინათლე 1969 წელს იხილა და პანკის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა. სწორედ ამ ნამუშევარში შევიდა მუსიკოსების ყველაზე პოპულარული, ამავე სახელწოდების მქონე ტრეკი, რომელიც თავის დროზე უწმაწური ტექსტის გამო კინაღამ ცენზურას ემსხვერპლა.

7. The Sonics

"ისინი დასარტყამი ინსტრუმენტების ჩასაწერად მხოლოდ ერთ მიკროფონს იყენებდნენ და საუკეთესო ჟღერადობას ქმნიდნენ, რაც კი ოდესმე მომისმენია", - ამ სიტყვებით Nirvana-ს ფრონტმენმა, კურტ კობეინმა 1960 წელს დაარსებული ბენდი The Sonics დაახასიათა. საკულტო მუსიკოსისთვის და მისი სიეტლელი კოლეგებისთვის შთაგონების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ სწორედ მათ მშობლიურ ქალაქში მოღვაწე ჯგუფის შემოქმედება იქცა. თუმცა, გრანჟის გამოჩენამდე ათწლეულებით ადრე ამ ამერიკულმა კოლექტივმა პანკის პიონერებზეც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მათი სადებიუტო, 1965 წელს გამოცემული ჩანაწერი Here Are the Sonics აღმოჩნდა.

ალბომში ჯგუფის წევრების მიერ დაწერილ კომპოზიციებთან ერთად, ისეთი პოპულარული სიმღერების ქავერები გვხვდება, როგორებიცაა: ჩაკ ბერის Roll Over Beethoven და The Contours-ის ჰიტი Do You Love Meთითოეული ტრეკი იმ ეპოქისათვის უჩვეულო სტილში სრულდება - მარტივ აკორდებსა და დასარტყამი ინსტრუმენტების პრიმიტიულ რიტმებს საქსოფონისა და ფორტეპიანოს ხაზგასმით მოუხეშავი ბგერები ერწყმის. შედეგად კი სწორედ იმ ენერგიულ, აგრესიულ ჟღერადობას ვიღებთ, რომლის გამოც ფართო აუდიტორიის მიერ დღემდე სათანადოდ დაუფასებელი კოლექტივი პანკის ერთ-ერთ წინამორბედად ითვლება.

6. The Velvet Underground & Nico 

1966 წელს ენდი უორჰოლმა თავისი პროტეჟეები, ჯგუფ The Velvet Underground-ის წევრები და გერმანელი შემსრულებელი, კრისტა პეფგენი, იგივე Nico ნიუ იორკში მათი სადებიუტო ალბომის ჩასაწერად შეკრიბა. ლეგენდარული ხელოვანი მაშინ, ალბათ, თავადაც ვერ წარმოიდგენდა, რა მნიშვნელობის მოვლენას დაუდო საფუძველი. მისი შეგირდების ერთობლივი ნამუშევრის ხისტმა, გაბმულმა და დისონანსებით სავსე ჟღერადობამ საკუთარ ეპოქას მნიშვნელოვნად გაუსწრო. ჩანაწერის კონტროვერსიული შინაარსის გამო, რადიოსადგურებმა ეთერში მის გაშვებაზე უარი განაცხადეს, მაღაზიებმა კი გაყიდვიდან ამოიღეს. თუმცა, ამ ყველაფერმა მუსიკოსებს ათასობით კოლეგის სახიფათო იდეებით მოწამვლაში ხელი ვერ შეუშალა.

ნიჰილიზმი, აპათია, საზოგადოებისგან გაუცხოება, პროსტიტუცია და ნარკოდამოკიდებულება - კომპოზიციების Heroin, Venus in Furs, I'm Waiting for the Man ტექსტები სწორედ ამ თემებს ეხება. ისეთი, ერთი შეხედვით, უწყინარი ტრეკების მიღმაც კი, როგორებიცაა All Tomorrow's Parties და Sunday Morning, პარანოიისა და მძიმე დეპრესიის კვალი იკითხება. ამ ჩანაწერში სწორედ ის ფილოსოფიაა ჩადებული, რომელიც ჯერ პანკის, მოგვიანებით კი ინდასტრიალისა და თითქმის ყველა სხვა ნონკონფორმისტული მუსიკალური მიმდინარეობის იდეოლოგიურ წინაპირობად იქცა. კომერციული წარუმატებლობის გამო, კოლექტივის ფრონტმენმა, ლუ რიდმა უორჰოლი პროდიუსერობას ჩამოაშორა და ნიკოსთან თანამშრომლობაც შეწყვიტა, თუმცა, ტაბუდადებულ საკითხებზე ღიად საუბარი და ხისტი ჟღერადობა ბენდის შემოქმედების განუყოფელ ნაწილად დარჩა.

5. The Stooges 

თუ დასავლურ კულტურაში პანკის იდეოლოგიის მარცვლები The Velvet Underground-მა დათესა, მისი პირველი ყლორტები The Stooges-ის შემოქმედებაში აღმოცენდა (საინტერესოა, რომ ბენდის სადებიუტო სტუდიური ნამუშევრის პროდიუსერადაც The Velvet Underground-ის წევრი, ჯონ კეილი მოგვევლინა). მიჩიგანში დაარსებული კოლექტივის შემოქმედება მანამდე არნახული ენერგიით, აგრესიითა და ქაოტურობით გამოირჩეოდა. განსაკუთრებით კონტროვერსიული მუსიკოსების ცოცხალი პერფორმანსები გახლდათ, რომელთა დროსაც ბენდის ფრონტმენი, იგი პოპი საკუთარი ქცევით აუდიტორიას შოკში აგდებდა.

სწორედ The Stooges-მა დაამკვიდრა ხაზგასმული პრიმიტიულობის ის ფორმულა, რომელიც მოგვიანებით Ramones-მა, Sex Pistols-მა, The Clash-მა და სხვა ლეგენდარულმა პანკ ჯგუფებმა გადაიღეს. "მათი მუსიკა ზედმეტად ხმამაღალი, მოსაწყენი, უგემოვნო, ფანტაზიისგან დაცლილი და ბავშვურია. მე მომწონს", - ასე დაახასიათა ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ბენდი კარიერის საწყის ეტაპზე. პანკის მოსმენით გამოწვეული ეფექტის უკეთესად აღწერა, ალბათ, შეუძლებელია. 

4. New York Dolls 

პანკის მრავალ ფესვთაგან ერთ-ერთი გლემ როკში იკარგება, რაც, პირველ რიგში, 1971 წელს ჩამოყალიბებული ამერიკული კოლექტივის, New York Dolls-ის დამსახურებაა. ნიჰილისტური ტექსტებითა და სწრაფი რიტმებით განთქმული ბენდის იმიჯი გლემისთვის დამახასიათებელი ეპატაჟურობის დეფიციტს არ განიცდიდა. თუმცა, მუსიკოსები სცენაზე მაკიაჟითა თუ ექსცენტრიკული სამოსით გამოსვლას არ სჯერდებოდნენ და მაშინდელი საზოგადოებრივი ნორმებისა თუ პოლიტიკური სტატუს-კვოს წინააღმდეგ გალაშქრებას ყველა შესაძლო ხერხით ცდილობდნენ. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ ერთხელ კონცერტზე დეკორაციად საბჭოთა სიმბოლიკაც კი გამოიყენეს. 

ამ სკანდალური იდეების გენერატორი ჯგუფის მენეჯერი, ცნობილი არტისტი და არანაკლებ ცნობილი პროვოკატორი, მალკოლმ მაკლარენი იყო. მუსიკოსებს ტანისამოსსაც სწორედ ის და მისი მაშინდელი მეგობარი გოგონა, ლეგენდარული დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი ურჩევდნენ. ნიუ იორკში დაგროვილი გამოცდილებით, 1975 წელს მაკლარენმა მშობლიურ დიდ ბრიტანეთს მიაშურა და ახალშექმნილ Sex Pistols-ს ჩაუდგა სათავეში, რითაც როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან მოვლენას - პანკ რევოლუციას დაუდო საფუძველი. 

3. Death 

დეტროიტში, ბაპტისტი მოძღვრის ოჯახში დაბადებული სამი ძმისგან - დევიდ, ბობი და დენის ჰაკნებისგან დაკომპლექტებულ კოლექტივს თავდაპირველად Rock Fire Funk Express ერქვა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მუსიკოსებმა ბენდს სახელი შეუცვალეს და Death (ინგლისურად: სიკვდილი) დაარქვეს. The Who-სა და ელის კუპერის კონცერტებზე დასწრების შემდეგ კი გადაწყვიტეს, ინოვაციები საკუთარ ჟღერადობაშიც შეეტანათ და ფანკიდან როკზე გადაერთნენ. 1975 წელს მათ სადებიუტო ალბომისათვის შვიდი სიმღერის დემო ვერსია ჩაწერეს. თუმცა, Columbia Records-ის მოთხოვნაზე, ჯგუფის სახელწოდება უფრო პოზიტიური და კომერციულად მიმზიდველი სიტყვით ჩაენაცვლებინათ, მუსიკოსებმა მტკიცე უარი განაცხადეს და პროექტიც ჩაიშალა.

ეს ჩანაწერი პროტო-პანკის გამორჩეული ნიმუშია, რომლის ჟღერადობაშიც ბენდის ადრინდელი მიმდინარეობის, ფანკის ელემენტები იკითხება, ტექსტები კი ანარქისტული მოწოდებებითაა სავსე. ათწლეულების განმავლობაში ეს კომპოზიციები თითქმის უცნობი იყო, თუმცა, 2009 წელს ისინი კომპილაციის ...For the Whole World to See სახით გამოიცა, რის შემდეგაც ჯგუფმა პანკის მოყვარულთა წრეებში საკულტო სტატუსი მოიპოვა. ამ ფაქტმა მუსიკოსებში ენთუზიაზმი ხელახლა გააღვივა. Death განახლებული შემადგენლობით აღდგა და დღემდე მოღვაწეობს. 

2. Patti Smith 

ქალ შემსრულებლებთან დაკავშირებული სტერეოტიპების მსხვრევა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, სცენაზე ჯენის ჯოპლინისა თუ გრეის სლიკის გამოჩენასთან ერთად დაიწყო. 70-იანების მეორე ნახევარში კი მუსიკის სამყაროს ამ მხრივ ყველაზე არასტანდარტული პერსონაჟი მოევლინა. პატი სმიტი თავისი გაჩეჩილი თმით, ჩაცმის უჩვეულო სტილითა და იდუმალი გამოხედვით არაფრით ჰგავდა პოპვარსკვლავის იმ შაბლონურ სახეს, რომლის ტირაჟირებასაც მსხვილი ლეიბლები გულმოდგინედ ცდილობდნენ. იმის მიუხედავად, რომ მუსიკოსს თავი ფემინისტად არასდროს მოუხსენიებია, პატი ძალაუნებურად მაინც გახდა ემანსიპაციის სიმბოლო. მისი მეამბოხე პერსონა კი ერთნაირი წარმატებით შთააგონებდა კორტნი ლავისნაირ პანკებსა და მადონას მსგავს პოპ დივებს.

ერთი სიტყვით, სმიტმა თავისი იმიჯითა და ცხოვრების წესით სრულიად ახალი, პანკ შემსრულებლის სახე ჯერ კიდევ ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბებამდე შექმნა. ჟანრის ფილოსოფიასთან განსაკუთრებით ახლოს მისი რადიკალიზმითა და ირონიით სავსე ლირიკა იდგა, რომელიც სრულად იყო დაცლილი კონფორმიზმისა თუ ბანალურობისგან. ჩვენს სიაში წარმოსადგენად ამერიკელი მუსიკოსის ჩვეული ნერვული, ექსპრესიული მანერით შესრულებული Gloria შევარჩიეთ. სწორედ ამ სიმღერაში გვხვდება არტისტის გამორჩეულად პოპულარული და თავისი დროისთვის სკანდალური ფრაზა - "იესო სხვისი ცოდვებისთვის მოკვდა და არა ჩემი". 

1. Suicide

ამ ამერიკულ დუეტთან დაკავშირებით ხშირად ხუმრობდნენ, მთელ სამყაროში ჭეშმარიტი პანკები მხოლოდ Suicide-ის წევრები არიან, რადგან ისინი თვით პანკებსაც კი სძულთო. უსახლკარო მხატვრის, ალან ვეგასა და ავანგარდისტი ჯაზმენის, მარტინ რევის მიერ 1969 წელს ნიუ იორკში შექმნილმა ჯგუფმა გიტარაზე, ბასსა და როკ მუსიკისთვის ტრადიციულ სხვა ინსტრუმენტებზე თავიდანვე თქვა უარი. დამტვრეული სინთეზატორისა და პრიმიტიული დრამ-მანქანის გამოყენებით შესრულებული მონოტონური, ერთაკორდიანი სიმღერები კი არაფერს ჰგავდა, რაც იმ ეპოქაში იქმნებოდა. დუეტის პირველი კონცერტების სარეკლამო ფლაერები იუწყებოდა: "პანკ მუსიკა ყოველ პარასკევ საღამოს Suicide-სგან". ეს მუსიკის ისტორიაში არტისტის მიერ საკუთარი შემოქმედების პანკად დახასიათების პირველი შემთხვევა იყო.

კლუბებში მისულ, პრიმიტიულ როკ-ენ-როლს მიჩვეულ ნიუ იორკელ პანკებს იქ მათთვის უჩვეულო მუსიკა ხვდებოდათ, რის გამოც Suicide-ის კონცერტები, როგორც წესი, სისხლიანი შეტაკებებით სრულდებოდა. განრისხებული აუდიტორიისგან თავდასაცავად, ვეგა სცენაზე ველოსიპედის ჯაჭვით შეიარაღებული გამოდიოდა, ერთ-ერთ მსმენელს კი ერთხელ ნაჯახიც ესროლა. დუეტის შემოქმედება კრიტიკოსებისგანაც მხოლოდ დაცინვას იმსახურებდა. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე გამოჩენილმა კოლეგამ (მათ შორის, ლეგენდარულმა ელვის კოსტელომ და The Cars-ის ფრონტმენმა, რიკ ოკაზეკმა) მუსიკოსების დახმარება სცადა, Suicide კარიერის პირველ ეტაპზე სრული კრახისთვის აღმოჩნდა განწირული. თუმცა, 1990-იანი წლების მიწურულს პანკისა და სინთპოპის პიონერების მნიშვნელობის თავიდან გადააზრების პროცესი დაიწყო, რამაც ჯგუფს საკულტო სტატუსი შესძინა და დამსახურებული დიდებაც მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული