Thumbnail

ბოიბენდ Monsta X-ის წევრმა, Wonho-მ კოლექტივი დატოვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

სამხრეთკორეულმა კომპანიამ Starship Entertainment, რომელიც კეიპოპ ბენდის Monsta X ლეიბლია, კოლექტივის ერთ-ერთ წევრს, 26 წლის მუსიკოს Wonho-ს კონტრაქტი შეუწყვიტა. კომპანიამ ჯერ კიდევ 31 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ, კანონთან შექმნილი პრობლემების გამო, არტისტი ჯგუფიდან მიდიოდა, დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში კი მიზეზებზე უფრო დეტალურად ალაპარაკდა.

"2019 წლის სექტემბერში გერმანიაში გამართული კონცერტიდან დაბრუნებულ ვონჰოს აეროპორტში ბარგისა და სხეულის შემოწმება მოუხდა. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს ჩვეულებრივი საბაჟო პროცედურა იყო, არ ვიცოდით, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა 2013 წელს მარიხუანის შესაძლო მოხმარებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების თანახმად, ჩვენ აღარ შეგვიძლია ვონჰოსთან თანამშრომლობის გაგრძელება, ამიტომაც, მასთან კონტრაქტს ვწყვეტთ. ვინაიდან პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი შეაწუხა შექმნილმა სიტუაციამ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან. კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს თაყვანისმცემლებს, რომლებისთვისაც ასეთი ძვირფასია Monsta X", - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერნეტში თავად ვონჰოს წერილიც გავრცელდა, რომელშიც საჯარო ბოდიშს იხდის:

"არ დამიმსახურებია ის სიყვარული, რომელიც ჯგუფში მოღვაწეობისას მივიღე. მადლობას ვუხდი კოლექტივის წევრებს, რომლებიც ბოლომდე გვერდში მედგნენ. იყო დრო, როცა უმნიშვნელო, ზოგჯერ კი სერიოზულ შეცდომებს ვუშვებდი, მაგრამ Monsta X-ში ჩემი დებიუტის შემდეგ, ვცდილობდი, სწორი გზით მევლო. ბოდიშს ვიხდი იმ ზიანისთვის, რომელიც კოლექტივის წევრებს მივაყენე, თუმცა, ყველაზე მეტად იმის გამო ვწუხვარ, რომ იმედი გავუცრუე ჩემს თაყვანისმცემლებს, რომლებსაც ასე სჯეროდათ ჩემი", - დაწერა არტისტმა.

შინ ჰო-სოქი, ფსევდონიმით ვონჰო, Monsta X-ის ვოკალისტი იყო. სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოების ხუთგზის გამარჯვებული ბენდი 2015 წელს სეულში ჩამოყალიბდა. კოლექტივს განსაკუთრებული წარამტება სიმღერებმა Hero და Beautiful მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული