Thumbnail

როგორც ჩანს, მუსიკოსებზე შემოდგომის ბოლო თვის მელანქოლიური, დამჭკნარი ფოთლებითა და მოახლოებული ზამთრის სუსხით სავსე ატმოსფერო განსაკუთრებით შთამაგონებლად მოქმედებს. ნოემბრის შესახებ ხომ სხვადასხვა ეპოქაში არაერთი შთამბეჭდავი სიმღერა შექმნილა.

ჩვენს დღევანდელ სიაში სწორედ ასეთ ათ გამორჩეულ კომპოზიციას წარმოგიდგენთ.

ნახე სრული ფლეილისტი

10. Guns N' Roses - November Rain

ნოემბრისა და მუსიკის ერთ კონტექსტში ხსენებისას მელომანების უმეტესობას სწორედ ეს არაჩვეულებრივი ჰარდ როკ ბალადა ახსენდება. November Rain გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაწერილი პირველი კომპოზიციაა, რომლის ნახვების რაოდენობამაც იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა. ამასთან ერთად, ის ყველაზე ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის მქონე ტრეკია, რომელიც ბილბორდის ჩარტის ტოპ ათეულში მოხვდა.

9. SZA - Sweet November

SZA-ს ფსევდონიმით ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა სოლანა როუმ ეს კომპოზიცია მაშინ დაწერა, როდესაც მძიმე ავადმყოფობის გამო სიკვდილის პირას იყო მისული. სიმღერის ტექსტი დიდწილად ამავე სახელწოდების მქონე ჰოლივუდური მელოდრამითაა შთაგონებული და სურათის მსგავსად სიყვარულის, გარდაცვალებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის დატოვებული მოგონებების თემატიკას ეხმაურება.

8. Death in June - The November Men

ნეოფოლკ ბენდ Death in June-ის სულისჩამდგმელი, დუგლას პირსი ბავშვობაში იმდენად უცნაური ქცევებით გამოირჩეოდა, რომ ერთხელ მშობლებმა ეგზორცისტთანაც კი მიიყვანეს და მისგან დემონების განდევნა სცადეს. ინგლისელი არტისტის იმიჯი არაორდინარულობით ჟანრის სტანდარტებსაც კი სცდება, ოკულტიზმითა და ნაცისტური უნიფორმებით გატაცება კი ხშირად ჩაშლილი კონცერტების ფასად უჯდება.

7. Morrissey - November Spawned a Monster

ბრიტანული ჯგუფის, The Smiths-ის ყოფილი ფრონტმენის კომპოზიციის ტექსტი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების განცდებსა და მათზე არსებულ მცდარ წარმოდგენებს ეხება. სიმღერის თანმხლები ვიდეორგოლი, რომელშიც მუსიკოსი საკუთარ ლიბიდოს აშკარად ვერ თოკავს, მის პათოსს დიდად ვერ ეხამება, თუმცა, მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი ნამუშევარია.

6. Tom Waits - November

ნოემბრის ესთეტიკას ტომ უეითსის მელანქოლიური მუსიკა და მისი სპეციფიკური, ვისკითა და თამბაქოთი გაჯერებული ხმის ტემბრი იდეალურად უხდება. ამერიკელი არტისტის ეს კომპოზიცია თეატრალური დადგმის The Black Rider ერთ-ერთი საუნდტრეკია, რომელიც მან რეჟისორ რობერტ უილსონთან და საკულტო მწერალთან, უილიამ ბეროუზთან თანამშრომლობით შექმნა.

5. Wyclef Jean - Gone Till November

საკულტო ჰიპ ჰოპ კოლექტივის, Fugees-ის ყოფილი წევრის ეს კომპოზიცია მის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული ნამუშევარია. ტრეკმა ბრიტანული სინგლების ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა, მასზე გადაღებულმა ვიდეორგოლმა კი 1998 წელს MTV-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო არენბი კლიპის ტიტული დაიმსახურა.

4. Tyler, The Creator - November

ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ამ კომპოზიციაში ის შიშები და ეჭვები ასახა, რომელიც 2017 წელს, ალბომის Flower Boy გამოცემისას აწუხებდა. დაღლილი ტაილერი უდარდელ ნოემბერში დაბრუნებას ითხოვდა. "იქნებ, ჩემი მუსიკა ხალხისთვის ზედმეტად უცნაურია?" - გვესმის ნამუშევრის ტექსტში. როგორც აღმოჩნდა, რეპერს ეს შეკითხვა სულ ტყუილად აწუხებდა - მის მომდევნო ჩანაწერს IGOR გამორჩეული წარმატება ხვდა წილად.

3. Max Richter - November

მაქს რიხტერმა ეს კომპოზიცია თავდაპირველად თავის სადებიუტო ალბომში Memoryhouse შეიტანა, წლების შემდეგ კი პოპულარული სერიალის, The Leftovers-ის საუნდტრეკზე მუშაობისას გამოიყენა. ჩვენს სიაში შესული ტრეკებიდან November ერთადერთია, რომელსაც ლირიკა არ ახლავს, თუმცა, ემოციების მუსიკალური ენით უნაკლოდ გადმოსაცემად გერმანელ კომპოზიტორს ტექსტი დიდად არასდროს სჭირდება.

2. Gorillaz ft. MF DOOM - November Has Come

Gorillaz-ისა და საკულტო რეპერის, MF DOOM-ის ერთობლივი კომპოზიცია 2005 წელს გამოვიდა. ტრეკის ტექსტში ჰიპ ჰოპის კომერციალიზაციით უკმაყოფილება და მისი მომავლისადმი სკეპტიციზმია ასახული. ჟანრის მდგომარეობას მუსიკოსები წელიწადის ბოლოსწინა თვეს, ნოემბერს ადარებენ, რომელსაც დეკემბრის სახით გარდაუვალი დასასრული მოსდევს.

1. The National - Mr. November

ამ კომპოზიციის სათაური აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში ჩატარების ტრადიციაზე მიანიშნებს. 2008 წელს ბენდის წევრებმა ბარაკ ობამასადმი მხარდაჭერა ღიად დააფიქსირეს და მაისურებიც დაბეჭდეს, რომელზეც მისი ფოტო და სიმღერის სახელწოდება იყო გამოსახული. თუმცა, ნამუშევარი ამერიკის 44-ე პრეზიდენტს არ ეძღვნება. ის ჯერ კიდევ 2004 წელს, წინა დემოკრატი კანდიდატის, ჯონ კერის შესახებ დაიწერა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული