Thumbnail

სწორად შერჩეული სასცენო სახელი ნებისმიერი მუსიკოსისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წიგნისთვის სათაური ან ბრენდისთვის მისი ლოგო. ალბათ, ამიტომაცაა, რომ არაერთმა ჰიპ ჰოპ არტისტმა მშობლების მიერ ბოძებული სახელი კარიერის დასაწყისშივე დაივიწყა და მსმენელებს ფსევდონიმით გაეცნო.

ამ სტატიაში სწორედ ცნობილი ჰიპ ჰოპ შემსრულებლებისა და მათი სასცენო სახელების ისტორიას მოგითხრობთ.

7. Snoop Dogg

დასავლეთ სანაპიროს ჰიპ ჰოპ სცენის ლეგენდარულ წარმომადგენელს ბავშვობაში მულტფილმი "ჩარლი ბრაუნი" და მისი მთავარი გმირი, ძაღლი სნუპი იმდენად უყვარდა, რომ რეპერის დედის თქმით, ნელ-ნელა რჩეულ პერსონაჟსაც კი დაემსგავსა. სწორედ ასე იქცა კელვინ ბროდუსი "სნუპ დოგად". 

6. Notorious B.I.G.

კრისტოფერ უოლესმა სახელი სიდნი პუატიეს კრიმინალური კომედიის Let's Do It Again ერთ-ერთი პერსონაჟის, ბიგი სმოლსის პატივსაცემად დაირქვა და პირველი დემო ჩანაწერებიც სწორედ ამ ფსევდონიმით გამოაქვეყნა. თუმცა, როგორც გაირკვა, მას შერჩეული მეტსახელის გამოყენების უფლება არ ჰქონდა, ამიტომაც საბოლოოდ თავს The Notorious B.I.G. უწოდა.

5. 2Pac

ლესანე ფერიშ კრუქსმა მუსიკალური კარიერა ფსევდონიმით MC New York დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით მიხვდა, რომ დედამისის მიერ მისთვის პერუელი რევოლუციონერის პატივსაცემად დარქმეული რიგით მეორე სახელი - თუფაქი გაცილებით შთამბეჭდავად ჟღერდა და ფართო საზოგადოებას თავი სწორედ ასე წარუდგინა.

4. Jay-Z

საკულტო ჰიპ ჰოპ შემსრულებელს, შონ კარტერს მშვიდი ხასიათის გამო ასაკით უფროსმა მეზობლებმა ბავშვობაში Jazzy Little Dude შეარქვეს. სწორედ სიტყვა Jazzy-ს შეკვეცით მიიღო ბრუკლინელმა რეპერმა ფსევდონიმი Jay-Z, რომელიც მის ყველაზე ცნობილ მეტსახელად იქცა.

3. Eminem

მარშალ მეზერსი სასცენო სახელის შერჩევისას ყოველთვის საკუთარ ინიციალებზე იყო ორიენტირებული. საკულტო ჰიპ ჰოპ არტისტმა კარიერა 14 წლის ასაკში ფსევდონიმით M&M დაიწყო, პირველი მიქსტეიპის გამოშვებისას თავს MC Double M-საც უწოდებდა, საბოლოოდ კი Eminem დაირქვა.

2. Rick Ross

უილიამ რობერტსი ფსევდონიმს პატიმრობაში მყოფ კალიფორნიელ ნარკობარონს ფრივეი რიკ როსს დაესესხა. თუმცა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამ უკანასკნელმა არტისტს სახელის მითვისებისთვის უჩივლა. ფრივეიმ სასამართლო პროცესი წააგო, ამიტომ ახლა სამართლიანობის აღდგენაზე თავადვე ზრუნავს და მაისურზე წარწერით ყველას ამცნობს, რომ "ნამდვილი Rick Ross რეპერი არაა". 

1. Childish Gambino

დონალდ გლოვერი ცნობილი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობია. მისი მუსიკალური ალტერ ეგო კი მაშინ დაიბადა, როცა სტუდენტურ წვეულებაზე თამაშისას არტისტს Wu-Tang Clan-ის მეტსახელების გენერატორმა პროგრამამ Childish Gambino შეარქვა. დონალდი ალგორითმის მიერ შერჩეული ფსევდონიმით უზომოდ კმაყოფილი დარჩა და მიქსტეიპების გამოშვება სწორედ ამ სახელით დაიწყო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული