Thumbnail

რიანას 25 ტატუ და მათი ისტორია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბარბადოსელი პოპვარსკვლავი, რიანა ტატუების დიდი მოყვარულია. პირველი - ვიოლინოს გასაღები და მუსიკალური ნოტი მან კარიერის დასაწყისში, 2006 წელს გაიკეთა. დღეს კი მუსიკოსი სულ მცირე 25 სვირინგით იწონებს თავს.

ჰიპ ჰოპის ფანების 10 ყველაზე ცუდი ტატუ

ვარსკვლავები

რირიმ თავდაპირველად თავისი ყოფილი შეყვარებულის, არენბი შემსრულებლის, კრის ბრაუნის მსგავსად, სულ რამდენიმე ვარსკვლავი დაიხატა, მოგვიანებით კი მათი რაოდენობა გაზარდა. 

ზვიგენი

ზვიგენი არტისტის ფეხზე კამერებმა პირველად 2016 წლის სექტემბერში აღბეჭდეს. არსებული ინფორმაციით, ის რირიმ რეპერ დრეიქის საგრიმიოროში ამოისვირინგა. ჭორებს მუსიკოსების რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ისიც ამძაფრებს, რომ დრეიქს ხელზე სწორედ ასეთი ტატუ აქვს.

ისიდას გამოსახულება

რიანას კიდევ ერთი ცნობილი და თვალშისაცემი ტატუ ეგვიპტურ მითოლოგიას უკავშირდება. არტისტმა ნაყოფიერების, დედობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მფარველ ქალღმერთ ისიდას მკერდს ქვემოთ მიუჩინა ადგილი.

ნეფერტიტის პორტრეტი

არტისტს არც ეგვიპტის დედოფალი, ნეფერტიტი დავიწყებია, რომელიც ქალის სილამაზის საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოა. მისი გამოსახულება რირიმ ნეკნებზე 2013 წელს ამოისვირინგა.

მაორის სტილის ტატუ

ახალ ზელანდიაში ტურნეს მიმდინარეობისას, რიანამ ხელის მტევანზე მაორებისთვის დამახასიათებელი ტატუ დაიხატა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც რირის სვირინგი თავის საყვარელ არტისტთან, Bang Bang-თან არ გაუკეთებია. საბოლოო შედეგით მუსიკოსი უკმაყოფილო დარჩა.

მანდალა

რიანამ ამ ტატუს გაკეთება სწორედ მაორული სვირინგის გადასაფარად გადაწყვიტა. როგორც ონლაინ გამოცემა PageSix წერს, გამოსახულებაში ცვლილების შეტანა არტისტმა იმდენად გადაუდებლად მიიჩნია, რომ თვითმფრინავით ნიუ იორკიდან საკუთარი ტატუ არტისტები ჩამოიყვანა, შემდეგ კი, 11 საათის განმავლობაში ელოდა, როდის მისცემდნენ ისინი ნახატს მისთვის სასურველ სახეს.

შევარდენი

შევარდენის გამოსახულება, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის ფორმას იმეორებს, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში დაცული, 2,300 წლის წინანდელი ეგვიპტური მოზაიკითაა შთაგონებული. მის პირად ტატუ არტისტს ამ სვირინგით რირის კიდევ ერთი "შეცდომის" - ფეხზე დახატული მუსიკალური ნოტების გადაფარვა მოუხდა.

ვიოლინოს გასაღები და მუსიკალური ნოტი

რირიმ თავისი პირველი ტატუ - ვიოლინოს გასაღები და მუსიკალური ნოტი კარიერის დასაწყისში გაიკეთა. სწორედ ამ სვირინგის გადაფარვა მოინდომა არტისტმა შევარდენის გამოსახულებით.

პისტოლეტი

მომღერალს ნეკნებზე პისტოლეტიც აქვს დახატული. მის გასაკეთებლად რირიმ თავისი ტატუ არტისტი ნიუ იორკიდან ლოს ანჯელესში ჩაიყვანა. ამ სვირინგის გამო მუსიკოსს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა, Bang Bang-მა მოგვიანებით განმარტა, რომ რიანამ მასში ძლიერებისა და ძალაუფლების სიმბოლო დაინახა.

Shhh...

მას შემდეგ, რაც რიანას თითზე მინაწერი Shhh... შენიშნეს, არაერთმა ადამიანმა გადაწყვიტა მსგავსი ტატუს გაკეთება. კამერებს ხშირად დაუფიქსირებიათ რირი, რომელიც საჩვენებელი თითის ტუჩებთან მიდებით გარშემომყოფებს სიჩუმისკენ მოუწოდებს. 

Love

არტისტს შუა თითზე სიტყვა "სიყვარული" აქვს ამოსვირინგებული. არტისტმა ეს ტატუ 2008 წელს, ლოს ანჯელესში ყოფნისას გაიკეთა.

დიდი ზომის ჯვარი

რიანა ნიუ იორკში მდებარე ტატუ სალონს შუაღამისას ესტუმრა, დილით კი უკვე ახალი სვირინგით იწონებდა თავს.

პატარა ზომის ჯვარი

მინიმალისტური პატარა ჯვარი ლავიწის ძვალზე არტისტის რწმენის კიდევ ერთი დასტურია.

ტიბეტური წარწერა

წელს ქვემოთ რირის ტიბეტური წარწერა აქვს ამოსვირინგებული, რომელიც ქართულად "შეყვარებულს" ნიშნავს. 

წარწერა სანსკრიტზე

რიანამ სანსკრიტზე დაწერილი ინდუისტური ლოცვის ფრაგმენტის "მიტევება, პატიოსნება, დათრგუნვა და კონტროლი" ამოსვირინგება გადაწყვიტა, თუმცა, როგორც ირკვევა, მუსიკოსის თეძოზე ასოები შეცდომით გადაიტანეს და ტატუზე სინამდვილეში სულ სხვა ფრაზა წერია.

არაბული წარწერა

რირის მარცხენა გვერდზე არაბულ ენაზე წარწერა "თავისუფლება ღმერთშია" აქვს ამოსვირინგებული. 

დრაკონის ბრჭყალი

შემსრულებელს ხელზე დრაკონის ბრჭყალი აქვს გამოსახული. ეს სვირინგი მაორების კულტურაში სიყვარულსა და ძალას განასახიერებს. აღსანიშნავია, რომ ასეთივე ტატუ აქვს ხელზე რიანას ყოფილ შეყვარებულს, კრის ბრაუნს.

XI-IV-LXXXVI

მომღერალს მარცხენა მხარზე რომაული ციფრები XI-IV-LXXXVI (11-4-86) აწერია. ეს მისი საუკეთესო მეგობრისა და მენეჯერის, მელისა ფორდის დაბადების თარიღია. აღსანიშნავია, რომ თავად მელისას ამავე სტილში რირის დაბადების თარიღი აქვს ამოსვირინგებული.

ვარსკვლავი

კიდევ ერთი ტატუ, რომელიც არტისტმა მეგობრობის სიმბოლოდ გაიკეთა, ვარსკვლავია. გამოსახულება მას ყურის ნიჟარაზე აქვს ამოსვირინგებული. "ჩემი საუკეთესო მეგობარი ბარბადოსიდან ნიუ იორკში მესტუმრა. გადავწყვიტეთ, რაიმე სიგიჟე ჩაგვედინა და ორივემ ერთნაირი ტატუები დავიხატეთ", - განმარტა მუსიკოსმა.

Never a failure, always a lesson

სვირინგი "ნებისმიერი მარცხი გაკვეთილია" არტისტის ცხოვრების დევიზია. მომღერალმა სიტყვები უკუღმა დააწერინა, რათა სარკეში ჩახედვისას მისი წაკითხვა ყოველთვის შეძლოს.

rebelle fleur

მომღერლის კისერს ფრანგული წარწერა rebelle fleur ამშვენებს, რაც "მეამბოხე ყვავილს" ნიშნავს.  

თავის ქალა და ძვლები

არტისტს მარცხენა ფეხზე წითელბაფთიანი თავის ქალა და ძვლები ახატია. ეს პირველი ფერადი ტატუა რირის სხეულზე. მომღერალმა სვირინგი 2008 წელს მაიამიში გაიკეთა.  

1988

არტისტმა გადაწყვიტა, საკუთარი დაბადების წელი კოჭის გასწვრივ ამოესვირინგებინა.  

თევზების ასტროლოგიური ნიშანი

რირის კიდევ ერთი ადრეული სვირინგი მარჯვენა ყურის ძირში გამოსახული თევზების ასტროლოგიური ნიშანია. ტატუზე ცნობილმა ბრაზილიელმა არტისტმა იმუშავა, რომელსაც მუსიკოსი ტოკიოში შემთხვევით შეხვდა.

Thug Life

არტისტმა 2012 წელს ლეგენდარული რეპერის, თუფაქ შაკურის პატივსაცემად დროებით თეთრი ტატუ "განგსტერული ცხოვრება" ამოისვირინგა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული