Thumbnail

კურტ კობეინის ჟაკეტი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, კურტ კობეინის ჟაკეტი, რომელიც არტისტს 1993 წელს აკუსტიკური კონცერტების სერიაში MTV Unplugged მონაწილეობისას ეცვა, ნიუ იორკის Hard Rock Cafe-ში გამართულ აუქციონზე Julien's რეკორდულ ფასად, $334,000-ად გაიყიდა.

► სახლი, რომელშიც კურტ კობეინმა თავი მოიკლა, $7,5 მილიონად იყიდება

მოსაცმელი, რომელიც პირველად 2015 წელს ბიზნესმენმა, გარეტ კლეტჯიანმა $140,800-ად შეიძინა, გაურეცხავი და ხელუხლებელია.

"როდესაც ვიყიდე და გავხსენი, მივხვდი, რომ მის მოვლაზე სრული პასუხისმგებლობა უკვე მე მეკისრებოდა. შვილების დაბადებისას სწორედ ასეთი შეგრძნება მქონდა", - იხსენებს აწ უკვე ყოფილი მფლობელი.

ჟაკეტის გარდა, აუქციონზე კურტ კობეინის Fender-ის გიტარა გაიყიდა, რომელზეც მუსიკოსი 1993 წლის ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტებზე უკრავდა. არტისტის ერთ-ერთი საყვარელი ინსტრუმენტი, რომელიც წლების განმავლობაში როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ინახებოდა, $340,000-ად შეიძინეს.

კურტ კობეინმა მუსიკალური კარიერა 1982 წელს დაიწყო, ჯგუფი Nirvana კი 1987 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივს მსოფლიო აღიარება 1991 წლის ალბომმა Nevermind და მასში შესულმა სინგლმა Smells Like Teen Spirit მოუტანა. 1994 წლის 5 აპრილს დეპრესიაში მყოფმა კობეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რის შემდეგაც "ნირვანას" მოღვაწეობა აღარ გაუგრძელებია. 

გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ნამუშევრის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული