Thumbnail

საკულტო შემსრულებლები, რომლებიც გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ჩვეული ენერგიით აგრძელებენ მუშაობას, ახალ ნამუშევრებსაც წერენ და საკონცერტო ტურნეებშიც მონაწილეობენ, კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ასაკი მხოლოდ რიცხვებია. 

ამ სტატიაში სწორედ 70 წელს გადაცილებულ 20 ლეგენდარულ არტისტს იხილავთ და იმასაც გაიგებთ, რას საქმიანობდნენ ისინი უახლოეს წარსულში და რას აპირებენ მომავალში.

პოლ მაკკარტნი (77)

77 წლის პოლ მაკკარტნიმ თავისი მე-17 სოლო ალბომი Egypt Station გასული წლის სექტემბერში გამოუშვა და ბილბორდის ჩარტების სათავეშიც მოექცა. ამჟამად არტისტი რეჟისორ ლი ჰოლთან თანამშრომლობს და მისი მიუზიკლისთვის "ეს მშვენიერი ცხოვრებაა" მუსიკას წერს.  

იგი პოპი (72)

ჯგუფ The Stooges-ის დამფუძნებელი ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი და მსახიობი ასაკის მიუხედავად ისევ მშვენიერ ფორმაშია. პანკის ნათლიად წოდებულმა იგი პოპმა მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ახალი სტუდიური ალბომი Free გამოუშვა და ახლა მომავალი ტურნესთვის ემზადება.  

ბობ დილანი (78)

78 წლის ბობ დილანმა რიგით 38-ე სტუდიური ალბომი Triplicate ორი წლის წინ გამოუშვა, მიმდინარე წლის 19 აპრილს კი ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში "უსასრულო ტურნეს" ფარგლებში თავისი მესამიათასე კონცერტიც გამართა. ლეგენდარული შემსრულებელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას დღემდე აგრძელებს.  

ჯიმი პეიჯი (75)

ლეგენდარული Led Zeppelin-ის დამფუძნებელი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტი 2018 წელს ჯგუფის ორმოცდამეათე იუბილესთან დაკავშირებით გამოცემულ წიგნსა და ალბომის The Song Remains the Same ახალ ვერსიაზე მუშაობდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში კი მუსიკოსი სკარლეტ საბეტის ჩანაწერის Catalyst პროდიუსერად მოგვევლინა. 

ერიკ კლეპტონი (74)

74 წლის ერიკ კლეპტონმა 2018 წლის იანვარში BBC 2-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ტინიტუსი ჰქონდა, ნელ-ნელა სმენას კარგავდა და აღარც ხელები ემორჩილებოდა. თუმცა, ოქტომბერში ერთგულ მსმენელებს ნაადრევი საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და საშობაო ალბომი Happy Xmas გამოუშვა. დღესდღეობით ლეგენდარული მუსიკოსი ევროპული ტურნესთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში იგეგმება. 

რიჩი ბლექმორი (74)

საკულტო ჯგუფების Deep Purple-ისა და Rainbow-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რიჩი ბლექმორმა 2015 წელს სტუდიური ალბომი All Our Yesterdays გამოუშვა. ბოლო პერიოდში კი, საკონცერტო პროგრამებით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის პარალელურად, Rainbow-სთან ერთად თავისივე სიმღერების The Storm! და Black Sheep of the Family განახლებული ვერსიები ჩაწერა. 

პატი სმიტი (72)

72 წლის ლეგენდარულმა შემსრულებელმა 2012 წელს მე-11 სტუდიური ალბომი Banga გამოუშვა და მას შემდეგ, კონცერტებისა და წიგნების გამოცემის პარალელურად, ამერიკულ ექსპერიმენტულ ჯგუფთან Soundwalk Collective თანამშრომლობითაა დაკავებული. მესამე ერთობლივ ჩანაწერს სახელწოდებით Mummer Love მუსიკოსები 8 ნოემბერს გამოუშვებენ.

იან გილანი (74)

Deep Purples-ის ფრონტმენმა ბოლო სტუდიური ალბომი Infinite ჯგუფთან ერთად ორი წლის წინ გამოუშვა და მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე ჩანაწერის მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ თავისუფალ დროს მუსიკოსი სოლო კონცერტებსაც ატარებს. 

ოზი ოსბორნი (70)

ლეგენდარული Black Sabbath-ის ფრონტმენს 3 დეკემბერს 71 წელი შეუსრულდება. ბოლო სტუდიური ალბომი "13" მან ჯგუფთან ერთად 2013 წელს გამოუშვა, 2016-2017 წლებში ბენდის გამოსამშვიდობებელი ტურნეს ფარგლებში მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა და სოლო კარიერას დაუბრუნდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში მუსიკოსმა ამერიკელ ჰიპ ჰოპ არტისტ Post Malone-თან თანამშრომლობით სინგლი Take What You Want ჩაწერა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად მომავალი ტურნე დაგეგმა და, როგორც იუწყება, ახალ ალბომზე მუშაობაც დაასრულა. 

თინა თერნერი (79)

თინა თერნერმა უკანასკნელი კონცერტი 2009 წლის 5 მაისს ჩაატარა და როგორც ინტერვიუებში აღნიშნავს, ამ ეტაპზე შვებულებიდან დაბრუნებას არ გეგმავს. თუმცა, 2017 წელს შემსრულებელმა შვეიცარულ ჯგუფ Beyond-თან ერთად ალბომი Awakening Beyond ჩაწერა, მოგვიანებით კი ავტობიოგრაფიული წიგნი "ჩემი სიყვარულის ისტორიაც" გამოსცა.

ბრაიან ჯონსონი (72)

2014 წელს ბრაიან ჯონსმა ჯგუფ AC/DC-ისთან ერთად ამ დროისთვის ბოლო სტუდიური ალბომი Rock Or Bust გამოუშვა. 2016 წელს მუსიკოსს სმენასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბენდის დატოვება მოუხდა, თუმცა, უკანასკნელი ცნობებით ლეგენდარული შემსრულებელი კოლექტივს დაუბრუნდა და ახალ ჩანაწერებზეც მუშაობს. 

დევიდ გილმორი (73)

ლეგენდარული Pink Floyd-ის წევრმა 2014 წელს ჯგუფის ბოლო სტუდიური ალბომი The Endless River გამოუშვა, ერთი წლის შემდეგ კი, დღის შუქი გილმორის მეოთხე სოლო ჩანაწერმა Rattle That Lock იხილა. თავისი უკანასკნელი საკონცერტო ტურნე საკულტო შემსრულებელმა 2016 წელს გამართა.  

დები ჰარი (74)

2017 წელს დები ჰარიმ ჯგუფ Blondie-ისთან ერთად მორიგი სტუდიური ალბომი Pollinator გამოუშვა. მუსიკოსი კონცერტებით მსოფლიოს გარშემო დღემდე აქტიურად მოგზაურობს, მიმდინარე წლის ოქტომბერში კი მემუარების წიგნი Face It გამოაქვეყნა. 

ელის კუპერი (71)

2017 წელს 71 წლის როკ ვარსკვლავის რიგით მეოცე სოლო ჩანაწერი Paranormal ვიხილეთ. შესაშურად ენერგიულმა შემსრულებელმა ბოლო ხანებში ათეულობით კონცერტი ჩაატარა, სექტემბერში მინიონი Breadcrumbs, ხოლო ივნისში ჯგუფ Hollywood Vampires-თან ერთად ალბომი Rise გამოუშვა და მომავალი კონცერტებიც დაგეგმა. 

სტივენ ტაილერი (71)

Aerosmith-ის დამფუძნებელმა 2012 წელს კოლექტივის ბოლო სტუდიური ალბომი Music from Another Dimension! გამოუშვა, 2016 წელს მსმენელებს პირველი სოლო ჩანაწერი We're All Somebody from Somewhere წარუდგინა, 2017-ში კი ტურნეს Aero-Vederci Baby ფარგლებში საქართველოსაც ესტუმრა. 

რობერტ პლანტი (71)

Led Zeppelin-ის ლეგენდარულმა ფრონტმენმა 2017 წელს ბოლო სტუდიური ჩანაწერი Carry Fire გამოსცა, შარშან კი ალბომის მხარდამჭერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჯგუფ Sensational Space Shifters-თან ერთად საქართველოსაც ეწვია. ბოლო პერიოდში შემსრულებელი მუსიკალური  პოდკასტის Digging Deep წამყვანობითაა დაკავებული და 13 დეკემბერს რვა ფირფიტისგან შემდგარი ბოქს-სეტის გაყიდვაში ჩაშვებასაც გეგმავს. 

როჯერ უოტერსი (76)

როჯერ უოტერსმა 2017 წელს თავისი ბოლო სტუდიური ალბომი Is This the Life We Really Want? გამოუშვა, შემდეგ კი ტურნეს Us + Them ფარგლებში 23 ქვეყანას ეწვია და მოგზაურობის ამსახველი საკონცერტო ფილმიც გამოაქვეყნა. ამჟამად მუსიკოსი ზაფხულში ჩასატარებელ ახალ შოუებს გეგმავს.  

ბრაიან მეი (72)

ლეგენდარული Queen-ის დამფუძნებელმა ბოლო სტუდიური ალბომი Golden Days ბრიტანელ მსახიობთან და მომღერალთან, კელი ელისთან თანამშრომლობით 2017 წელს გამოუშვა. 2019 წელი კი საკუთარ ჯგუფთან და მომღერალ ადამ ლამბერტთან ერთად საკონცერტო ტურნეს The Rhapsody ფარგლებში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში გაატარა. 

მიკ ჯაგერი (76) და კით რიჩარდსი (75)

The Rolling Stones-ის დამფუძნებლების თანამშრომლობის ისტორია უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. 2016 წელს ლეგენდარულმა ჯგუფმა ამ დროისთვის ბოლო სტუდიური ალბომი Blue & Lonesome გამოუშვა. 2019 წლის 5 აპრილს მიკ ჯაგერმა გულის ოპერაცია გაიკეთა, თუმცა, ფორმაში მალევე ჩადგა და საკონცერტო მოღვაწეობა ჩვეული ენერგიით გააგრძელა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული