Thumbnail

5 კონცერტი, რომელიც არეულობასა და ქაოსში გადაიზარდა

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

როგორც წესი, კონცერტები დროის სასიამოვნოდ გატარებასა და გართობასთან ასოცირდება. თუმცა, ზოგჯერ ამა თუ იმ მიზეზის გამო მუსიკალური ღონისძიებები სრული არეულობითა და ქაოსით, ინფრასტრუქტურის დაზიანებით, დამსწრეთა დაკავებითა და რევოლუციითაც კი სრულდება. 

ჩვენს სტატიაში სწორედ ხუთ ასეთ შემთხვევას წარმოგიდგენთ.

5. Suicide-ის კონცერტი ბრიუსელში (1978)

სურვილის შემთხვევაში, ჩვენი ჩამონათვალი შეგვეძლო, მხოლოდ Suicide-ის კონცერტებზე მომხდარი შემთხვევებით შეგვევსო. საკულტო ამერიკული დუეტი კარიერის საწყის წლებში მეტწილად პანკებისგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე უკრავდა, რომელიც სრულიად სხვა ჟღერადობას იყო მიჩვეული. გატეხილ სინთეზატორსა და პრიმიტიულ დრამ-მანქანაზე შესრულებული მონოტონური სიმღერები მსმენელებს ისე აღიზიანებდა, რომ ჯგუფის თითოეული გამოსვლა სისხლიანი შეტაკებით მთავრდებოდა. 

ამ მხრივ განსაკუთრებით დასამახსოვრებელი 1978 წელს ბელგიაში გამართული ტურნე აღმოჩნდა, რომელშიც დუეტი მათი შემოქმედების იშვიათ დამფასებელთაგან ერთ-ერთს, ცნობილ მუსიკოს ელვის კოსტელოს გაჰყვა. ბრიუსელში შეკრებილმა აუდიტორიამ Suicide-ს უსტვინა და ვოკალისტ ალან ვეგას მიკროფონი წაართვა. ამის შემხედვარე კოსტელომ საკუთარი გამოსვლა დროზე ადრე შეწყვიტა. მისმა გადაწყვეტილებამ ცეცხლზე ნავთი დაასხა და ისეთი ქაოსი გამოიწვია, რომ ადგილზე მისულ პოლიციელებს გამძვინვარებული ბრბოს დასამშვიდებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწიათ. 

ამ აუდიოჩანაწერში კომპოზიციის Frankie Teardrop შესრულებისას ამტყდარ ხმაურში, სტვენისა და უცენზურო შეძახილების ფონზე, ალან ვეგას განწირული ყვირილი - "მოკეტეთ, ეს ხომ ფრენკის შესახებაა!" ისმის. 

4. N.W.A.-ის კონცერტი დეტროიტში (1989)

სამართალდამცველთა საწინააღმდეგო მოწოდებები ამ ლეგენდარული ჰიპ ჰოპ კოლექტივის შემოქმედების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ამ მხრივ განსაკუთრებით უკომპრომისო კომპოზიცია Fuck tha Police გახლავთ, რომელშიც მუსიკოსები პოლიციის მხრიდან აფროამერიკელთა სამოქალაქო უფლებების სისტემატური დარღვევების შესახებ საუბრობენ.

საპროტესტო ტრეკის უცენზურო ტექსტმა სამართალდამცველები ისე გააღიზიანა, რომ 1989 წელს დეტროიტში გამართული კონცერტის წინ ჯგუფი წინასწარ გააფრთხილეს, მისი შესრულებისგან თავი შეიკავეთო. თუმცა, მუსიკოსებმა ეს მითითება ყურად არ იღეს, რაც დარბაზში პოლიციის შეჭრით, სრული ქაოსითა და რამდენიმე ადამიანის დაპატიმრებით დასრულდა. დაკავებას ვერც N.W.A.-ის წევრები გადაურჩნენ, რომლებიც ინციდენტიდან რამდენიმე საათში ადგილობრივ სასტუმროში აიყვანეს.

კომპოზიციის ერთ-ერთი ავტორი, ლეგენდარული რეპერი აის ქიუბი ჯონათან როსის შოუში სწორედ ამ ამბავს იხსენებს. 

3. სტრავინსკის "კურთხეული გაზაფხულის" პრემიერა პარიზში (1913)

იგორ სტრავინსკის მიერ დიაგილევის რუსული ბალეტისთვის დაწერილი "კურთხეული გაზაფხულის" პრემიერა პარიზში 1913 წლის 29 მაისს შედგა. ნაწარმოები თავისი ეპოქის სტანდარტებს ბევრად უსწრებდა და არაერთ ექსპერიმენტს მოიცავდა. სწორედ ეს გახდა იმ ავბედით საღამოს დატრიალებული ქაოსის მიზეზი.

ქორეოგრაფიაში გაცოცხლებულმა წარმართულმა ტრადიციებმა და კომპოზიტორ ჯაკომო პუჩინის მიერ "კაკაფონიად" მოხსენიებულმა მუსიკამ მოუმზადებელ მაყურებელში აღშფოთება გამოიწვია. დარბაზში საშინელი ხმაური ატყდა. დამსწრეები უსტვენდნენ, იცინოდნენ, ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებლებს ლანძღავდნენ და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ, აცახცახებული ბალერინები კი კულისებში იმალებოდნენ და ცრემლს ძლივს იკავებდნენ. საბოლოოდ, ვითარების განსამუხტად პოლიციას ორმოცამდე ადამიანის დაკავება მოუხდა. 

დღეს "კურთხეული გაზაფხული" მუსიკის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად ითვლება და 
კლასიკურ რეპერტუარში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ჩაწერილ ნაწარმოებს წარმოადგენს.

2. The Jesus and Mary Chain-ის კონცერტი ლონდონში (1985)

ამ შოტლანდიური პოსტ პანკ კოლექტივის წევრები თვლიდნენ, რომ 1980-იანი წლების დასაწყისი მუსიკის ისტორიის ყველაზე უბადრუკი პერიოდი იყო. მათი აზრით, მსმენელებს მეტი ქაოსი და არეულობა სჭირდებოდათ. ამიტომაც, საკუთარ კონცერტებზე, რომელთა ხანგრძლივობაც ხშირად ოც წუთს არ აღემატებოდა, ამფეტამინით გაჭყეპილები აუდიტორიისადმი ზურგშექცევით იდგნენ, ხაზგასმით უპატივცემულოდ ექცეოდნენ და მის გაღიზიანებას ცდილობდნენ.

1985 წლის 15 მარტს ლონდონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში გამოსვლისას, ბენდმა დამსწრე საზოგადოების წყობიდან გამოსაყვანად ტრადიციულად ძალ-ღონე არ დაიშურა. ცოტა ხანში მსმენელებმა მათი მისამართით ბოთლების სროლა დაიწყეს. ღონისძიებას დაცვა არ ჰყავდა, ამიტომაც, პოლიციის გამოჩენამდე სიტუაცია სრულიად უკონტროლო იყო. არეულობისას მნიშვნელოვნად დაზიანდა დაწესებულების ინფრასტრუქტურა. 

ამ ინციდენტმა ჯგუფის პოპულარობა ერთიორად გაზარდა. არტისტებიც მომხდარით აღფრთოვანებული დარჩნენ და განაცხადეს, ხალხმა იერიში ჩვენზე კი არა, პოპ მუსიკაზე მიიტანაო.

1. ობერის ოპერის "მუნჯი ქალი პორტიჩიდან" დადგმა ბრიუსელში (1830)

და ისევ ბრიუსელი. 1830 წლის აგვისტოში ნიდერლანდების შემადგენლობაში მყოფ ამ ბელგიურ ქალაქში მეფე ვილემ პირველის ტახტზე ასვლიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილი სამდღიანი ფესტივალი იგეგმებოდა, რომელიც ფრანგი კომპოზიტორის, დანიელ ობერის ოპერის "მუნჯი ქალი პორტიჩიდან" დადგმით უნდა დასრულებულიყო.

პატრიოტულ მოტივებზე აგებული ოპერის სიუჟეტი ბელგიელთა იმდროინდელ მეამბოხე განწყობებს ეხმიანებოდა. მათ ზურგს საფრანგეთის რევოლუციის გამოცდილება უმაგრებდა, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის მომხდარი იყო. ბრიუსელის ქუჩებში პლაკატებიც კი გამოჩნდა წარწერით - "ორშაბათს ფეირვერკები, სამშაბათს ილუმინაცია, ოთხშაბათს რევოლუცია". ქალაქი ჰოლანდიელთა წინააღმდეგ აჯანყებისთვის ემზადებოდა. 

და აი, 25 აგვისტოს როიალ დე ლა მონეს თეატრში ოპერის წარმოდგენისას, სპექტაკლის მეორე აქტში სცენიდან გაჟღერებული მოწოდების
Aux armes! Aux armes! ("აისხით იარაღი!") შემდეგ, აუდიტორიის ნაწილმა დარბაზი დატოვა, ბრიუსელის ქუჩებში გავიდა და სახელისუფლებო დაწესებულებებზე იერიში მიიტანა, რაც ქვეყნიდან ჰოლანდიელების განდევნითა და ბელგიის სახელმწიფოს შექმნით დასრულდა.

► 10 კონცერტი, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა

► 10 კონცერტი, რომელზეც მუსიკოსებმა იჩხუბეს

კომენტარები

ბოლოს დამატებული