Thumbnail

პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკის გამო ემინემი აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დაკითხა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკული ინტერნეტ გამოცემა BuzzFeed-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ლეგენდარული დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ემინემი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული კომპოზიციის Framed ჩაწერისა და 2017 წელს შესრულებული ფრისტაილის გამო აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა დაკითხეს.

"ერთ-ერთმა შეწუხებულმა მოქალაქემ შეგვატყობინა, რომ ემინემის სახელით ცნობილმა მარშალ მეზერსმა ახალი კომპოზიცია სახელად Framed გამოუშვა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისამართით შეუსაბამო კომენტარსა და მისი შვილის, ივანკას წინააღმდეგ მუქარას შეიცავდა", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

43-გვერდიანი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ "შეწუხებული მოქალაქე" გამოცემა TMZ-ის თანამშრომელი იყო, რომელმაც საიდუმლო სამსახურს ელექტრონული ფოსტით ემინემის ახალი კომპოზიციის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის ლინკი გაუგზავნა და დაინტერესდა, დაიწყებოდა თუ არა გამოძიება მისი ტექსტის გამო. 

დოკუმენტებში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ეს არ იყო მარშალ მეზერსის მხრიდან პრეზიდენტსა და მის ოჯახზე სიტყვიერი თავდასხმის პირველი შემთხვევა. მსგავსი რამ 2017 წლის ივნისშიც მოხდა, როდესაც ემინემმა ტრამპის საწინააღმდეგო ლირიკის შემცველი ფრისტაილი წაიკითხა. 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შვილთან, ივანკასთან ერთად.

როგორც ჩანს, TMZ-ის ჟურნალისტი საიდუმლო სამსახურისგან საკუთარ წერილზე პასუხის მიღებას იმედოვნებდა. მის გაგზავნამდე რამდენიმე საათით ადრე გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ემინემის მხრიდან ტრამპის კრიტიკას შეეხებოდა. 

საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები რეპერსა და მის ადვოკატებს 2018 წლის 16 იანვარს შეხვდნენ. დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ, როდესაც ისინი ემინემს ფრისტაილის ტექსტს უკითხავდნენ, მუსიკოსი საიდუმლო სამსახურის აგენტებს აყვა და მისი გარეპვა დაიწყო. საბოლოოდ, არტისტის დაკითხვის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქმე ფედერალური პროკურორისთვის გადაცემას არ ექვემდებარებოდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული