Thumbnail

Kanye West: ალბომზე Jesus Is King მუშაობისას, დაუქორწინებელ მუსიკოსებს სექსი ავუკრძალე

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიან მუსიკოს ქანიე ვესთს უაიომინგში ცნობილი ჟურნალისტი ზეინ ლოუი ესტუმრა. მასთან ინტერვიუში სტუდიაში მყოფმა რეპერმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ამბიციურობით განთქმულმა შემსრულებელმა საკუთარ თავს ყველა დროის საუკეთესო არტისტიც უწოდა.

► მოუსმინეთ: ქანიე ვესთი ახალ ალბომს Jesus Is King ავრცელებს

► ქანიე ვესთმა მორიგი ახალი ალბომი დააანონსა 

"უდავო და ეჭვგარეშეა - ყველა დროის საუკეთესო არტისტი მე ვარ. ეს უბრალოდ ფაქტია", - განაცხადა ჩიკაგოელმა რეპერმა.

ვრცელ ინტერვიუში ქანიემ გოსპელ ალბომზე Jesus Is King მუშაობის პროცესიც გაიხსენა:

"ჩანაწერზე მუშაობისას იყო პერიოდი, როდესაც მუსიკოსებს ვაჩქარებდი. ასევე, რაც არ უნდა რადიკალურად ჟღერდეს, დაუქორწინებელ არტისტებს სექსს ვუკრძალავდი".

ვესთმა ჟურნალისტთან სოციალურ ქსელებზეც ისაუბრა, რომლებსაც მუდამ აკრიტიკებს:

"დღეს ხალხი სოციალურ მედიაზეა დამოკიდებული. ის ისეთივე მავნებელია, როგორც სიგარეტი".

არტისტმა აგრეთვე განაცხადა, რომ მან თავად შეძლო მავნე ჩვევების დაძლევა:

"ღმერთის წყალობით მავნე ჩვევები დავძლიე. ზოგიერთი ადამიანი ნარკოტიკზეა დამოკიდებული, მეც მქონდა დამოკიდებულება სექსზე".

მუსიკოსი კანადელ კოლეგასთან, დრეიქთან დაპირისპირებასაც შეეხო:

"ღმერთს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს. იცით, რომელი რეპერი ცხოვრობს ჩემგან 4 სახლის მოშორებით? დრეიქი. არ შეიძლება, ღმერთის სამსახურში იყო და კარის მეზობელ ძმაზე გაბრაზდე. მე შემიძლია, დაცვის გარეშე მივიდე მასთან და ტელეფონის ნომერი დავუტოვო. ზარიც კი არ დავრეკო, უბრალოდ, ნომერი დავტოვო. როდესაც უთანხმოება მოგვივიდა, 6 თვის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა, რამაც ძალიან მატკინა გული".

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული