Thumbnail

Cardi B: ქალ რეპერებს თავის დამკვიდრება გავუადვილე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B მუსიკალური პლატფორმის Tidal პოდკასტში Rap Radar მიიღო მონაწილეობა. როგორც შემსრულებელმა ინტერვიუში განაცხადა, მუსიკალურ ინდუსტრიაში მისი წარმატების შემდეგ, დამწყებმა ქალმა რეპერებმა ბევრად მეტი სარფიანი კონტრაქტი გააფორმეს.

► Cardi B ფილმში Fast & Furious 9 გადაიღეს

"ვგრძნობ, რომ ქალ რეპერებს უადვილდებათ თავის დამკვიდრება. ჩემს გამოჩენამდე ისინი ვერ ახერხებდნენ მსხვილ ლეიბლებში გაწევრიანებას. ახლა საკმარისია, გარეპვა შეეძლოთ, ცოტაოდენი გამომწერი ჰყავდეთ სოციალურ ქსელებში და უკვე უფორმდებათ კონტრაქტები. ლეიბლები ცდილობენ, შანსი არ გაუშვან ხელიდან, რადგან მეც ბევრმა მითხრა უარი და ეს სანანებელი გაუხდათ", -  განაცხადა მუსიკოსმა. 

მას შემდეგ, რაც ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილმა არტისტის განცხადება ზედმეტად ამბიციურად ჩათვალა, ქარდიმ კრიტიკას ტვიტერზე პოსტების სერიით უპასუხა.

"არ ვიჩემებ, რომ ქალ რეპერებს გზა გავუკვალე, მაგრამ მათ ნამდვილად გავუჩინე იმედი. მამაკაცი არტისტები მათთან არ თანამშრომლობდნენ, ლეიბლები კი აფორმებდნენ კონტრაქტებს, მაგრამ შემდეგ ივიწყებდნენ. არ აქცევდნენ სათანადო ყურადღებას. დამისახელეთ შავკანიანი კაცები, რომელთა ტრეკებშიც ქალები მონაწილეობდნენ. ან რომელ სატელევიზიო მუსიკალურ შოუში იწვევდნენ ქალ რეპერებს? ამდენი წლის განმავლობაში, მხოლოდ ორი ქალი მუსიკოსი იყო ასეთი. შეგიძლიათ, ეს ყველაფერი უარყოთ, თქვათ, რომ გავაფრინე ან რაღაც ასეთი, მაგრამ რამდენ რეპერ ქალს ჰქონდა ჩემამდე შანსები, ან რამდენს მიუღია მხარდაჭერა? აქამდე მათ არ ჰქონდათ რწმენა, ახლა კი აქვთ", - წერს ქარდი სოციალურ ქსელში.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული