Thumbnail

დაცვის კომპანიებმა შესაძლოა, Tekashi 6ix9ine-ის მომსახურებაზე უარი განაცხადონ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პატიმრობაში მყოფი რეპერის, Tekashi 6ix9ine-ის საქმეზე სასამართლო განაჩენს 18 დეკემბერს გამოაცხადებს. სწორედ ამ დღეს გაირკვევა, ზუსტად რა დროს გაატარებს მუსიკოსი გისოსებს მიღმა. როგორც ცნობილია, ტეკაში უარს აცხადებს მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვაზე და საპატიმროს დატოვების შემდეგ კარიერის გაგრძელებასა და პირადი მცველების აყვანას აპირებს, რომლებიც მასთან 24 საათის განმავლობაში იქნებიან.

 Tekashi 6ix9ine ციხეში ახალ ალბომზე მუშაობს

► ციხეში მყოფმა Tekashi 6ix9ine-მა ლეიბლთან 10-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

► Tekashi 6ix9ine: ციხიდან გამოსვლის შემდეგ უფრო პოპულარული გავხდები

გამოცემა Complex დაცვის კომპანიებს ესაუბრა და გაარკვია, რომ 24-საათიანი მეთვალყურეობა ტეკაშის რამდენიმე მილიონი დაუჯდება. მათი თქმით, სიქსნაინის დაცვა შესაძლებელია, თუმცა, რისკის შემცველი და ძალიან ძვირი.

"წარმატებული რეპერები სარგებლობენ დაცვის მომსახურებით, თუმცა, 24-საათიანი მეთვალყურეობა უნიკალური მოვლენაა. ეს დიდ ფინანსებსა და დამატებით ადამიანურ რესურსს საჭიროებს. მით უმეტეს, როცა საქმე ასეთი გახმაურებული საქმის მონაწილეს ეხება. თანაც ვიცით, რომ კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან არსებობს შურისძიების საფრთხე, რაც კლიენტის დაცვის კუთხით კარგად გაწერილ გეგმასა და მცველების შესაბამის აღჭურვილობას მოითხოვს" , - ამბობს ერთ-ერთი კომპანიის Shadow Group Security დამაარსებელი და ტეკაშის დაცვის ყოფილი წევრი შამირ ბოლივარი.

სხვა დაცვის კომპანიების განცხადებით, მათთან ერთწლიანი მომსახურება საშუალოდ 1,09-1,2 მილიონი ჯდება, თუმცა, არსებული საფრთხისა და სიქსნაინის მიერ მოთხოვნილი რეჟიმის გათვალისწინებით, მუსიკოსს ბევრად მეტის გადახდა მოუწევს. 

ექსპერტების ვარაუდით, მაღალი რისკის გამო, შესაძლოა, ტეკაშის დაცვაზე კომპანიებმა უარი განაცხადონ, რადგან თავად მცველების უსაფრთხოება არ იქნება გარანტირებული.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Bloods წევრები არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებს. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული