Thumbnail

10 ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური ვიდეორგოლი

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

საიდუმლო არაა, რომ ამა თუ იმ კომპოზიციაზე გადაღებულ ვიდეოს ჩანაწერის პოპულარობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. სწორედ ამიტომ, არტისტები და მათი ლეიბლები შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად ხშირად მილიონების ხარჯვასაც არ ერიდებიან.

ჩვენს სიაში მუსიკის ისტორიაში ათ ყველაზე ძვირადღირებულ ვიდეორგოლს წარმოგიდგენთ.

10. Puff Daddy ft. The Notorious B.I.G. & Busta RhymesVictory (1998)

$ 2,700,000 

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტების ერთობლივ ვიდეორგოლში მთავარ როლებს ისეთი გამოჩენილი მსახიობები ასრულებენ, როგორებიც არიან დენის ჰოპერი და დენი დე ვიტო. კლიპის გადაღებისას განსაკუთრებით ძვირი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმით The Running Man შთაგონებული გარემოსა და დეკორაციების შექმნა დაჯდა. შედეგად პროექტის საერთო ხარჯმა 2,7 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

9. Aqua - Cartoon Heroes (2000)

$ 3,500,000 

2000 წელს კომპიუტერული გრაფიკა გაცილებით ძვირადღირებულ სიამოვნებას წარმოადგენდა, ვიდრე დღეს. სწორედ ამიტომ, დანიურ ევროდენს კოლექტივს კომპოზიციაზე Cartoon Heroes ვიდეორგოლის გადაღება 3,5 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. თუმცა, კოლოსალური ხარჯების მიუხედავად, ტრეკმა ბენდის წინა ჰიტის Barbie Girl მსგავს წარმატებას მაინც ვერ მიაღწია.

8. Lil Dicky - Earth (2019)

$ 4,000,000

ლილ დიქის ფსევდონიმით ცნობილი რეპერისა და კომიკოსის, დევიდ ბერდის ანიმაციური კლიპის Earth შექმნაში მონაწილეობა ლეონარდო დიკაპრიომ, ჯასტინ ბიბერმა, მაილი საირუსმა, ედ შირანმა და სხვა სუპერვარსკვლავებმა მიიღეს. ეკოლოგიური პრობლემებისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი 4 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, თუმცა, მუსიკის კრიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, გაცილებით გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა, ეს თანხა სხვაგვარად დახარჯულიყო. 

7. Gwen Stefani - Make Me Like You (2016)

$ 4,000,000

ამერიკელი არტისტის, გვენ სტეფანის Make Me Like You ისტორიაში ერთადერთი მუსიკალური ვიდეორგოლია, რომლის გადაღების პროცესმა და პრემიერამ ერთდროულად, პირდაპირ ეთერში ჩაიარა. გრემის 58-ე დაჯილდოების ცერემონიაზე დადგმული, ძვირადღირებული დეკორაციებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით გაფორმებული სანახაობა სულ რაღაც 4 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

6. Michael Jackson - Black or White (1991)

$ 4,000,000

პოპის მეფის ამ ვიდეორგოლში სხვა გამოჩენილ მსახიობებთან ერთად პოპულარული საშობაო კომედიიის "მარტო სახლში" ვარსკვლავი მაკოლეი კალკინიც მონაწილეობს. გვენ სტეფანისა და ლილ დიქის ზემოხსენებული ნამუშევრების მსგავსად, Black or White-ის შექმნაც თავის დროზე 4 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. თუმცა, ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს ეს თანხა დაახლოებით 7,3 მილიონის ექვივალენტია. 

5. Guns N' Roses - Estranged (1993)

$ 5,000,000

პოპულარული ამერიკული როკ კოლექტივის კომპოზიციებზე Don't Cry, November Rain და Estranged გადაღებული ვიდეორგოლები ტრილოგიას ქმნის, რომლის შინაარსიც ჯგუფის წევრების ახლო მეგობრის, დელ ჯეიმსის მოთხრობით Without You არის შთაგონებული. შთამბეჭდავი სერიის ღირსეულად დასამთავრებლად მუსიკოსებს ფული არ დაენანათ და მის უკანასკნელ ნაწილზე 5 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს.

4. Madonna - Bedtime Story (1995)

$ 5,000,000

ამერიკელმა რეჟისორმა, მარკ რომანეკმა მელოდრამით Never Let Me Go წარმატების მოპოვებამდე არაერთი მუსიკალური ვიდეორგოლი გადაიღო, რომელთა სიაში ლეგენდარულ მადონას კომპოზიციაზე Bedtime Story შექმნილი კლიპიც შედის. 1990-იანი წლების კვალობაზე ძალზე შთამბეჭდავი კომპიუტერული ეფექტების მქონე ნამუშევარი 5 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

3. Madonna - Express Yourself (1989)

$ 5,000,000

კვლავ პოპის დედოფალი და 5 მილიონი აშშ დოლარი. კლიპის ავტორის როლში კი ამჯერად ლეგენდარული დევიდ ფინჩერი მოგვევლინა. მის მიერ კომპოზიციაზე Express Yourself გადაღებული ვიდეორგოლის ვიზუალი და შინაარსი გერმანელი რეჟისორის, ფრიც ლანგის 1927 წლის საკულტო სურათით, "მეტროპოლისითაა" შთაგონებული. აღსანიშნავია, რომ 1995 წლამდე ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური კლიპების ჩამონათვალს სწორედ ეს ვიდეო ლიდერობდა. 

2. Madonna - Die Another Day (2002)

$ 6,100,000

მუსიკის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული კლიპების ათეულში მადონა ყველაზე მეტი, სამი ნამუშევრითაა წარმოდგენილი. კომპოზიცია Die Another Day ჯეიმს ბონდის შესახებ შექმნილი ფილმების სერიიდან ამავე სახელწოდების მქონე სურათის მთავარი მუსიკალური თემაა. მისი მიხედვით ვიდეორგოლის გადაღება კი 6,1 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

1. Michael Jackson & Janet Jackson - Scream (1995)

$ 7,000,000

გასაკვირი არაა, რომ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული კლიპი პოპ მუსიკის ისტორიაში უდიდეს ვარსკვლავს ეკუთვნის. მაიკლ ჯექსონისა და მისი დის, ჯენეტ ჯექსონის ერთობლივ კომპოზიციაზე Scream ვიდეორგოლის გადაღება 7 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, რაც დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. ნამუშევრის რეჟისორად ამ შემთხვევაშიც მარკ რომანეკი მოგვევლინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული