Thumbnail

7 უცნაური მასალა, რომლისგანაც ფირფიტების დამზადება შეიძლება

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

1940-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე გრამფირფიტები ძირითადად პოლივინილქლორიდისგან მზადდება. სწორედ ამიტომ, სიტყვა "ფირფიტა" და ამ ნივთიერების შემოკლებული სახელწოდება "ვინილი" ხშირად სინონიმებადაც კი გამოიყენება.

თუმცა, ჩვენი სტატია დაგარწმუნებთ, რომ ჭეშმარიტი ენთუზიასტები ექსპერიმენტებს არასდროს ერიდებიან და მუსიკის ჩასაწერად ხშირად სრულიად სხვა, საკმაოდ უცნაურ და ორიგინალურ მასალებს იყენებენ. 

7. რეზინი

მას შემდეგ, რაც 3D პრინტერით არაერთი საინტერესო ნივთი დამზადდა, ჯერი ჩანაწერებზეც მიდგა. მელომანმა ინჟინრებმა სპეციალური პროგრამა დაწერეს, რომელიც შერჩეული კომპოზიციისთვის 12-დიუმიანი ფირფიტის ვირტუალურ მოდელს ქმნის, შემდეგ კი მისი გამოყენებით რეზინის დისკებს ბეჭდავს.

6. ოქრო

NASA-მ დედამიწის ხმებისა და ჩვენი პლანეტის შესახებ არსებული სხვა ინფორმაციის ჩასაწერად ოქროთი დაფარული სპილენძის ფირფიტები დაამზადა. ისინი ალუმინის კონტეინერში მოათავსეს და 1977 წელს ზონდ Voyager-ს კოსმოსში გაატანეს. აღსანიშნავია, რომ უცხოპლანეტელებისთვის გაგზავნილ სიმღერებს შორის ქართული "ჩაკრულოც" მოხვდა.  

5. მინა

დისკებზე ხმის ჩაწერის ერთ-ერთი პიონერი ლეგენდარული ალექსანდერ ბელი იყო. 1885 წელს მან მერისა და ბატკნის შესახებ ცნობილი ლექსი მინისგან დამზადებულ ფირფიტაზე ამოკაწრა, მაგრამ მასალის სიმყიფისა და ჩანაწერის დაბალი ხარისხის გამო, მის გამოყენებაზე უარი მალევე თქვა. მინის ფირფიტებს ახლა იშვიათად თუ შეხვდებით, თუმცა, ზოგიერთი ენთუზიასტი საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწყებულ ექსპერიმენტებს დღემდე აგრძელებს.

4. რენტგენის ფირი

საბჭოთა კავშირში აკრძალულ დასავლელ შემსრულებლებს შირად იმ ფირფიტებიდან უსმენდნენ, რომლებზეც უცნობი ადამიანების ძვლები იყო გამოსახული. საქმე იმაშია, რომ არალეგალური ჩანაწერების დასამზადებლად შავ ბაზარზე მოვაჭრეები ყველაზე იაფ და ხელმისაწვდომ მასალას, რენტგენის ძველ სურათებს იყენებდნენ.

3. შოკოლადი

შოკოლადის ფირფიტების ჩამოსხმა გერმანულმა ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანიამ Stollwerck ჯერ კიდევ 1903 წელს დაიწყო. მსგავს ჩანაწერებს დღესაც არაერთი კონდიტერი ამზადებს. სასუსნავის მოყვარული მელომანებისთვის საკუთარი ალბომის By Your Side ტკბილი ვერსია ფრანგმა დიჯეიმ Breakbot-მაც გამოუშვა და ინსტრუქციაც მოაყოლა - ჯერ მოუსმინეთ, შემდეგ კი შეჭამეთო.

2. ყინული

შვედურმა ბენდმა Shout Out Louds საკუთარი ალბომის Optica სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ათ ყველაზე იღბლიან მსმენელს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა და შესაძლებლობა მისცა, ჩანაწერის შემცველი ფირფიტა თავადვე შეექმნათ. როგორც ვიდეოში ხედავთ, ამისთვის მხოლოდ ყალიბის წყლით ავსება და გაყინვაა საჭირო. 

1. ხე

ლაზერის საშუალებით დამზადებული ხის ფირფიტა საკმაოდ ლამაზად გამოიყურება, თუმცა, ამ მასალას ერთი სერიოზული ნაკლი აქვს. მასზე დატანილი ჩანაწერი იმდენად უხარისხოა, რომ ზოგიერთი სიმღერის ამოცნობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული